Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0027 467040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



რატომ სჭირდება კონკურენციას დაცვა
 
ბოლო განახლება: 2016-01-01

რატომ არის საჭირო კონკურენციის დაცვა?

სამომხმარებლო საქონელი იწარმოება იმისთვის, რომ მოვიხმაროთ. ისტორიამ აჩვენა, რომ მოხმარებასა და წარმოებას შორის საუკეთესო უკუკავშირი თავისუფალი ბაზარია. საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პარადიგმა მდგომარეობს იმაში, რომ ბაზრის მოთამაშეები დამოუკიდებლად და თავისუფლად განსაზღვრავენ, თუ რა გაყიდონ და რა შეიძინონ. თავისუფალი ბაზარი და მასზე პროდუქციის ფასის თავისუფალი ცვლილება შესაძლებლობას აძლევს მეწარმეს დაადგინოს, რა პროდუქცია სჭირდება მომხმარებელს - და სწორედ ის აწარმოოს. ანუ, საბოლოოდ, თავისუფალ ბაზარზე მომხმარებელი განსაზღვრავს, თუ რა უნდა იწარმოებოდეს.

თუმცა იმისთვის, რომ რესურსების ეფექტური გამანაწილებლის როლი შეასრულოს, აუცილებელია ბაზარი „თავისუფალი“ იყოს. ეს ნიშნავს შეთავაზებისა და არჩევანის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. არჩევანი კი გულისხმობს მრავალფეროვნებას - პირველ რიგში ფასისა და ხარისხის, აგრეთვე სხვა მახასიათებლების მიხედვით. ამდენად არჩევანისთვის გადამწყვეტია ბაზარზე მსგავსი, მაგრამ მრავალფეროვანი საქონლის არსებობა და ამ საქონლის შეჯიბრება. სწორედ ეს არის კონკურენცია.

რატომ აქვს მეწარმეს კონკურენციის შეზღუდვის ცდუნება?

მეწარმის ძირითადი მამოძრავებელი ძალა არის მოგება. მოგება მით მეტია, რაც ნაკლებია დანახარჯები პროდუქციის წარმოებაზე და მეტია მისი გასაყიდი ფასი. თუ პროდუქტი თავისუფალ ბაზარზე იყიდება, მომხმარებლის მოსაზიდად მეწარმე იძულებულია შეამციროს პროდუქციის გასაყიდი ფასი და გააუმჯობესოს მისი ხარისხი - ანუ გაზარდოს პროდუქციის წარმოებაზე გაწეული დანახარჯები. შედეგად, გაწონასწორებულ კონკურენტულ ბაზარზე მეწარმის მოგება მინიმალურია. მაგრამ თუკი მეწარმემ რაიმე საშუალებით მოახერხა კონკურენციის მოსპობა და „დაიბევა“ მომხმარებლები, რომლებიც იძულებულნი არიან პროდუქტი მხოლოდ მისგან შეიძინონ, მას შეუძლია გაზარდოს გასაყიდი ფასი და გააუარესოს პროდუქციის ხარისხი (და ამით შეამციროს პროდუქციის წარმოებაზე გაწეული დანახარჯები) - პროდუქტი მაინც გაეყიდება და მეწარმე გაცილებით მაღალ მოგებას მიიღებს. გასაგებია, რომ ყველა მეწარმეს აქვს ბუნებრივი მისწრაფება კონკურენციისგან „თავის დაძვრენისკენ“ - ეს ხომ მას უფრო იოლ და უფრო მაღალ მოგებას უქადის.

კონკურენციის დარღვევის/შეზღუდვის სამი ძირითადი ტიპი არსებობს:

  • კონკურენციის შეზღუდვა ერთი მეწარმის მიერ, დამოუკიდებლად (მონოპოლია, ოლიგოპოლია, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება);
  • კონკურენციის შეზღუდვა რამოდენიმე მეწარმის მიერ ერთობლივად (კარტელი, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები და ერთობლივი ქმედებები);
  • კონკურენციის შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ (რომელიმე მეწარმის ან ნეწარმეთა ჯგუფის დახმარება ან პირიქით, შეზღუდვა).

კონკურენციის შეზღუდვა და მოსპობა ყოველთვის საზიანოა მომხმარებლისთვის: მას უწევს პროდუქტში მეტი ფასის გადახდა, იღებს უფრო მდარე ხარისხის პროდუქტს და მომსახურებას. გარდა ამისა, კონკურენციის მოსპობა ან შეზღუდვა საზიანოა საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისთვის. მეტი მოგების ძიება ხომ აიძულებდა მეწარმეებს პროდუქტის უფრო იოლად და იაფად წარმოების გზები ეძებნათ, ეს კი ტექნოლოგიური პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. კონკურენციის გაქრობისას ეს მამოძრავებელი ქრება და ტექნოლოგიური პროგრესი ჩერდება.

რომ შევაჯამოთ: მეწარმეთა კონკურენცია, თავისუფალი ბაზარი არის ის ველი, სადაც მეწარმისა და საზოგადოების ინტერესები ურთიერთბალანსდება. მეწარმე მუდმივად, ბუნებრივად ეცდება კონკურენციას „დაუძვრეს“. მომხმარებლის და ტექნოლოგიური პროგრესის ინტერესებისასთვის საზოგადოება ასევე მუდმივად უნდა ცდილობდეს დაიცვას და შეინარჩუნოს თავისუფალი კონკურენცია ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: