I ოქმი
„საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ
მიღებულია საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ქვეკომიტეტის №1/2018 გადაწყვეტილებით, 2018 წლის 20 მარტს. ოქმის პირველადი ვერსია იხ. აქ.
მუხლი 1
შესაბამისი წარმოშობის წესები
1. ამ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნებისთვის გამოიყენება „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენცის" [1] (შემდგომში – კონვენცია) I დანართი და II დანართის შესაბამისი დებულებები.
2. ნებისმიერი მითითება „შესაბამის შეთანხმებაზე“ კონვენციის I დანართსა და II დანართის შესაბამის დებულებაზე განმარტებული იქნება როგორც მითითება ამ შეთანხმებაზე.
მუხლი 2
დავების მოგვარება
1. კონვენციის I დანართის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ შემოწმების პროცედურასთან წარმოშობილი დავები, რომელთა გადაწყვეტაც ვერ მოხდება შემოწმების მომთხოვნ საბაჟო უწყებასა და შემოწმების განხორციელებაზე პასუხისმგებელ საბაჟო უწყებას შორის, წარედგინება საბაჟო ქვეკომიტეტს. ამასთან, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავით (დავების მოგვარება) გათვალისწინებული დებულებები, დავების მოგვარების მექანიზმების თაობაზე.
2. ნებისმიერ შემთხვევაში, დავები იმპორტიორისა და იმპორტიორი სახელმწიფოს საბაჟო უწყებას შორის უნდა მოგვარდეს ამ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3
ოქმში ცვლილებების შეტანა
საბაჟო ქვეკომიტეტმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ამ ოქმის დებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მუხლი 4
კონვენციიდან გასვლა
1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ან ევროკავშირი კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, წერილობით წარადგენს შეტყობინებას კონვენციის დეპოზიტართან კონვენციიდან გასვლის შესახებ, საქართველო და ევროკავშირი დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ამ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნებისთვის წარმოშობის წესების განსაზღვრის თაობაზე.
2. ახლად შეთანხმებული წარმოშობის წესების ძალაში შესვლამდე, ამ შეთანხმების მიზნებისთვის გამოიყენება კონვენციიდან გასვლის მომენტისთვის ძალაში მყოფი I დანართი და II დანართის შესაბამისი დებულებები. ამასთან, გასვლის მომენტისთვის ძალაში მყოფი I დანართი და II დანართის შესაბამისი დებულებები განმარტებულ იქნება ისე, რომ არსებობდეს ორმხრივი კუმულაციის საშუალება, მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის შორის.
მუხლი 5
გარდამავალი დებულებები –კუმულაცია
კონვენციის I დანართის მე-16(5) მუხლის და 21(3) მუხლის დანაწესების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც კუმულაცია მოიცავს მხოლოდ EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის) სახელმწიფოებს, ფარერის კუნძულებს, ევროკავშირს, თურქეთს, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეებს და მოლდოვას რესპუბლიკას და საქართველოს, წარმოშობის დადგენის მიზნებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაადგილების სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია“.
-------------------------
[1] OJ L 54, 26.2.2013, გვ. 4. (კონვენციის ქართული თარგმანი იხ. აქ)
II ოქმი
საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ
მუხლი 1
განსაზღვრებები
ამ ოქმის მიზნებისათვის:
(a) „საბაჟო კანონმდებლობა“ ნიშნავს, მხარის ტერიტორიაზე მოქმედ, ნებისმიერ სამართლებრივ ან ნორმატიულ აქტებს რომელიც არეგულირებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს, ტრანზიტს და ნებისმიერ სხვა საბაჟო რეჟიმში ან პროცედურაში მოქცევას, მათ შორის აკრძალვის, შეზღუდვის და კონტროლის ზომებს;
(b) “თხოვნის წარმდგენი უწყება“ ნიშნავს, მხარის მიერ ამ მიზნებისათვის განსაზღვრულ, კომპეტენტურ ადმინისტრაციულ უწყებას რომელიც, ამ ოქმის საფუძველზე, წარადგენს თხოვნას დახმარების თაობაზე;
(c) “თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაცია“ ნიშნავს, მხარის მიერ ამ მიზნებისათვის განსაზღვრულ, კომპეტენტურ ადმინისტრაციულ უწყებას რომელიც, ღებულობს, ამ ოქმის საფუძველზე, წარმოდგენილ თხოვნას დახმარების თაობაზე;
(d) “პირადი მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი პირების შესახებ;
(e) “ოპერაცია რომელიც არღვევს საბაჟო კანონმდებლობას“ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობას;
მუხლი 2
მოქმედების სფერო
1. მხარეები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას, თავიანთი კომპეტენციის სფეროში, ამ ოქმში განსაზღვრული პირობების შესაბამისად საბაჟო კანონმდებლობის, განსაკუთრებით კი საბაჟო სამართალდარღვევების პრევენციის, გამოძიების და მათთან ბრძოლის ქმედებების უზრუნველყოფის მიზნით.
2. საბაჟო საკითხებში, ამ ოქმით გათვალისწინებული დახმარება, გავრცელდება მხარეების ნებისმიერ ადმინისტრაციულ უწყებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ამ ოქმის გამოყენებაზე. ის გავლენას ვერ მოახდენს ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ შეთანხმებებზე. ასევე ის არ გავრცელდება სასამართლო ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების საფუძველზე გაცვლილ ინფორმაციაზე გარდა იმ შემთხვევებისა როცა ასეთი ინფორმაციის გადაცემა ნებადართულია ამ უწყების მიერ.
3. ეს ოქმი არ ითვალისწინებს დახმარებას ტარიფების, გადასახადების ან ჯარიმების დაბრუნებაში
მუხლი 3
დახმარება მოთხოვნის საფუძველზე
1. თხოვნის წარმდგენი უწყების თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები უწყება უზრუნველყოფს, თხოვნის წარმდგენ უწყებას, შესაბამისი ინფორმაციით რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს თხოვნის წარმდგენი უწყების მიერ საბაჟო კანონმდებლობის სათანადო აღსრულების უზრუნველყოფისთვის, მათ შორის იმ ინფორმაციით რომელიც შეეხება ჩანიშნულ ან დაგეგმილ ქმედებებს, რომლებიც არის ან შეიძლება იყოს საბაჟო წესების დარღვევა
2. თხოვნის წარმდგენი უწყების თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაცია თხოვნის წარმდგენ საბაჟო ადმინისტრაციას მიაწვდის ინფორმაციას:
(a) არის თუ არა ერთი მხარიდან ექსპორტირებული საქონელი სათანადოდ იმპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიაზე, შესაბამის შემთხვევებში საქონლის მიმართ ჩატარებული საბაჟო პროცედურის დაკონკრეტებით;
(b) არის თუ არა ერთ მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი სათანადოდ ექსპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიიდან, შესაბამის შემთხვევებში საქონლის მიმართ ჩატარებული საბაჟო პროცედურის დაკონკრეტებით
3. თხოვნის წარმდგენი უწყების თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები უწყება, სამართლებრივი და ნორმატიული უფლებამოსილებების ფარგლებში, გადადგამს სათანადო ნაბიჯებს რათა უზრუნველყოს ზედამხედველობა:
(a) ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე რომლების მიმართაც წარმოიშობა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მონაწილეობენ ან მონაწილეობდნენ საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციებში;
(b) იმ ადგილებზე, სადაც საქონელი დასაწყობებულია ან შეიძლება დასაწყობდეს ისეთ ვითარებაში, რომელიც წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქონელი გამიზნულია საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციაში გამოსაყენებლად;
(c) იმ საქონლის შესახებ, რომელის გადაზიდვა ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს ისეთი მეთოდით, რომელიც წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქონელი გამიზნულია საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციაში გამოსაყენებლად;
(d) სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ისე, რომ წარმოიქმნება საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ისინი განკუთვნილია საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციაში გამოსაყენებლად.
მუხლი 4
ნებაყოფლობითი დახმარება
მხარეები ერთმანეთს გაუწევენ ურთიერთდახმარებას, საკუთარი ინიციატივით, მათი სამართლებრივი და ნორმატიული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ ისინი მიიჩნევენ რომ ეს აუცილებელია საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებისათვის, აღნიშნული განხორციელდება იმ ინფორმაციის გაცვლით, რომელიც შეეხება:
(a) ქმედებებს, რომლებიც წარმოადგენენ საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციას და რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მეორე მხარისათვის;
(b) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ოპერაციებში გამოყენებულ ახალი საშუალებებს ან მეთოდებს;
(c) იმ საქონელს, რომელის შესახებაც ცნობილია, რომ ის არის საბაჟო წესების დარღვევის სუბიექტი;
(d) ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მონაწილეობენ ან მონაწილეობდნენ საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციებში;
(e) სატრანსპორტო საშუალებებს შესახებ, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებული იქნას საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციებში გამოსაყენებლად.
მუხლი 5
მიწოდება და ნოტიფიკაცია
1. თხოვნის წარმდგენი უწყების თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები უწყება, შესაბამისი სამართლებრივი და ნორმატიული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელებს ყველა შესაბამის ზომებს, რათა ამ ოქმის ფარგლებში უზრუნველყოს თხოვნის წარმდგენი უწყების ნებისმიერი საბუთის მიწოდება ან ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იმ პირისათვის, რომელიც ცხოვრობს თხოვნის მიმღები უწყების ტერიტორიაზე.
2. თხოვნა დოკუმენტებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ გაკეთდება წერილობით თხოვნის მიმღები უწყების ოფიციალურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე რომელიც მისაღებია ამ უწყებისთვის.
მუხლი 6
დახმარების თხოვნის ფორმა და შინაარსი
1. ამ ოქმის თანახმად გაკეთებული თხოვნა გაკეთდება წერილობით. მას დაერთვის თხოვნის შესასრულებლად აუცილებელი დოკუმენტები. გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში, შესაძლებელია ზეპირი თხოვნის გაკეთება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დამოწმდეს წერილობით.
2. პირველი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(a) მოთხოვნის გამგზავნი უწყება;
(c) მოთხოვნის ობიექტი და მიზეზი;
(d) სამართლებრივი და ნორმატიული დებულებები და სხვა დაკავშირებული საკანონმდებლო ელემენტები;
(e) მაქსიმალურად ზუსტი და ყოვლისმომცველი მონაცემები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომლებიც არიან შესწავლის ობიექტები, და
(f) შესაბამისი ფაქტებისა და განხორციელებული მოკვლევის რეზიუმე.
3. თხოვნის წარმოდგენა ხდება თხოვნის მიმღები უწყების ოფიციალურ ენაზე ან იმ ენაზე რომელიც მისაღებია ასეთი უწყებისათვის. ეს მოთხოვნა არ გავრცელდება ნებისმიერ დოკუმენტზე რომელიც თან დაერთვის თხოვნას 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
4. თუ თხოვნა არ აკმაყოფილებს, ამ მუხლით განსაზღვრულ ოფიციალურ მოთხოვნებს, შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას მისი შესწორება ან სრულყოფა, მიმდინარე პერიოდში შესაძლებელია მიღებული იქნას პრევენციული ზომები.
მუხლი 7
თხოვნის შესრულება
1. დახმარების მოთხოვნის შესრულების მიზნით, მოთხოვნის მიმღები უწყება, თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ისე, თითქოს მოქმედებდეს დამოუკიდებლად ან მისი მხარის სხვა უწყების თხოვნით, მიაწვდის თხოვნის წარმდგენ უწყებას მის განკარგულებაში არსებულ ინფორმაციას, ჩაატარებს შესაბამის მოკვლევას ან უზრუნველყოფს მის ჩატარებას. ეს წესი ასევე ვრცელდება ნებისმიერ სხვა უწყებაზე, რომელსაც მიმართა თხოვნის მიმღებმა უწყებამ თუ ამ უკანასკნელს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება.
2. თხოვნა დახმარების შესახებ განხორციელდება თხოვნის მიმღები მხარის სამართლებრივი და ნორმატიული აქტების თანახმად.
3. ერთი მხარის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლებს, მეორე მხარის თანხმობით და უკანასკნელის მიერ განსაზღვრული პირობების ფარგლებში, პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, შეუძლიათ მიიღონ თხოვნის მიმღები უწყების ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი უწყების ოფისებში, ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომლებიც არის ან შესაძლებელია იყოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც სჭირდება თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს ამ ოქმის მიზნებისთვის.
4. ერთი მხარის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს შეუძლიათ, მეორე მხარის თანხმობით და უკანასკნელის მიერ განსაზღვრული პირობების ფარგლებში, დაესწრონ უკანასკნელის ტერიტორიაზე განხორციელებულ მოკვლევას.
მუხლი 8
ინფორმაციის მიწოდების ფორმა
1. თხოვნის მიმღები უწყება მიაწვდის მოკვლევის შედეგებს თხოვნის წარმდგენ უწყებას წერილობით, შესაბამისი დოკუმენტების დამოწმებულ ასლებთან ან სხვა მასალებთან ერთად.
2. ეს ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს კომპიუტერიზებული ფორმით.
3. საბუთების დედნების გადაცემა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დამოწმებული ასლები არასაკმარისია. ეს დედნები უნდა დაბრუნდეს პირველივე შესაძლებლობისას.
მუხლი 9
გამონაკლისები დახმარების გაწევის ვალდებულებაში
1. დახმარება შეიძლება უარყოფილი იყოს ან დაექვემდებაროს გარკვეულ პირობებს ან მოთხოვნებს, თუ მხარე მიიჩნეს რომ ოქმით გათვალისწინებულმა დახმარებამ:
(a) შესაძლებელია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან იმ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც ამ ოქმის შესაბამისად ეთხოვა დახმარება;
(b) შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სახელმწიფო პოლიტიკას, უშიშროებას ან სხვა სასიცოცხლო ინტერესებს, კერძოდ კი, ამ ოქმის მუხლი 10(2)-ით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ან
(c) შესაძლებელია გასცეს სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება.
2. თხოვნის მიმღებ უწყებას შეუძლია მოახდინოს თხოვნის გადავადება, იმ საფუძველით რომ ის ხელს შეუშლის მიმდინარე გამოძიებას, სასამართლო წესით დევნას ან სამართალწარმოებას. ასეთ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები უწყება კონსულტაციებს ატარებს თხოვნის წარმდგენ უწყებასთან იმისათვის რომ დაადგინოს დახმარების გაწევა შესაძლებელია თუ არა თხოვნის მიმღები უწყების მიერ განსაზღვრული წესებისა და პირობების დაცვით.
3. თუ თხოვნის წარმდგენი უწყება ითხოვს ისეთ დახმარებას, რომლის გაწევაც ამგვარი თხოვნის შემთხვევაში თვითონ არ ძალუძს, იგი ამ გარემოებაზე გააკეთებს მინიშნებას თავის თხოვნაში. ასეთ თხოვნაზე რეაგირების გადაწყვეტილებას იღებს თხოვნის მიმღები უწყება.
4. პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების შესახებ, თხოვნის მიმღები უწყების, გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს თხოვნის წარმდგენ უწყებას.
მუხლი 10
ინფორმაციის გაცვლა და კონფიდენციალობა
1. ამ ოქმის საფუძველზე რაიმე ფორმით გაცვლილი ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება ატარებდეს კონფიდენციალურ და შეზღუდულ ხასიათს, მხარეების შესაბამისი წესების თანახმად. ამ ინფორმაციაზე გავრცელდება ოფიციალური საიდუმლოების ვალდებულება იმავე ფარგლებში როგორითაც სარგებლობს მსგავსი ინფორმაცია მიმღები მხარის ტერიტორიაზე, შესაბამისი კანონმდებლობის და კავშირის ორგანოების მიმართ მოქმედი სათანადო ნორმების თანახმად.
2. პირადი ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მიმღები მხარე კისრულობს ვალდებულებას დაიცვას ეს ინფორმაცია იმ დონეზე რომელიც მიჩნეულია ადექვატურად მიმწოდებელი მხარის მიერ.
3. ამ ოქმის შესაბამისად მოპოვებული, ინფორმაციის გამოყენება, იმ ადმინისტრაციულ ან სამართლებრივ წარმოებაში, რომელიც დაწყებულია საბაჟო წესების დარღვევის საფუძველზე, მიჩნეულია ოქმის მიზნების განხორციელებად. შესაბამისად მხარეებს შეუძლია თავის მტკიცებულებების რეესტრში, ჩვენებებში და სასამართლოში წარმოდგენილ საქმეებსა და ბრალდებებში გამოიყენოს მტკიცებულებების ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლების გაცვლაც მოხდა ამ ოქმის საფუძველზე. უწყებას, რომელმაც გასცა ინფორმაცია ან დაუშვა წვდომა ასეთ დოკუმენტებთან, უნდა ეცნობოს ასეთი მოხმარების შესახებ.
4. ამ ოქმის შესაბამისად მოპოვებულ ინფორმაცია გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ამ ოქმის მიზნებისათვის. იმ შემთხვევებში როდესაც მხარეს სურს გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის, ის წინასწარ მიიღებს თხოვნის მიმღები უწყების წერილობით თანხმობას. ასეთი მოხმარება ექვემდებარება იმ შეზღუდვებს, რომლებიც დააწესა თხოვნის მიმღებმა უწყებამ.
მუხლი 11
ექსპერტები და მოწმეები
თხოვნის მიმღები უწყების წარმომადგენელი შეიძლება აღჭურვილი იყოს უფლებით, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარდგეს როგორც ექპერტი ან მოწმე ადმინისტრაციულ ან სამართლებრივ სამართალწარმოებაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებულია ამ ოქმით, და წარმოადგინოს წარმოებისათვის აუცილებელი ობიექტი, დოკუმენტი ან მითი დამოწმებული ასლები. თხოვნა წარმომადგენლის მონაწილეობის შესახებ კეთდება თხოვნის წარმდგენი უწყების მიერ და მასში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი ორგანოს წინაშე მოუწებს მას წარდგომა, რა საკითხთან დაკავშირებით და რა როლში (თანამდებობა და კვალიფიკაცია).
მუხლი 12
დახმარების ხარჯები
მხარეები უარს აცხადებენ ამ ოქმის თანახმად გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე, გარდა როგორც წესი, იმ ხარჯებისა, რომლებიც გაწეული იქნა სახელმწიფო სამსახურში არმყოფ ექსპერტებზე, მოწმეებზე, თარჯიმნებზე და მთარგმნელებზე.
მუხლი 13
იმპლემენტაცია
1. ამ ოქმის იმპლემენტაცია ევალება, ერთის მხრივ, საქართველოს საბაჟო უწყებას და, მეორეს მხრივ ევროკომისიის კომპეტენტურ სამსახურებს და შესაბამის შემთხვევებში წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებებს. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს ოქმის იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ყველა ზომის და ღონისძიების შესახებ, მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი წესების გათვალისწინებით.
2. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს და მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას, იმპლემენტაციის იმ კონკრეტული წესების შესახებ, რომლებიც მიღებულია ოქმის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 14
სხვა შეთანხმებები
1. ევროკავშირის და წევრი ქვეყნების შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით, ეს ოქმი:
(a) გავლენას არ იქონიებს მხარეების ვალდებულებებზე რომლებიც აღებულია ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეთანხმების თუ კონვენციის საფუძველზე;
(b) ავსებს ურთიერთდახმარების შეთანხმებებს, რომლებიც დადებულია ან შეიძლება დაიდოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს და საქართველოს შორის; და
(c) გავლენას არ იქონიებს კავშირის იმ ნორმებზე, რომლებიც აწესრიგებს კომუნიკაციას ევროკომისიის კომპეტენტურ სამსახურებსა და წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებების შორის, ამ ოქმის საფუძველზე მოპოვებული ისეთი ინფორმაციის გაცვლაზე, რომლითაც შეიძლება დაინტერესებული იყოს კავშირი.
2. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ამ ოქმის დებულებებს ენიჭება უპირატესი ძალა ნებისმიერ ორმხრივი ურთიერთდახმარების შეთანხმებებთან მიმართებაში, რომელიც დადებულია ან შეიძლება დაიდოს წევრ ქვეყნებს და საქართველოს შორის, თუ ამ ორმხრივი შეთანხმების დებულებები არ შეესაბამება ოქმის დებულებებს.
მუხლი 15
კონსულტაციები
ამ ოქმის გამოყენების საკითხი დასაშვებობის გადაწყდება, შეთანხმების 74-ე მუხლის თანახმად შექმნილი საბაჟო ქვე-კომიტეტის ფარგლებში კონსულტაციების საშუალებით.
ოქმი III
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ყველა მიმდინარე და სამომავლო პროგრამაში, რომლებიც ღიაა საქართველოს მონაწილეობისთვის იმ დებულებათა შესაბამისად, რომლითაც ეს პროგრამები იქნა მიღებული.
მუხლი 2
საქართველო განახორციელებს ფინანსურ კონტრიბუციას ევროკავშირის ძირითად ბიუჯეტში, იმ კონკრეტული პროგრამების შესაბამისად, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს.
მუხლი 3
საქართველოს წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, მართვის კომიტეტებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ პროგრამების მონიტორინგის განხორციელებაზე, რომლებშიც საქართველოს შეაქვს ფინანსური კონტრიბუცია.
მუხლი 4
საქართველოს მხრიდან მონაწილეების მიერ წარმოდგენილი პროექტები და ინიციატივები, შეძლებისდაგვარად, დაექვემდებარება იგივე პირობებს, წესებსა და პროცედურებს, ევროკავშირის პროგრამებთან მიმართებით, რომლებიც გამოიყენება წევრი სახელმწიფოების მიმართ.
მუხლი 5
ევროკავშირის თითოეულ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები, კერძოდ, გადასახდელი ფინანსური კონტრიბუცია, ასევე, ანგარიშების წარდგენა და შეფასების პროცედურები, განისაზღვრება კავშირსა და საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს შორის შეთანხმების გზით, შესაბამისი პროგრამების მიერ დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
თუ საქართველო ევროკავშირს მიმართავს დამატებითი დახმარების თხოვნით, ევროკავშირის კონკრეტულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ევროპული სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ჩამოყალიბების შესახებ ზოგადი წესების თაობაზე 2006 წლის 24 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 1638/2006 რეგულაციის მე-3 მუხლის ან ევროკავშირის სხვა მსგავსი საკანონმდებლო აქტის შესაბამისად, რომლებიც შესაძლოა შემდგომში იქნეს მიღებული და რომლებიც ითვალისწინებენ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევას, საქართველოს მიერ ევროკავშირის დამატებითი დახმარების გამოყენებასთან დაკავშირებული პირობები განისაზღვრება ფინანსური შეთანხმებით, კერძოდ N1638/2006 რეგულაციის მე-20 მუხლის თანახმად.
მუხლი 6
ამ ოქმის მე-5 მუხლის შესაბამისად დადებული თითოეული შეთანხმება, ევროკავშირის ძირითად ბიუჯეტთან დაკავშირებული ფინანსური წესების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის N966/2012 რეგულაციის (ევროკავშირი, ევრატომი), რომელმაც გააუქმა საბჭოს N1605/2002 რეგულაცია (ევროკავშირი, ევრატომი), თანახმად, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ფინანსური კონტროლი ან აუდიტი ან სხვა სახის შემოწმებები, ადმინისტრაციული გამოძიებების ჩათვლით, ჩატარდება ევროკომისიის, აუდიტორთა სასამართლოს და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ოფისის მიერ ან მათი უფლებამოსილების ქვეშ.
დეტალურად უნდა გაიწეროს დებულებები ფინანსური კონტროლისა და აუდიტის, ადმინისტრაციული ზომების, ჯარიმებისა და ანაზღაურების შესახებ, რომელიც ევროკომისიას, აუდიტორთა სასამართლოს და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ოფისს მისცემს იგივე უფლებამოსილებას, რაც მათ მინიჭებული აქვთ ევროკავშირში არსებულ ბენეფიციარებთან ან კონტრაქტორებთან მიმართებით.
მუხლი 7
წინამდებარე ოქმი გამოიყენება შეთანხმების ძალაში ყოფნის განმავლობაში.
თითოეულ მხარეს, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გზით, შეუძლია გააკეთოს წინამდებარე ოქმის დენონსაცია.
ნებისმიერი მხარის მიერ ოქმის დენონსაციის შემდგომ, მისი მოქმედების შეწყვეტა არ იმოქმედებს ჩასატარებელ შემოწმებებსა და კონტროლზე, საჭიროებისამებრ, მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
მუხლი 8
წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი წლისა, და მას შემდეგ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ორივე მხარეს შეუძლია გადახედოს ოქმის შესრულების მდგომარეობას, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს რეალური მონაწილეობის საფუძველზე.
ოქმი IV
განმარტებები
ამ შეთანხმების მიზნებისთვის,
1. “დარღვევა” ნიშნავს ევროკავშირის სამართლის, ამ შეთანხმების ან შემდგომში გაფორმებული შეთანხმებებისა და კონტრაქტების დებულებების ნებისმიერ დარღვევას, რომელიც გამოწვეულია ეკონომიკური ოპერატორის მოქმედებით ან უმოქმედობით, რომელიც ზიანს მიაყენებდა ან მიაყენა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტს ან ევროკავშირის მიერ მართულ ბიუჯეტებს, ან შემოსავლის შემცირების ან დაკარგვის სახით, რომელიც მიიღება საკუთარი რესურსებიდან და მისი შეგროვება ხდება პირდაპირ ევროკავშირის სახელით, ან გაუმართლებელი დანახარჯების სახით.
(a) დანახარჯებთან მიმართებით, ნებისმიერ განზრახ ქმედებას ან უმოქმედობას, რომელიც დაკავშირებულია:
- ყალბი, არასწორი ან არასრული ანგარიშების ან დოკუმენტების გამოყენებასთან ან მათ წარდგენასთან, რომელიც იწვევს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ან ევროკავშირის მიერ ან მისი სახელით მართული ბიუჯეტების ფულადი სახსრების უკანონო მითვისებას ან უკანონო დაკავებას;
- ინფორმაციის გაუმჟღავნებლობასთან კონკრეტული ვალდებულების დარღვევით, ანალოგიური შედეგით, რაც აღწერილია ამ მუხლის პირველ პუნქტში;
- ამ მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები ფულადი სახსრების უკანონო მითვისებასთან სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლისთვისაც აღნიშნული ფულადი სახსრები იქნა გაცემული;
(b) შემოსავალთან მიმართებით, ნებისმიერ განზრახ ქმედებას ან უმოქმედობას, რომელიც დაკავშირებულია:
- ყალბი, არასწორი ან არასრული ანგარიშების ან დოკუმენტების გამოყენებასთან ან მათ წარდგენასთან, რომელიც იწვევს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ან ევროკავშირის მიერ ან მისი სახელით მართული ბიუჯეტების რესურსების უკანონო შემცირებას;
- ინფორმაციის გაუმჟღავნელობასთან კონკრეტული ვალდებულების დარღვევით, ანალოგიური შედეგით, რაც აღწერილია ამ მუხლის პირველ პუნქტში;
- კანონიერად მიღებული სარგებლის უკანონო მითვისებასთან, ანალოგიური შედეგით, რაც აღწერილია ამ მუხლის პირველ პუნქტში.
3. “აქტიური კორუფცია” ნიშნავს მიზანმიმართულად მიცემულ რაიმე სახის დაპირებას ან რაიმეს გაცემას, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, ნებისმიერი სახის უპირატესობას საკუთრივ ნებისმიერი თანამდებობის პირისათვის ან მესამე მხარისათვის, რომ მან იმოქმედოს ან არ იმოქმედოს თავისი მოვალეობების შესაბამისად ან თავი აარიდოს მისი ფუნქციების შესრულებას, თავისი ოფიციალური მოვალეობების დარღვევით, რაც ზიანს აყენებს ან, სავარაუდოდ, მიაყენებს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.
4. “პასიური კორუფცია” ნიშნავს, როგორც თანამდებობის პირის მიზანმიმართულ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, ითხოვს ან იღებს რაიმე სახის უპირატესობას საკუთრივ თავისთვის ან მესამე მხარისათვის, ან იღებს დაპირებას ამგვარი უპირატესობის შესახებ, იმოქმედოს ან თავი შეიკავოს თავისი მოვალეობების შესაბამისად მოქმედებისგან ან თავი აარიდოს მისი ფუნქციების შესრულებას, თავისი ოფიციალური მოვალეობების დარღვევით, რაც ზიანს აყენებს ან, სავარაუდოდ, მიაყენებს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.
5. “ინტერესთა კონფლიქტი” ნიშნავს ნებისმიერ სიტუაციას, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ეჭვი პერსონალის შესაძლებლობების მიმართ, რომ ის იმოქმედებს მიუკერძოებლად და ობიექტურად, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით: ოჯახი, ემოციური ცხოვრებისეული ასპექტები (მაგალითად, მეგობრობა, სასიყვარულო ურთიერთობები), პოლიტიკური თუ ეროვნული სიახლოვე, ეკონომიკური ინტერესი ან ნებისმიერი სხვა საერთო ინტერესი კონკურსანტთან, განმცხადებელსა თუ ბენეფიციართან, ან რაც გარე მესამე მხარის თვალით ობიექტურად ამგვარად ჩანს.
6. “უკანონოდ გადახდილი” ნიშნავს ევროკავშირის ფულადი სახსრების მარეგულირებელი წესების დარღვევით გადახდილს.
7. “ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი” (OLAF) არის ევროკომისიის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დეპარტამენტი. ოფისს გააჩნია ოპერაციული დამოუკიდებლობა და პასუხისმგებელია ადმინისტრაციული გამოძიების ჩატარებაზე, რაც მიზნად ისახავს თაღლითობის, კორუფციისა და ნებისმიერი სხვა უკანონო ქმედების წინააღმდეგ ბრძოლას რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე, როგორც ეს განსაზღვრულია 1999 წლის 28 აპრილის ევროკომისიის გადაწყვეტილებაში 1999/352/EC, ECSC, Euratom ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ჩამოყალიბების შესახებ, 1999 წლის 25 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაში (EC) N 1073/1999, რომელიც ეხება ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის გამოძიებებს და 1996 წლის 11 ნოემბრის საბჭოს რეგულაციაში (Euratom, EC) N 2185/96, რომელიც ეხება ევროკომისიის მიერ ადგილზე შემოწმებებისა და ინსპექციების ჩატარებას, თაღლითობისა და სხვა დარღვევებისაგან ევროპული გაერთიანებების ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნით.