იხ. კონკურენციის დაცვა ევროკავშირში
ევროკავშირში მონოპოლიები აკრძალული არ არის. ევროკავშირის სადამფუძნებლო შეთანხმებით[1] იკრძალება მხოლოდ მონოპოლიების ხელთ არსებული საბაზრო ძალაუფლების, ე.წ. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად, ანუ კონკურენციის შეზღუდვისთვის გამოყენება. შეთანხმება უთითებს ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემდეგ მაგალითებს:
- არასამართლიანი ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების დაწესება;
- წარმოების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების შეზღუდვა მომხმარებლებისთვის საზიანოდ;
- სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორებთან ერთსა და იმავე ტრანსაქციებისათვის განსხვავებული პირობების დადგენა, მათი წამგებიან მდგომარეობაში ჩასაყენებლად;
- გარიგების მხარისათვის ისეთ დამატებითი ვალდებულებებს დაკისრება, რომელიც გარიგების საგანთან დაკავშირებული არ არის;
მოქალაქეებისთვის განკუთვნილ განმარტებით პუბლიკაციაში ევროკომისიას, დამატებით, დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების ასეთი მაგალითები მოჰყავს:
- დაუსაბუთებლად მაღალი ფასების დაწესება;
- ფასების ხელოვნურად დაგდება კონკურენტების ბაზრიდან გასადევნად;
- რაიმე პროდუქტის გაყიდვა მაღალ მოთხოვნად პროდუქტთან ერთად, რის შედეგადაც კონკურენტების მიერ ალტერნატიული პროდუქტების შეთავაზება რთულდება;
- რიგი მომხმარებლების მომსახურებაზე უარის თქმა;
- განსაკუთრებული ფასდაკლებები მომხმარებლებისთვის, რომელიც ძირითადად ან მხოლოდ ამ კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ;
- პროდუქტის გაყიდვა მხოლოდ იმ მომხმარებელზე, რომელიც სხვა პროდუქტს შეიძენს.
კონცენტრაცია
კომპანიების გამსხვილება, მათ შორის შერწყმა-გაერთიანების გზით ხშირად მათ აძლევს საშუალებას შეამცირონ ხარჯები, გაზარდონ ეფექტურობა, ბაზარს მიაწოდონ უფრო უკეთესი ხარისხის და დაბალი ფასის პროდუქტი. ამიტომ, ცხადია, კომპანიების გამსხვილებაში თავისთავად ცუდი არაფერია. თუმცა ამავე დროს, კომპანიების გაერთიანება ამცირებს ბაზარზე დამოუკიდებელი მოთამაშეების რაოდენობას. გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ კომპანიას შესაძლოა ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა აღმოაჩნდეს. ეს ფაქტორები კონკურენციის შეზღუდვის საშიშროებას შეიცავს.
როგორც აღვნიშნეთ, ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა თავისთავად აკრძალული არ არის. ევროკავშირში აკრძალულია მხოლოდ ამ მოპოვებული ძალაუფლების „ბოროტად“ - ანუ კონკურენციის მოსპობის ან შეზღუდვისთვის გამოყენება. ამდენად კომპანიების გამსხვილების ან შერწყმის რაიმე სახით რეგულირებას ევროპული თანამეგობრობის სადამფუძნებლო დოკუმენტი[1] არ ითვალისწინებდა. თუმცა, ვინაიდან მეწარმეები დაინტერესებულნი იყვნენ დროულად, საუკეთესო შემთხვევაში კი წინასწარ, შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე ან საქმიანობის დაწყებამდე სცოდნოდათ, არღვევდა თუ არა ეს ხელშეკრულება ან საქმიანობა კონკურენციის წესებს, 17/62 რეგულაციამ ევროკომისიას მისცა მეწარმის მოთხოვნით მისი ამა თუ იმ ხელშეკრულების, საქმიანობის ან პრაქტიკის შეფასების და „უარყოფითი დასკვნის“ (ანუ კონკურენციის არ-დარღვევის თაობაზე დასკვნის) გაცემის უფლება. ასეთი მიმართვების და შეფასებების პრაქტიკამ აჩვენა, რომ დარღვევებისადმი ასეთი, პრევენციული მიდგომა მომგებიანია როგორც მეწარმეებისთვის, ასევე მაკონტროლებლისთვის. თავისთავად გაჩნდა იდეა იმის თაობაზე, რომ კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ეს პროცედურა არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო გამხდარიყო.
კომპანიების შერწყმა-გაერთიანების წინასწარი შეტყობინება ევროკავშირში სავალდებულო 1990 წლიდან გახდა. ამჟამად მოქმედი 139/2004 რეგულაციისა და მისი აღმასრულებელი 802/2004 რეგულაციის მიხედვით, ისეთი შერწყმების თაობაზე, რომელშიც კომპანიების ჯამური ბრუნვა აღემატება 5 მილიარდ ევროს - მსოფლიოს მასშტაბით და ამ კომპანიებიდან რომელიმეს ბრუნვა ევროკავშირის მასშტაბით 250 მილიონ ევროს შეადგენს[3] - სავალდებულოა ევროკომისიისთვის[4] წინასწარი შეტყობინების გაგზავნა და მისი გადაწყვეტილების დალოდება. ამ ვალდებულების დარღვევისთვის, ან ევროკომისიის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობისთვის კომპანიებს ძალიან სერიოზული ჯარიმა ეკისრებათ (ბრუნვის 10%-მდე). ევროკომისიის მითითებათა უგულებელყოფით განხორციელებული შერწყმა-გაერთიანების შემთხვევაში ამ გაერთიანების ბათილობის საკითხიც დგება.
ინფორმაცია კომპანიების შერწყმის თაობაზე ევროკომისიისადმი წარდგენილი ნოტიფიკაციებისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებ-გვერდზე ამ მისამართზე.
წყარო: სოლომონ მენაბდიშვილი, საქართველოს კონკურენციის სამართლის შესაბამისობა ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ნორმებთან, 2018;
[1] იგულისხმება 1957 წლის რომის შეთანხმება ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ (Treaty Establishing the European economic Community, Treaty of Rome). 1992 წლის მაასტრიქტის ხელშეკრულებით (the Treaty on European Union) ხელშეკრულების დასახელება შეიცვალა და მას დაერქვა ''შეთანხმება ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ'' (Treaty Establishing European Community). 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულებით (Treaty of Lisbon amending the Treaty on European Union and the Treaty establishing the European Community) ხელშეკრულების დასახელება კვლავ შეიცვალა. დღეს მას ჰქვია ''შეთანხმება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ'' (Treaty on Functioning of the European Union, TFEU). რომის ხელშეკრულებაში კონკურენციის დაცვის თავი წარმოდგენილია 85-94 მუხლებით; იგივე დებულებები „ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ“ შეთანხმებაში წარმოდგენილია 81-89 მუხლებით, ხოლო „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ“ შეთანხმებაში - 101-109 მუხლებით.
[2] მიმწოდებლისთვის ეს არის ბაზარი, რომელზეც იგი ყიდის პროდუქციას, მყიდველისთვის - ბაზარი, რომელზეც იგი ყიდულობს პროდუქციას. ორივე შემთხვევაში იგულისხმება იმ პროდუქტების ბაზარი, რომელიც პროდუქტის შემსყიდველების მიერ ურთიერთჩანაცვლებად საქონლად მიიჩნევა, და იმ გეოგრაფიულ ჩარჩოებში, რომელშიც ხელშეკრულების მხარეები ოპერირებენ (იხ. Commission Notice on the Definition of Relevant Market for the Purposes of Community Competition Law)
[3] ევროკომისიის კონტროლი შეიძლება გავრცელდეს უფრო მცირე ზომის შერწყმებზეც. კერძოდ ესაა შერწყმები, რომელთა ჯამური ბრუნვა - მსოფლიო მასშტაბით - 2,5 მილიარდ ევროს აღემატება, და თანამეგობრობის რომელიმე, სულ ცოტა 3 ქვეყანაში მათი ჯამური ბრუნვა აღემატება 100 მილიონ ევროს ისე, რომ სულ ცოტა ორი კომპანიის ბრუნვა (ინდივიდუალურად) აღემატება 25 მილიონ ევროს, ან რომელიმე ორი კომპანიის ბრუნვა თანამეგობრობის დონეზე აღემატება 100 მილიონ ევროს.
[4] გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კომპანიების ბრუნვის 2/3 თანამეგობრობის მხოლოდ ერთ ქვეყანაშია კონცენტრირებული - ასეთ შემთხვევაში კომპანიას კონკურენციის დაცვის ეროვნული ორგანოს კონტროლის ქვეშ ხვდება.