ასოცირების შეთანხმების მიხედვით, 2017 წლის სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობა მიახლოებული უნდა უნდა ყოფილიყო ევროკავშირის 608/2013 რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას საბაჟოზე.
ამ მიზნით 2017 წელს განხორციელდა ცვლილებები ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელ თითქმის ყველა კანონში. კერძოდ:
- კანონში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ,
- საპატენტო კანონში,
- კანონში დიზაინის შესახებ,
- კანონში სასაქონლო ნიშნების შესახებ,
- კანონში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ (1999 წლის ასეთივე კანონი გაუქმდა და 2018 წლის 7 თებერვლიდან ახალი კანონი ამოქმედდა).
ცვლილებათა პაკეტი მოიცავდა აგრეთვე ცვლილებებს „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს კანონში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“და „საქართველოს კანონში წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“.
ახალი კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ მოიცავს არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნებს, არამედ ინტელექტუალური საკუთრების ყველა ფორმას, რომელიც მესაკუთრეს შეუძლია დაარეგისტრიროს საბაჟოს სპეციალურ რეესტრში და მოითხოვოს კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შეჩერება. ასეთ საქონელს საბაჟო 10 სამუშაო დღით გააჩერებს და აცნობებს მის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების მეპატრონეს. თუ საქონელი კონტრაფაქტურა აღმოჩნდება, ის ნადგურდება. საბაჟოს აგრეთვე უფლება აქვს 3 დღით შეაჩეროს ისეთი საქონელიც, რომელზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება საბაჟოში რეგისტრირებული არ არის, თუმცა საბაჟოს აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ეს საქონელი კონტრაფაქტურაა (ex-officio პრინციპი). სამწიხაროდ ინფორმაცია საქართველოს საბაჟოზე დაკავებული და განადგურებული კონტრაფაქტურის რაოდენობის ან სიხშირის თაობაზე ხელმისაწვდომი არ არის.