იხ.: ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ნიშნავს არამატერიალური, გონებრივი სიკეთეების შემქმნელებისთვის ისეთი პირობების შექმნას, რაც მათ საშუალებას მისცემს სხვების მიერ ამ სიკეთეების გამოყენება გააკონტროლონ (და ასეთი გამოყენებისგან შემოსავალი მიიღონ). გასაგებია, რომ ასეთი დაცვის გარეშე ავტორი/გამომგონებელი თავისი ნაწარმოებისა თუ გამოგონების განსაჯაროვებაში დაინტერესებული არ იქნებოდა, რაც მეცნიერების, ტექნოლოგიების და კულტურის განვითარებას უაღრესად შეაფერხებდა. დღეს აღიარებულია, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ინოვაციების განვითარება. სწორედ ეს დაცვა აძლევს საშუალებას ინოვატორს, თავისი ტექნოლოგია/იდეა დაიცვას მიმბაძველებისგან, რაც თავის მხრივ ინოვაციური იდეის კომერციალიზაციის და პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიების წინაპირობაა.
ავტორების/გამომგონებლების ეს განსაკუთრებული უფლებები როგორც წესი ვადიანია, ხშირად ტერიტორიულად შეზღუდულია, და გარდა ამისა, საზოგადოების განსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევაში მთლიანად ან ნაწლობრივ უქმდება.
ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე დაცვის სხვადასხვა რეჟიმი მოქმედებს:
- ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებებზე[1] ვრცელდება საავტორო უფლებები (Copyright) - ანუ მათი შემქმნელის (ავტორის) უფლება აკრძალოს ან დართოს ნება მის გამოყენებაზე.[2] საავტორო უფლებას არ სჭირდება რეგისტრაცია, იგი მოქმედებს ნაწარმოების შექმნის მომენტიდან, ავტორის მთელი სიცოცხლის მანძილზე და 70 წელი მისი გარდაცვალების შემდეგ (ამ პერიოდში იგი გადადის მემკვიდრეობით). ავტორის არაქონებრივი უფლებები (მისი სახელის ან ფსევდონიმის სავალდებულო მითითება ნაწარმოებზე) უვადოა. იხ. მეტი საქპატენტის ვებ-გვერდზე.
- ახალი ტექნოლოგიის, ნაერთის, დანადგარის, ბიოლოგიური მასალის გამოგონება შეიძლება დაცული იყოს პატენტით. ამისთვის საჭიროა გამოგონების დაპატენტება, ანუ განაცხადის შეტანა პატენტის გამცემ ორგანოში, რომელიც აფასებს გამოგონების სიახლეს და გამოყენებადობას და ამის მიხედვით გასცემს პატენტს. დაპატენტებული გამოგონებები ქვეყნდება დამპატენტებელი ორგანოს მიერ. პატენტის რეგისტრაციიდან 20 წლის[3] განმავლობაში მის მფლობელს აქვს უფლება აკრძალოს შესაბამისი პროდუქციის დამზადება, გაყიდვა, გამოყენება, თუმცა ეს უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ კონკრეტული ქვეყნის (ან რეგიონის) ტერიტორიაზე, რომელმაც გასცა პატენტი[4]. დაპატენტებული გამოგონების 4 წლის განმავლობაში გამოუყენებლობის (ან არასაკმარისი გამოყენების) შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მისი გამოყენების ლიცენზიის იძულებითი გაცემა. იხ. მეტი საქპატენტის ვებ-გვერდზე.
- სასაქონლო ნიშანი (Trademark) არის რაიმე სიმბოლო, აღნიშვნა (ნახატი, წარწერა, საქონლის ფორმა, ფერადი გაფორმება ან შეფუთვა), რომელიც განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს მეორე საწარმოს მსგავსი საქონლისაგან. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მხოლოდ მის მფლობელს აქვს. სახელმწიფომ აგრეთვე უნდა უზრუნველყოს საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვა უნებართვოდ გამოყენებისგან. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადა 10 წელია და შესაძლებელია მისი გაგრძელება. თუმცა, თუკი სასაქონლო ნიშნის მეაკუთრე ნიშანს 5 წლის განმავლობაში არ იყენებს, დაინტერესებულ პირს შეუძლია ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვოს. რეგისტრაცია აგრეთვე უქმდება, თუკი სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ გამოიყენება როგორც გარკვეული სახის საქონლის აღმწერი გვარეობითი ცნება.[5]. ამჟამად საქართველო სასაქონლო ნიშნების დაცვას უზრუნველყოფს მხოლოდ საბაჟოზე და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა პირმა თავისი ნიშანი და შესაბამისი საქონელი სათანადო რეესტრში დაარეგისტრირა. იხ. მეტი საქპატენტის ვებ-გვერდზე.
- ინტელექტუალური საკუთრების განსაკუთრებული შემთხვევაა ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები. ეს არის ისეთი პროდუქციის დასახელება ან აღნიშვნა, რომლის განსაკუთრებული თვისებები განპირობებულია ან დაკავშირებულია მათ წარმოებასთან რომელიმე კონკრეტული გეოგრაფიული არეალის ფარგლებში. ამ ინტელექტუალური საკუთრებს განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობის, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ დაარეგისტრირებს ამ დასახელებებს/აღნიშვნებს, მათი გამოყენების უფლება შეუძლია მიიღოს ყველამ, ვინც აწარმოებს ამ პროდუქტს ამ დასახელების/აღნიშვნისთვის დადგენილ ტერიტორიაზე და იცავს რეგისტრაციისას მითითებულ ტექნოლოგიას და მოთხოვნებს (იხ. აგრეთვე საქპატენტის განმარტებები). ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ და ევროკავშირმა აღიარეს ერთმანეთის ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები (იხ. საქართველოში დაცული ევროპული გეოგრაფიული აღნიშვნები: ღვინოები, სპირტიანი სასმელები, არომატიზებული ღვინოები, სხვა სურსათი; ევროკავშირში დაცული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები: ღვინოები, სპირტიანი სასმელები, სხვა სურსათი).
[1] ზოგ ქვეყანაში - აგრეთვე რუკებზე, მონაცემთა ბაზებზე და კომპიუტერულ პროგრამებზე. ამავე დროს საავტორო უფლებები ვრცელდება არა ნაწარმოებში გადმოცემულ იდეებზე ან კონცეფციებზე, არამედ მხოლოდ ამ იდეებისა თუ კონცეფციების გამოხატვის ფორმაზე.
[2] გარდა ამისა, ავტორს აქვს არაქონებრივი უფლებები - უფლება მოითხოვოს მისი სახელის ან ფსევდონიმის მითითება (ან არ-მითითება) ნაწარმოებზე, უფლება აკრძალოს ან ნება დართოს ნაწარმოების ცვლილება და სხვა. დამატებით სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებზე და ფოტოგრაფიებზე ვრცელდება ე.წ. მიდევნების (Droit de suit) უფლება, რაც გულისხმობს გარკვეული წილის (3-4%) მიღებას ნაწარმოების ყოველი შემდეგი გაყიდვიდან.
[3] სასარგებო მოდელის შემთხვევაში - 8 წელი