Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0008 465232 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



შეთანხმება ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების შესახებ
 
ბოლო განახლება: 2019-02-16

იხ. ოფიციალური ინგლისური ტექსტი

შეთანხმება ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების შესახებ

შენიშვნა: ეს შეთანხმება წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების 1 დანართის შემადგენელ ნაწილს და საქართველოსთვის სავალდებულოა შესასრულებლად 2000 წლის 14 ივნისიდან, როცა საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი გახდა.

არაოფიციალური თარგმანი*

(მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის) წევრი ქვეყნები,

მხედველობაში იღებენ რა, ურუგვაის რაუნდის მრავალმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებს;

სურთ რა, მისდიონ 1994 წლის ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმების მიზნებს;

აღიარებენ რა, იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ამ მხრივ საერთაშორისო სტანდარტებმა და შესაბამისობის შეფასების სისტემებმა შეიძლება შეიტანონ, წარმოების ეფექტურობის გაზრდისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაიოლების გზით;

სურთ რა, ამისათვის ხელი შეუწყონ ზემოხსენებული საერთაშორისო სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების სრულყოფას;

სურთ რა, უზრუნველყონ, რომ ტექნიკურმა რეგლამენტებმა და სტანდარტებმა, შეფუთვის, მარკირების, ეტიკეტირების და ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების პროცედურების მოთხოვნების ჩათვლით, არ შეუქმნან ზედმეტი დაბრკოლებები საერთაშორისო ვაჭრობას;

აღიარებენ რა, რომ არც ერთი ქვეყანა არ უნდა შეიზღუდოს მისი ექსპორტის ხარისხის უზრუნველყოფის, ან ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის, ან არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღკვეთის მიზნით საჭირო ზომების მიღებაში, ისეთ დონეზე, რომლებიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ზომები არ უნდა იქნეს გამოყენებული იმგვარად, რომ წარმოადგენდეს არსებითად ერთნაირი პირობების მქონე ქვეყნებს შორის უსაფუძვლო ან გაუმართლებელი დისკრიმინაციის საშუალებას, ან წარმოადგენდეს საერთაშორისო ვაჭრობის ფარული შეზღუდვის საშუალებას, და სხვაგვარადაც შესაბამისობაშია წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან;

აღიარებენ რა, რომ არც ერთი ქვეყანა არ უნდა შეიზღუდოს უსაფრთხოების არსებითი ინტერესების დაცვისათვის აუცილებელი ზომების მიღებაში;

აღიარებენ რა, იმ წვლილს, რომელიც შეიძლება იქონიოს საერთაშორისო სტანდარტიზაციამ განვითარებული ქვეყნებისაგან განვითარებადი ქვეყნებისათვის ტექნოლოგიების გადაცემის საქმეში;

აღიარებენ რა, რომ განვითარებადი ქვეყნები ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების პროცედურების ფორმულირებისა და გამოყენებისას შეიძლება წააწყდნენ სპეციფიკურ სიძნელეებს, და სურთ რა, ამ მიმართებით, დაეხმარონ მათ შესაბამის ძალისხმევას;

თანხმდებიან შემდეგზე :

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. სტანდარტიზაციისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების ზოგად ტერმინებს აქვს გაერო-ს სისტემაში და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოებში მიღებული განსაზღვრებებით მინიჭებული მნიშვნელობა, მათი კონტექსტის, ამასთანავე, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით.

1.2. მიუხედავად ამისა, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინთა მნიშვნელობები, რომლებიც მოცემულია დანართ 1-ში.

1.3. ყველა სახის პროდუქცია, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჩათვლით, ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.

1.4. საკუთარი წარმოებისა და მოხმარების მიზნით სახელმწიფო ორგანოების მიერ შემუშავებული შესყიდვის სპეციფიკაციები არ რეგულირდება წინამდებარე შეთანხმების დებულებებით, არამედ, განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეთანხმებით, მისი მოქმედების სფეროს შესაბამისად.

1.5. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ვრცელდება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებზე, რომლებიც განსაზღვრულია სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების შესახებ შეთანხმების დანართ A-ში.

1.6. ტექნიკურ რეგლამენტებზე, სტანდარტებსა და შესაბამისობის შეფასების პროცედურებზე წინამდებარე შეთანხმებაში გაკეთებული ყველა მითითება განმარტებულ უნდა იქნეს იმ სახით, რომ შეიცავდეს მათ ნებისმიერ ცვლილებებსა და დამატებებს წესებზე ან მათ მიერ მოცულ საქონელზე, გარდა უმნიშვნელო ტიპის ცვლილებებისა და დამატებებისა.

ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები

მუხლი 2. ცენტრალური სამთავრობო ორგანოების მიერ ტექნიკური რეგლამენტების მომზადება, მიღება და გამოყენება

ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებთან მიმართებაში:

2.1. ტექნიკურ რეგლამენტებთან დაკავშირებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან იმპორტირებულ პროდუქციას მიენიჭოს არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ეს გააჩნია ეროვნული წარმოშობის მსგავს პროდუქციასა და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში წარმოშობილ მსგავს პროდუქციას.

2.2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ტექნიკური რეგლამენტების მომზადების, მიღების ან გამოყენების მიზანს ან შედეგს არ წარმოადგენდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის ზედმეტი დაბრკოლებების შექმნა, ტექნიკურმა რეგლამენტებმა არ უნდა მოახდინონ იმაზე უფრო შემზღუდავი ზემოქმედება ვაჭრობაზე, ვიდრე ეს აუცილებელია კანონიერი მიზნების მისაღწევად, იმ რისკის გათვალისწინებით, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა მათი დაუცველობის შემთხვევაში. ამგვარ კანონიერ მიზნებს წარმოადგენს, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნები; არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღკვეთა; ადამიანთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, ან ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ან გარემოს დაცვა. ამ ტიპის რისკის შეფასებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა არსებული მეცნიერული და ტექნიკური ინფორმაცია, დამუშავების შესაბამისი ტექნოლოგია ან პროდუქციის ნავარაუდევი საბოლოო მოხმარება.

2.3. ტექნიკური რეგლამენტი აღარ უნდა გამოიყენებოდეს, თუკი მისი მიღების გამომწვევი გარემოებები ან მიზნები აღარ არსებობს, ან თუკი შეცვლილი გარემოებები და მიზნები საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს ვაჭრობის ნაკლებად შემზღუდავი მეთოდები.

2.4. იმ შემთხვევაში, თუკი გაჩნდება ტექნიკური რეგლამენტის შემოღების აუცილებლობა და არსებობს საერთაშორისო სტანდარტები ან დასრულების სტადიაშია მათი შემუშავება, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან თავიანთი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებისას, საფუძვლად გამოიყენონ ისინი ან მათი შესაბამისი ნაწილები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტები ან მათი შესაბამისი ნაწილები არ იქნება ეფექტური ან არ იქნება შესაფერისი საშუალება კანონიერი მიზნების მისაღწევად, მაგალითად მნიშვნელოვანი კლიმატური ან გეოგრაფიული ფაქტორების, ან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პრობლემების არსებობისას.

2.5. წევრი სახელმწიფო, რომელიც ამზადებს, იღებს ან იყენებს ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს სხვა წევრი სახელმწიფოების ვაჭრობაზე, ვალდებულია სხვა წევრი სახელმწიფოს მოთხოვნისას, 2-4 პუნქტებში გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად ახსნა-განმარტება გაუკეთოს ამგვარი ტექნიკური რეგლამენტის შემოღების აუცილებლობას. იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია, მიღებულია ან გამოიყენება მე-2 პუნქტში კონკრეტულად მითითებული კანონიერი მიზნებისათვის და იგი შესაბამისობაშია მოცემულ სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან, მაშინ, სანამ საწინააღმდეგო დამტკიცდება, მიიჩნევა, რომ იგი არ ქმნის ზედმეტ დაბრკოლებას საერთაშორისო ვაჭრობაში.

2.6. ტექნიკური რეგლამენტების შეძლებისდაგვარად ფართო ჰარმონიზაციის მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღონ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოების მიერ იმ პროდუქციაზე საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაში, რომელთათვისაც მათ მიღებული აქვთ, ან აპირებენ ტექნიკური რეგლამენტების მიღებას.

2.7. წევრი სახელმწიფოს მიერ დადებითად უნდა იქნეს განხილული სხვა წევრი სახელმწიფოების ტექნიკური რეგლამენტების ექვივალენტად მიღების შესაძლებლობა, მაშინაც კი, როდესაც ეს რეგლამენტები განსხვავდება მათი საკუთარისაგან, იმ პირობით, თუ ისინი რწმუნდებიან, რომ ეს რეგლამენტები ადეკვატურად ასრულებენ მათი საკუთარი რეგლამენტების მიზნებს.

2.8. წევრი სახელმწიფოების ტექნიკური რეგლამენტები, შეძლებისდაგვარად, უნდა ადგენდეს პროდუქციის საექსპლუატაციო ხასიათის მოთხოვნებს და არა მოთხოვნებს პროდუქციის დიზაინის ან გარეგნული მახასიათებლებისადმი.

2.9. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტი, ან შემუშავების სტადიაში მყოფი ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური შინაარსი არ შეესაბამება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის ტექნიკურ შინაარსს და თუ ტექნიკურ რეგლამენტს შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს სხვა წევრი სახელმწიფოების ვაჭრობაზე, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან:

2.9.1. კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელ შემოღებაზე, ადრეულ ეტაპზე გამოაქვეყნონ შეტყობინება ბეჭდვით ორგანოებში, რათა სხვა წევრი სახელმწიფოების დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ მათი გაცნობის საშუალება;

2.9.2. სამდივნოს მეშვეობით აცნობონ სხვა წევრ სახელმწიფოებს იმ პროდუქციის დასახელება, რომელზედაც გავრცელდება შემუშავების სტადიაში მყოფი ტექნიკური რეგლამენტი და თან დაურთონ ტექნიკური რეგლამენტის შემოღების მიზეზებისა და მიზნების მოკლე აშწერა. ამგვარი შეტყობინება უნდა ქვეყნდებოდეს საკმარისად ადრეულ სტადიაზე, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ცვლილებების შეტანა და შენიშვნების გათვალისწინება;

2.9.3. მოთხოვნის საფუძველზე, სხვა წევრ სახელმწიფოებს მიაწოდონ შემუშავების სტადიაში მყოფი ტექნიკური რეგლამენტის ასლები ან მათი დეტალური აღწერა და შეძლებისდაგვარად მიუთითონ ის ნაწილები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტისაგან;

2.9.4. ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სხვა წევრი სახელმწიფოებისათვის გაითვალისწინონ დროის საკმარისი პერიოდი წერილობითი შენიშვნების მოსამზადებლად, თხოვნის შემთხვევაში ზეპირად განიხილონ ეს შენიშვნები და გაითვალისწინოს წარმოდგენილი წერილობითი შენიშვნები და მათი ზეპირი განხილვების შედეგები.

2.10. მე-9 პუნქტის საწყისი დებულების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიქმნება ან შეიძლება წარმოიქმნას უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის ან ეროვნული უსაფრთხოების გადაუდებელი პრობლემები, წევრ სახელმწიფოს შეუძლია არ მიმართოს მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ ქმედებებს, იმ პირობით, რომ ტექნიკური რეგლამენტის მიღების შემდეგ, მოცემული წევრი სახელმწიფო ვალდებულია:

2.10.1. სამდივნოს მეშვეობით, დაუყოვნებლივ აცნობოს სხვა წევრ სახელმწიფოებს კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტისა და მისი მოქმედების სფეროში მყოფი პროდუქციის შესახებ და თან დაურთოს აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის შემოღების მიზნებისა და მიზეზების შესახებ მოკლე მითითება, რომელშიც შეტანილი იქნება ამ გადაუდებელი პრობლემების არსი.

2.10.2. სხვა წევრი სახელმწიფოების მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მათ ტექნიკური რეგლამენტების ასლები;

2.10.3. დისკრიმინაციის გარეშე, მისცეს სხვა წევრ სახელმწიფოებს წერილობითი ფორმით შენიშვნების წარდგენის საშუალება, მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს ეს შენიშვნები და გაითვალისწინოს წერილობითი შენიშვნები და მათი განხილვების შედეგები.

2.11. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მიღებული ტექნიკური რეგლამენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდებოდეს, ან სხვა გზებით იყოს ხელმისაწვდომი, რათა სხვა სახელმწიფოების დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ მათი გაცნობის საშუალება.

2.12. მე-10 პუნქტში მოცემული გადაუდებელი შემთხვევების გარდა, წევრი სახელმწიფოები ტექნიკური რეგლამენტების გამოქვეყნებასა და მათ ძალაში შესვლას შორის უნდა ითვალისწინებდნენ დროის საკმარის პერიოდს, რათა ექსპორტიორ წევრ ქვეყნებში და განსაკუთრებით განვითარებად წევრ ქვეყნებში პროდუქციის მწარმოებლებს ჰქონდეთ დრო იმპორტიორი წევრი ქვეყნების მოთხოვნებთან პროდუქციისა და წარმოების მეთოდების ადაპტირებისათვის.

მუხლი 3. ადგილობრივი მმართველობით ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანოების მიერ ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება, მიღება და გამოყენება

მათ ტერიტორიაზე მყოფ ადგილობრივ მმართველობით და არასამთავრობო ორგანოებთან დაკავშირებით:

3.1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ისეთი გონივრული ზომები, რომ ამ ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ იქნეს მე-2 მუხლის შესრულება, გარდა შეტყობინების ვალდებულებისა, რომელიც მოცემულია მე-2 მუხლის 9.2 და 10.1 პუნქტებში.

3.2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შეტყობინება იმ ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების ტექნიკური რეგლამენტების თაობაზე, რომლებიც ცენტრალურ მთავრობასთან მიმართებით ერთი საფეხურით ქვემოთ იმყოფებიან,მოხდეს მე-2 მუხლის 9.2 და 10.1 პუნქტების შესაბამისად; ამასთანავე, შეტყობინება არ უნდა იქნეს მოთხოვნილი, თუკი, ამდაგვარი ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური შინაარსი ძირითადად შეესაბამება წევრი სახელმწიფოების ცენტრალური სამთავრობო ორგანოების იმ ტექნიკურ რეგლამენტებს, რომელთა შეტყობინებაც უკვე გაკეთებულია.

3.3. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ სხვა სახელმწიფოებთან კონტაქტები, შეტყობინების, საინფორმაციო უზრუნველყოფის, შენიშვნებისა და განხილვის ჩათვლით, რომლებიც მოხსენიებულია მე-2 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებში, ხდებოდეს ცენტრალური მთავრობის მეშვეობით.

3.4. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მყოფი ადგილობრივი სამთავრობო ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან მოითხოვდა ან წაახალისაბდა მე-2 მუხლის დებულებების შეუსაბამო მოქმედებას.

3.5. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის დებულებების შესრულებაზე წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა. წევრი სახელმწიფოების მიერ ჩამოყალიბებულ და გატარებულ უნდა იქნეს ისეთი მხარდამჭერი ზომები და მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მე-2 მუხლის დებულებების შესრულებას არა მხოლოდ ცენტრალური სამთავრობო ორგანოების მიერ.

მუხლი 4. სტანდარტების მომზადება, მიღება და გამოყენება

4.1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სტანდარტების მომზადების, მიღებისა და გამოყენებისას, მათმა სტანდარტიზაციის ცენტრალურმა სამთავრობო ორგანოებმა მიიღონ და იმოქმედონ კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართ 3-ში (ეგრეთწოდებული "კარგი პრაქტიკის კოდექსი"). მათ უნდა მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ისეთი მიზანშეწონილი ზომები, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათ ტერიტორიაზე მყოფი სტანდარტიზაციის ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანოების და აგრეთვე, სტანდარტიზაციის რეგიონული ორგანოების მიერ, რომელთა წევრებიც არიან თვითონ ან მათ ტერიტორიაზე მყოფი ერთი ან მეტი ორგანო, კეთილსინდისიერი პრაქტიკის კოდექსის მიღება და შესრულება, გარდა ამისა, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც პირდაპირ მოითხოვდა ან ხელს შეუწყობდა ასეთ ორგანოებს ემოქმედათ კეთილსინდისიერი პრაქტიკის კოდექსის არაშესაბამისად. წევრი სახელმწიფოების სტანდარტიზაციის ორგანოების კეთილსინდისიერი პრაქტიკის კოდექსის მიმართ ვალდებულებები ძალაშია იმის მიუხედავად, აღიარა თუ არა სტანდარტიზაციის ორგანომ კეთილსინდისიერი პრაქტიკის კოდექსი.

4.2. სტანდარტიზაციის ორგანოები, რომელთაც მიიღეს კეთილსინდისიერი პრაქტიკის კოდექსი და მოქმედებენ მის შესაბამისად, წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებულ უნდა იქნენ, როგორც წინამდებარე შეთანხმების პრინციპების შემსრულებლები.

ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა

მუხლი 5. ცენტრალური სამთავრობო ორგანოების შესაბამისობის შეფასების პროცედურები

5.1. იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილია ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურება, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მათმა ცენტრალურმა სამთავრობო ორგანოებმა სხვა წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქციის მიმართ გამოიყენონ შემდეგი დებულებები:

5.1.1. შესაბამისობის შეფასების პროცედურების შემუშავება, მიღება და გამოყენება ხდება ისეთი წესით, რომ სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი მსგავსი პროდუქციის მომწოდებლებს მიენიჭოთ დაშვება არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე მსგავს სიტუაციაში ეძლევათ ეროვნული წარმოშობის პროდუქციის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქციის მიმწოდებლებს; დაშვება გულისხმობს მიმწოდებლის უფლებას, წესების დაცვით, შესაბამისობის შეფასების პროცედურის ჩატარებაზე, მათ შორის, თუკი ეს გათვალისწინებულია აღნიშნული პროცედურით, შესაბამისობის შეფასების პროცედურის ჩატარების შესაძლებლობას წარმოების ადგილას და აღნიშნული შეფასების დამადასტურებელი ნიშანდების მიღებას;

5.1.2. შესაბამისობის შეფასების პროცედურების შემუშავება, მიღება და გამოყენება არ ხდება საერთაშორისო ვაჭრობაისთვის ზედმეტი დაბრკოლებების შესაქმნელად ან ასეთი შედეგით. ეს ნიშნავს, მათ შორის, რომ შესაბამისობის შეფასების პროცედურები არ უნდა იყოს უფრო მკაცრი ან გამოიყენებოდეს უფრო მკაცრად, ვიდრე ეს აუცილებელია  წევრ იმპორტიორ სახელმწიფოსათვის საკმაო დამაჯერებლობის მისაღწევად იმის თაობაზე, რომ პროდუქცია შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებს ან სტანდარტებს, იმ რისკის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო შეუსაბამობის შემთხვევაში.

5.2. პირველი პუნქტის დებულებების განხორციელებისას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ:

5.2.1. შესაბამისობის შეფასების პროცედურების ჩატარება და დასრულება მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში და სხვა წევრ სახელმწიფოებში წარმოშობილი პროდუქციისათვის არანაკლებ ხელსაყრელი ფორმით, ვიდრე მსგავსი სამამულო წარმოშობის პროდუქციისათვის;

5.2.2. ინფორმაცია შესაბამისობის შეფასების თითოეული პროცედურის განხორციელებისათვის საჭირო დროის ნორმალური ხანგრძლივობის შესახებ ქვეყნდებოდეს ან, განმცხადებელს, მისი მოთხოვნისამებრ, ეცნობებოდეს პროცედურის განხორციელების სავარაუდო ხანგრძლივობა; განცხადების მიღებისთანავე, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულე და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს განმცხადებელს კონკრეტული და ამომწურავი ინფორმაცია ხარვეზების თაობაზე ; კომპეტენტურმა ორგანომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოს განმცხადებელს კონკრეტული და ამომწურავი ინფორმაცია შეფასების შედეგების შესახებ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს კორექტირება; მაშინაც კი, როდესაც განცხადებას აქვს ხარვეზები, განმცხადებლის თხოვნის შესაბამისად, კომპეტენტურმა ორგანომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა განახორციელოს შესაბამისობის შეფასება; და რომ განმცხადებელს მოთხოვნისამებრ, მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რა სტადიაშია ეს პროცედურა, ნებისმიერი შეფერხების შესახებ განმარტებით;

5.2.3. ინფორმაციის მოთხოვნა უნდა შემოიფარგლოს იმით, რაც აუცილებელია შესაბამისობის შეფასებისა და გადასახადის მოცულობის დადგენისათვის;

5.2.4. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქციის შესაბამისობის შეფასების პროცედურისათვის საჭირო ან ამ პროდუქციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა ისევე უნდა იქნეს დაცული, როგორც სამამულო წარმოშობის პროდუქციისათვის, იმ სახით, რომ დაცული იქნეს კანონიერი კომერციული ინტერესები;

5.2.5. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქციის შესაბამისობის შეფასებისათვის აკრეფილი ნებისმიერი გადასახდელი უნდა იყოს სამამულო წარმოშობის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი მსგავსი პროდუქციის შესაბამისობის შეფასებაზე აკრეფილი გადასახადელის ექვივალენტური, გათვალისწინებულ უნდა იქნეს რა განმცხადებლისა და შესაბამისობის შეფასების ორგანოს საწარმოების მდებარეობას შორის არსებული განსხვავებების გამო წარმოქმნილი კავშირგაბმულობის, ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯები;

5.2.6. შესაბამისობის შეფასების პროცედურებში გამოყენებული ადგილმდებარეობა და ნიმუშების შერჩევა არ უნდა იყოს ისეთი, რომ ზედმეტი უხერხულობა შეუქმნას განმცხადებლებს ან მათ აგენტებს;

5.2.7. როდესაც მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან ან სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ ხდება პროდუქციის სპეციფიკაციის ცვლილება, შეცვლილი პროდუქციის შესაბამისობის შეფასების პროცედურა უნდა შემოიფარგლოს იმით, რაც აუცილებელია საკმაო დამაჯერებლობის მისაღწევად იმაში, რომ ეს პროდუქცია კვლავ აკმაყოფილებს შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტებს ან სტანდარტებს;

5.2.8. არსებობს იმის პროცედურა, რომ განხილული იქნას შესაბამისობის შეფასების პროცედურის მოქმედებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი საჩივრები და, თუ საჩივარი სამართლიანია, მოხდეს მაკორექტირებელი ცვლილებების შეტანა.

5.3. პირველ და მე-2 პუნქტებში არაფერი არ ზღუდავს წევრ სახელმწიფოებს, მათი ტერიტორიების ფარგლებში განახორციელონ გონივრული ადგილზე შემოწმებები.

5.4. იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა დადასტურება იმისა, რომ პროდუქცია შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტებს ან სტანდარტებს და ამის შესახებ არსებობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოების მიერ გამოშვებული შესაბამისი სახელმძღვანელოები ან რეკომენდაციები, ან დასრულების სტადიაშია მათი შემუშავება, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ შესაბამისობის შეფასების პროცედურის საფუძვლად ცენტრალურმა სამთავრობო ორგანოებმა გამოიყენონ ისინი, ან მათი შესაბამისი ნაწილები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი სახელმძღვანელოები და რეკომენდაციები ან მათი ნაწილები გამოუდეგარია წევრი სახელმწიფოებისათვის იმ მიზეზებით, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნები; არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღკვეთა; ადამიანთა ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების, ცხოველთა ან მცენარეთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის, ან გარემოს დაცვა; არსებული კლიმატური ან სხვა გეოგრაფიული ფაქტორები; არსებულ ტექნოლოგიებთან ან ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც სათანადო დონეზე უნდა იქნეს განმარტებული მოთხოვნისამებრ.

5.5. შესაბამისობის შეფასების პროცედურების შეძლებისდაგვარად ფართო ჰარმონიზაციის მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, სრული მონაწილეობა უნდა მიიღონ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურებისათვის სახელმძღვანელოებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში.

5.6. იმ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოს სახელმძღვანელო ან რეკომენდაცია, ან შემუშავების სტადიაში მყოფი შესაბამისობის შეფასების პროცედურების ტექნიკური შინაარსი არ შეესაბამება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოების სახელმძღვანელოებსა და რეკომენდაციებს და თუკი, შესაბამისობის შეფასების ამ პროცედურას შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს სხვა წევრი სახელმწიფოების ვაჭრობაზე, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან :

5.6.1. ადრეულ ეტაპზე გამოაქვეყნონ შეტყობინება ბეჭდვით ორგანოებში, შესაბამისობის შეფასების კონკრეტული პროცედურის მოსალოდნელ შემოღების თაობაზე, ისე რომ სხვა წევრი სახელმწიფოების დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ მათი გაცნობის საშუალება;

5.6.2. სამდივნოს მეშვეობით აცნობონ სხვა სახელმწიფოებს იმ პროდუქციის დასახელება, რომელზედაც გავრცელდება შემუშავების სტადიაში მყოფი შესაბამისობის შეფასების პროცედურა და თან დაურთონ შეტყობინება მისი შემოღების მიზეზებისა და მიზნების შესახებ. ამდაგვარი შეტყობინება უნდა ხორციელდებოოდეს სათანადო ადრეულ სტადიაზე, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ცვლილებები და შენიშვნების გათვალისწინება;

5.6.3. მოთხოვნის საფუძველზე, სხვა წევრ სახელმწიფოებს მიაწოდონ მოსალოდნელი პროცედურის დეტალური აღწერა და, შეძლებისდაგვარად მიუთითონ ის ნაწილები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოების მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების ან რეკომენდაციებისაგან;

5.6.4. ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სხვა წევრი სახელმწიფოებისათვის გაითვალისწინონ დროის საკმარისი პერიოდი, რათა მათ გააკეთონ წერილობითი შენიშვნები, თხოვნის შემთხვევაში მოაწყონ მათი განხილვა და გაითვალისწინონ შენიშვნები და ამ განხილვების შედეგები.

5.7. მე-6 პუნქტის საწყისი დებულების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიქმნება ან შეიძლება წარმოიქმნას უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის ან სახელმწიფო უშიშროების გადაუდებელი პრობლემები, წევრ სახელმწიფოს შეუძლია არ მიმართოს მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ ქმედებებს, იმ პირობით, რომ პროცედურის დამტკიცების შემდეგ, მოცემული წევრი სახელმწიფო ვალდებულია:

5.7.1. სამდივნოს მეშვეობით, დაუყოვნებლივ აცნობოს სხვა წევრ სახელმწიფოებს კონკრეტული პროცედურისა და მისი მოქმედების სფეროში მყოფი პროდუქციის შესახებ და თან დაურთოს აღნიშნული პროცედურის შემოღების მიზნებისა და მიზეზების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ამ გადაუდებელი პრობლემების არსი.

5.7.2. სხვა წევრი სახელმწიფოების მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს მათ პროცედურული წესების ასლები;

5.7.3. დისკრიმინაციის გარეშე, მისცეს სხვა წევრ სახელმწიფოებს წერილობითი ფორმით შენიშვნების გაკეთების საშუალება, მოთხოვნის საფუძველზე მოაწყოს მათი განხილვა და გაითვალისწინოს წერილობითი შენიშვნები და მათი განხილვების შედეგები.

5.8. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მიღებული შესაბამისობის შეფასების პროცედურები დაუყოვნებლივ ქვეყნდებოდეს, ან სხვა გზებით იყოს ხელმისაწვდომი, რათა სხვა სახელმწიფოების დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ მათი გაცნობის საშუალება.

5.9. მე-7 პუნქტში მოცემული გადაუდებელი შემთხვევების გარდა, წევრი სახელმწიფოები, შესაბამისობის შეფასების პროცედურების გამოქვეყნებასა და მათ ძალაში შესვლას შორის, უნდა ითვალისწინებდნენ დროის საკმარის პერიოდს, რათა ექსპორტიორ წევრ ქვეყნებში და განსაკუთრებით, განვითარებად წევრ ქვეყნებში პროდუქციის მწარმოებლებს ჰქონდეთ დრო იმპორტიორი წევრი ქვეყნების მოთხოვნებთან პროდუქციისა და წარმოების მეთოდების ადაპტირებისათვის.

მუხლი 6. შესაბამისობის შეფასების აღიარება ცენტრალური სამთავრობო ორგანოების მიერ

თავიანთ ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებთან დაკავშირებით:

6.1. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების დაურღვევლად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შეძლებისდაგვარად, უზრუნველყონ სხვა წევრი სახელმწიფოების შესაბამისობის შეფასების პროცედურების აღიარება, მაშინაც კი, როდესაც ამდაგვარი პროცედურები განსხვავდება მათი საკუთარისაგან, იმ პირობით, თუ ისინი რწმუნდებიან, რომ მოცემული პროცედურები ისევე შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებს ან სტანდარტებს, როგორც მათი საკუთარი პროცედურები. ამასთან, შესაძლოა საჭირო გახდეს წინასწარი კონსულტაციების გამართვა, რათა მიღწეულ იქნეს ურთიერთდამაკმაყოფილებელი შეთანხმება, კერძოდ კი, შემდეგ საკითხებზე :

6.1.1. ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს შესაბამისობის შეფასების ორგანოთა საკმარის და საიმედო კომპეტენტურობაში, რათა დარწმუნებულნი იყვნენ მათ მიერ განხორციელებული შესაბამისობის შეფასების შედეგების გრძელვადიან საიმედოობაში; ამ მხრივ, დადასტურებული შესაბამისობა, მაგალითად, აკრედიტაციის გზით, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოების მიერ ამ სფეროში გამოცემულ სახელმძღვანელოებთან და რეკომენდაციებთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც სათანადო ტექნიკური კომპეტენციის აღმნიშვნელი საბუთი;

6.1.2. ექსპორტიორ წევრ სახელმწიფოებში შესაბამისობის შეფასების შემოფარგვლა მხოლოდ დანიშნული ორგანოებისაგან მიღებული შედეგების აღიარებით.

6.2. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მათი შესაბამისობის შეფასების პროცედურებმა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შესრულებადი გახადოს 1 პუნქტში მოცემული დებულებების განხორციელება.

6.3. წევრი სახელმწიფოები მოწოდებულნი არიან კეთილგანწყობით განიხილონ სხვა წევრი სახელმწიფოების თხოვნა, შესაბამისობის შეფასების პროცედურების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების დადების მიზნით, მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. წევრებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ ასეთი შეთანხმებები ასრულებდეს 1-ლი პუნქტის კრიტერიუმებს და ურთიერთდამაკმაყოფილებელი იყოს შესაბამისი საქონლით ვაჭრობის ხელშეწყობისათვის.

6.4. წევრი სახელმწიფოები მოწოდებულნი არიან, რომ სხვა წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე არსებულ შესაბამისობის შეფასების ორგანოებს დართონ მათ საკუთარ შესაბამისობის შეფასების პროცედურებში მონაწილეობის უფლება არანაკლები პირობით, ვიდრე ეს გააჩნიათ მათ ტერიტორიაზე ან ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ ორგანოებს.

მუხლი 7. ადგილობრივი სამთავრობო ორგანოების შესაბამისობის შეფასების პროცედურები

მათ ტერიტორიაზე მყოფ ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებთან დაკავშირებით:

7.1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ისეთი მიზანშეწონილი ზომები, რომ ამ ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ იქნეს მე-5 და მე-6 მუხლების შესრულება, გარდა შეტყობინების ვალდებულებისა, რომელიც მოცემულია მე-5 მუხლის 6.2. და 7.1. პუნქტებში.

7.2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადგილობრივი სამთავრობო ორგანოების შესაბამისობის შეფასების იმ პროცედურების შეტყობინება, რომლებიც უფრო დაბალ დონეზე იმყოფებიან ვიდრე წევრი სახელმწიფოების შესაბამისობის შეფასების პროცედურები, მოხდეს მე-5 მუხლის 6.2. და 7.1. პუნქტების შესაბამისად, ამასთანავე, შეტყობინება არ უნდა იქნეს მოთხოვნილი, თუკი, ამგვარი შესაბამისობის შეფასების პროცედურების ტექნიკური შინაარსი ძირითადად შეესაბამება წევრი სახელმწიფოების ცენტრალური სამთავრობო ორგანოების იმ შესაბამისობის შეფასების პროცედურებს, რომელთა შეტყობინებაც უკვე გაკეთებულია.

7.3. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ სხვა წევრ სახელმწიფოებთან კონტაქტები, შეტყობინების, საინფორმაციო უზრუნველყოფის, შენიშვნებისა და განხილვის ჩათვლით, რომლებიც მითითებულია მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში, ხდებოდეს ცენტრალური მთავრობის მეშვეობით.

7.4. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მყოფი ადგილობრივი სამთავრობო ორგანოებისაგან მოითხოვდა ან ხელს შეუწყობდა მათ, ემოქმედათ მე-5 და მე-6 მუხლების დებულებების არაშესაბამისად.

7.5. წინამდებარე შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლების დებულებების შესრულებაზე წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა. წევრი სახელმწიფოების მიერ ჩამოყალიბებულ და გატარებულ უნდა იქნეს ისეთი მხარდამჭერი ზომები და მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, არაცენტრალური სამთავრობო ორგანოების მიერ მე-5 და მე-6 მუხლების დებულებების შესრულებას.

მუხლი 8. არასამთავრობო ორგანოების შესაბამისობის შეფასების პროცედურები

8.1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ისეთი მიზანშეწონილი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ტერიტორიაზე არსებული, შესაბამისობის შეფასების პროცედურების განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანოების მიერ მე-5 და მე-6 მუხლების დებულებების შესრულებას, გარდა იმ ვალდებულებებისა, რომლებიც ეხება დამუშავების სტადიაში მყოფი შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესახებ შეტყობინების გაკეთებას. გარდა ამისა, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც ასეთი ორგანოებისაგან მოითხოვდა ან ხელს შეუწყობდა მათ, ემოქმედათ მე-5 და მე-6 მუხლების დებულებების შეუსაბამოდ.

8.2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი ცენტრალური სამთავრობო ორგანოები არასამთავრობო ორგანოების მიერ ჩატარებულ შესაბამისობის შეფასების პროცედურებს დაეყრდნონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ორგანოები პროცედურებს ატარებენ მე-5 და მე-6 მუხლების დებულებების შესაბამისად, გარდა იმ ვალდებულებებისა, რომლებიც ეხება დამუშავების სტადიაში მყოფი შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესახებ შეტყობინების გაკეთებას.

მუხლი 9. საერთაშორისო და რეგიონული სისტემები

9.1. იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნილია ტექნიკურ რეგლამენტთან ან სტანდარტთან შესაბამისობის დადებითი დადასტურება, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, როდესაც ეს მიზანშეწონილია, შეიმუშავონ და დანერგონ შესაბამისობის შეფასების საერთაშორისო სისტემები და გახდნენ მათი წევრები ან მონაწილეობა მიიღონ მათ მუშაობაში.

9.2. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ისეთი დასაბუთებული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მე-5 და მე-6 მუხლების დებულებების დაცვას შესაბამისობის შეფასების იმ საერთაშორისო და რეგიონული სისტემების მიერ, რომლებშიც მონაწილეობენ მათ ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი ორგანოები. გარდა ამისა, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც ასეთი სისტემებისაგან, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მოითხოვდა ან ხელს შეუწყობდა მათ, ემოქმედათ მე-5 და მე-6 მუხლების დებულებების არაშესაბამისად.

9.3. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მათი ცენტრალური სამთავრობო ორგანოები ეყრდნობოდნენ შესაბამისობის შეფასების საერთაშორისო და რეგიონულ სისტემებს, თუკი, ეს სისტემები შესაბამისობაშია მე-5 და მე-6 მუხლების დებულებებთან.

ინფორმაცია და დახმარება

მუხლი 10. ინფორმაცია ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესახებ

10.1. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საინფორმაციო ცენტრის არსებობა, რომელსაც შეეძლება პასუხი გასცეს სხვა წევრი სახელმწიფოებისა და მათი დაინტერესებული მხარეების ყველა დასაბუთებულ თხოვნას, აგრეთვე, მიაწოდოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება :

10.1.1. ნებისმიერ ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც მიღებულია ან შემუშავების სტადიაშია მის ტერიტორიაზე არსებული ცენტრალური ან ადგილობრივი სამთავრობო ორგანოების, არასამთავრობო ორგანოების მიერ, რომელთაც გააჩნიათ ტექნიკური რეგლამენტის შემოღების კანონიერი უფლება, ან სტანდარტიზაციის იმ რეგიონული ორგანოების მიერ, რომელთა წევრები ან მონაწილეები არიან ასეთი ორგანოები;

10.1.2. ნებისმიერ სტანდარტს, რომელიც მიღებულია ან შემუშავების სტადიაშია მის ტერიტორიაზე არსებული ცენტრალური ან ადგილობრივი სამთავრობო ორგანოების ან სტანდარტიზაციის იმ რეგიონული ორგანოების მიერ, რომელთა წევრები ან მონაწილეები არიან ასეთი ორგანოები;

10.1.3. შესაბამისობის შეფასების ნებისმიერ პროცედურას ან შესაბამისობის შეფასების შემუშავების სტადიაში მყოფ ნებისმიერ პროცედურას, რომლებიც მუშავდება მის ტერიტორიაზე არსებული ცენტრალური ან ადგილობრივი სამთავრობო ორგანოების, არასამთავრობო ორგანოების მიერ, რომელთაც გააჩნიათ ტექნიკური რეგლამენტის შემოღების კანონიერი უფლება, ან სტანდარტიზაციის იმ რეგიონული ორგანოების მიერ, რომელთა წევრები ან მონაწილეები არიან ასეთი ორგანოები;

10.1.4. წევრი სახელმწიფოების ან მათ ტერიტორიებზე არსებული შესაბამისი ცენტრალური ან ადგილობრივი სამთავრობო ორგანოების წევრობას და მონაწილეობას სტანდარტიზაციისა და შესაბამისობის შეფასების სისტემის საერთაშორისო და რეგიონული ორგანოებში, აგრეთვე, წინამდებარე შეთანხმების ჩარჩოებში არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებში; მათ, აგრეთვე, უნდა გააჩნდეთ ამდაგვარი სისტემებისა და ხელშეკრულებების პირობების შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობა;

10.1.5. შეტყობინების წყაროებს, რომელთა გამოქვეყნება ხდება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ან ინფორმაციის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ სად შეიძლება იქნეს მიღებულ ამდაგვარი ინფორმაცია; და

10.1.6. მე-3 პუნქტში მითითებული საინფორმაციო ცენტრების ადგილმდებარეობას.

10.2. იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფო სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული მიზეზებით ქმნის ერთზე მეტ საინფორმაციო ცენტრს, მაშინ იგი ვალდებულია სხვა წევრ სახელმწიფოებს მიაწოდოს სრული და ნათელი ინფორმაცია თითოეული ამ საინფორმაციო ცენტრის პასუხისმგებლობის სფეროს შესახებ. გარდა ამისა, ეს წევრი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც მისულია არაშესაბამის საინფორმაციო ცენტრში, შეუფერხებლად გადაეცეს სათანადო საინფორმაციო ცენტრს.

10.3. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს მისთვის ხელმისაწვდომი მიზანშეწონილი ზომები, რათა შექმნილ ერთ ან რამდენიმე საინფორმაციო ცენტრს ჰქონდეს უნარი უპასუხოს წევრი სახელმწიფოების და სხვა წევრი სახელმწიფოების დაინტერესებული მხარეების ყველა საფუძვლიან მოთხოვნას, აგრეთვე, უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციით ან ინფორმაციით, თუ სად შეიძლება მოპოვებულ იქნეს საჭირო დოკუმენტები, რომლებიც ეხება :

10.3.1. ნებისმიერ სტანდარტს, რომელიც მიღებულია ან მუშავდება მათ ტერიტორიაზე არსებული სტანდარტიზაციის არასამთავრობო ორგანოების ან სტანდარტიზაციის რეგიონული ორგანოების მიერ, რომელთა წევრები ან მონაწილეებიც არიან ზემოხსენებული ორგანოები; და

10.3.2. ნებისმიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურას ან შემუშავების სტადიაში მყოფ შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლებსაც ახორციელებს მათ ტერიტორიაზე არსებული სტანდარტიზაციის არასამთავრობო ორგანოები ან სტანდარტიზაციის რეგიონული ორგანოები, რომელთა წევრები ან მონაწილეებიც არიან ზემოხსენებული ორგანოები;

10.3.3. წევრი სახელმწიფოების ან მათ ტერიტორიებზე არსებული შესაბამისი არასამთავრობო ორგანოების წევრობას და მონაწილეობას სტანდარტიზაციის და შესაბამისობის შეფასების სისტემის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანოებში, აგრეთვე, წინამდებარე შეთანხმების ჩარჩოებში არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებში; მათ აგრეთვე უნდა გააჩნდეთ ამდაგვარი სისტემებისა და ხელშეკრულებების პირობების შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობა;

10.4. იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა წევრი სახელმწიფოები ან მათი დაინტერესებული მხარეები, წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად მოითხოვენ დოკუმენტთა ასლებს, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ისეთი მიზანშეწონილი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მათთვის ზემოხსენებული დოკუმენტების გადაცემას თანაბარი ფასით (თუკი, ასეთი საერთოდ არსებობს), რომელიც მიწოდების ხარჯების გამოკლებით, იქნება ისეთივე, როგორიც მათი ან ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის*.

10.5. სხვა წევრი სახელმწიფოების მოთხოვნისამებრ, განვითარებული წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიაწოდონ მათ გარკვეულ შეტყობინებებთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმანი ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე ან იმ შემთხვევაში, როდესაც დოკუმენტის მოცულობა დიდია, მათი მოკლე შინაარსი ზემოხსენებულ ენებზე.

10.6. სამდივნო ვალდებულია, როგორც კი მიიღებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ყველა წევრ სახელმწიფოსა და სტანდარტიზაციისა და შესაბამისობის შეფასების დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანოებში გაავრცელოს მათი ასლები, თან წევრი განვითარებადი სახელმწიფოების ყურადღება უნდა გაამახვილოს ნებისმიერ შეტყობინებაზე, რომელიც ეხება მათი განსაკუთრებული ინტერესის მქონე საქონელს.

10.7. როდესაც წევრი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან ან სახელმწიფოებთან ხელშეკრულებას აღწევს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება იმ ტექნიკურ რეგლამენტებს, სტანდარტებს ან შესაბამისობის შეფასების პროცედურებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ ვაჭრობაზე, მაშინ ასეთი შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფო მაინც ვალდებულია, სამდივნოს მეშვეობით, სხვა წევრ სახელმწიფოებს აცნობოს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მყოფი პროდუქცია და თან დაურთოს შეტყობინება წინამდებარე ხელშეკრულების მოკლე დახასიათებით. დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლევათ, მოთხოვნის საფუძველზე, ჩაერთონ სხვა წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებში, რათა დადებულ იქნეს მსგავსი ხელშეკრულებები ან მიაღწიონ თანხმობას მათ მონაწილეობაზე მსგავს ხელშეკრულებებში.

10.8. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი არ შეიძლება იქნეს განმარტებული, როგორც მოთხოვნა :

10.8.1. ტექსტების სხვა ენაზე გამოქვეყნებისა, გარდა წევრი სახელმწიფოს ენაზე;

10.8.2. დოკუმენტების პროექტების ცალკეული ნაწილების ან მთელი ასლის სხვა ენაზე წარდგენა, გარდა წევრი სახელმწიფოს ენაზე, მე-5 პუნქტში აღწერილი სიტუაციების გამოკლებით; ან

10.8.3. წევრი სახელმწიფოების მიერ ნებისმიერი ინფორმაციის წარდგენა, რომელთა გამჟღავნებას ისინი განიხილავენ, როგორც უსაფრთხოების არსებითი ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად.

10.9. სამდივნოში გაგზავნილი შეტყობინებები უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე.

10.10. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანიშნონ ცენტრალური სამთავრობო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების დებულებებით განსაზღვრული შეტყობინების პროცედურების ეროვნულ დონეზე შესრულებაზე, გარდა იმ პროცედურებისა, რომლებიც მოყვანილია დანართ 3-ში.

10.11. იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფო სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული მიზეზებით შეტყობინების პროცედურაზე პასუხისმგებლობას ანაწილებს ორ ან მეტ ცენტრალურ სამთავრობო უწყებას შორის, მაშინ იგი ვალდებულია სხვა წევრ სახელმწიფოებს მიაწოდოს სრული და ნათელი ინფორმაცია თითოეული ამ უწყების პასუხისმგებლობის სფეროს შესახებ.

მუხლი 11. ტექნიკური დახმარება სხვა წევრი სახელმწიფოებისათვის

11.1. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მოთხოვნის შემთხვევაში სხვა წევრ სახელმწიფოებს და განსაკუთრებით განვითარებად წევრ სახელმწიფოებს გაუწიონ კონსულტაციები ტექნიკური რეგლამენტების მომზადების მიმართებით.

11.2. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შემთხვევაში, კონსულტაციები გაუწიონ სხვა წევრ სახელმწიფოებს და განსაკუთრებით, განვითარებად წევრ სახელმწიფოებს და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ტექნიკური დახმარება გაუწიონ მათ, სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოების შექმნასა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოებში მონაწილეობასთან მიმართებით, აგრეთვე, ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მათ სტანდარტიზაციის ეროვნულ ორგანოებს, რათა იმოქმედონ მათ მსგავსად.

11.3. წევრი სახელმწიფოები, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ზომები, რათა მათ ტერიტორიაზე მყოფმა მარეგულირებელმა ორგანოებმა კონსულტაციები გაუწიონ სხვა წევრი სახელმწიფოების და განსაკუთრებით, განვითარებად წევრ სახელმწიფოებს და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაუწიონ მათ ტექნიკური დახმარება, რომელიც შეეხება :

11.3.1. მარეგულირებელი ორგანოების ან ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის შეფასების ორგანოების შექმნას; და

11.3.2. მეთოდებს, რომლებითაც მათი ტექნიკური რეგლამენტები საუკეთესოდ იქნება დაკმაყოფილებული.

11.4. წევრი სახელმწიფოები, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ისეთი მიზანშეწონილი ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვა წევრი სახელმწიფოებისათვის და განსაკუთრებით, განვითარებადი წევრი სახელმწიფოებისათვის კონსულტაციების გაწევას და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ვალდებულნი არიან გაუწიონ მათ ტექნიკური დახმარება მოთხოვნის გამკეთებელი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების ორგანოების შექმნაში.

11.5. წევრი სახელმწიფოები, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან კონსულტაციები გაუწიონ სხვა წევრ სახელმწიფოებს და განსაკუთრებით განვითარებად წევრ სახელმწიფოებს და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ვალდებულნი არიან ტექნიკური დახმარება გაუწიონ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული მათი პროდუქციის მწარმოებელთა მიერ, რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს, მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანოების მიერ მართვადი შესაბამისობის შეფასების სისტემები.

11.6. წევრი სახელმწიფოები, რომლებიც არიან შესაბამისობის შეფასების საერთაშორისო ან რეგიონული სისტემების წევრები ან მონაწილეები, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან კონსულტაციები გაუწიონ სხვა წევრ სახელმწიფოებს და განსაკუთრებით, განვითარებად წევრ სახელმწიფოებს და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ვალდებულნი არიან ტექნიკური დახმარება გაუწიონ მათ იმ უწყებებისა და სამართლებრივი ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც საშუალებას მისცემდა მათ შეესრულებინათ ასეთი სისტემების წევრობიდან ან მონაწილეობიდან გამომდინარე ვალდებულებები.

11.7. წევრი სახელმწიფოები, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მათ ტერიტორიაზე არსებულ ორგანოებს, რომლებიც არიან შესაბამისობის შეფასების საერთაშორისო ან რეგიონული სისტემების წევრები ან მონაწილეები, რათა კონსულტაციები გაუწიონ სხვა წევრ სახელმწიფოებს და განსაკუთრებით, განვითარებად წევრ სახელმწიფოებს და ვალდებულნი არიან განიხილონ მათგან მიღებული მოთხოვნები, რომლებიც შეეხება მათთვის ტექნიკურ დახმარებას იმ უწყებების შექმნაში, რომლებიც საშუალებას მისცემდა მათ ტერიტორიაზე არსებულ ორგანოებს შეესრულებინათ წევრობიდან ან მონაწილეობიდან გამომდინარე ვალდებულებები.

11.8. 1-7 პუნქტებში გათვალისწინებული კონსულტაციებისა და ტექნიკური დახმარების გაწევისას, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან პრიორიტეტი მიანიჭონ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს.

მუხლი 12. განვითარებადი წევრი სახელმწიფოებისათვის სპეციალური და განსხვავებული რეჟიმი

12.1. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან განვითარებადი წევრი სახელმწიფოებისათვის უზრუნველყონ განსხავებული და უფრო ხელშემწყობი რეჟიმი, შემდეგი დებულებებისა და წინამდებარე შეთანხმების სხვა მუხლების შესაბამისი დებულებების შესრულების გზით.

12.2. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ წინამდებარე შეთანხმების იმ დებულებებს, რომლებიც ეხება განვითარებადი წევრი სახელმწიფოების უფლებებსა და ვალდებულებებს, წინამდებარე შეთანხმების ეროვნულ დონეზე შესრულებისას და მისი ინსტიტუციონალური მექანიზმების ფუნქციონირებისას, გაითვალისწინონ განვითარებადი წევრი სახელმწიფოების განვითარების დონე და მათი განსაკუთრებული ფინანსური და სავაჭრო საჭიროებები.

12.3. წევრი სახელმწიფოები, ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების და შესაბამისობის შეფასების პროცედურების შემუშავებისა და გამოყენების პროცესში, ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ განვითარებისათვის გამიზნული სპეციალური მოთხოვნები, აგრეთვე, განვითარებადი წევრი სახელმწიფოების განსაკუთრებული ფინანსური და სავაჭრო საჭიროებები, რათა ასეთმა ტექნიკურმა რეგლამენტებმა, სტანდარტებმა და შესაბამისობის შეფასების პროცედურებმა ზედმეტი დაბრკოლებები არ შეუქმნან განვითარებადი წევრი სახელმწიფოების ექსპორტს.

12.4. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს საერთაშორისო სტანდარტები, სახელმძღვანელოები და რეკომენდაციები, წევრი სახელმწიფოები აღიარებენ, რომ განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მყოფი წევრი განვითარებადი სახელმწიფოები იღებენ ზოგიერთ ისეთ ტექნიკურ რეგლამენტს, სტანდარტს ან შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი ტექნოლოგიების და წარმოების მეთოდებისა და პროცესის დაცვისაკენ და რომლებიც პასუხობს მათი განვითარების მოთხოვნებს. ამიტომ, წევრი სახელმწიფოები აღიარებენ, რომ განვითარებადი წევრი სახელმწიფოებისაგან არ არის მოსალოდნელი მათი ტექნიკური რეგლამენტების ან სტანდარტების საფუძვლად საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება, იმ ცდების მეთოდების ჩათვლით, რომლებიც არ პასუხობს ამ სახელმწიფოების განვითარების, ფინანსურ და სავაჭრო მოთხოვნებს.

12.5. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოებისა და შესაბამისობის შეფასების საერთაშორისო სისტემების ისეთ მოქმედებას, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა სახელმწიფოში შესაბამისი ორგანოების აქტიურ და წარმომადგენლობით მონაწილეობას, ამასთანავე, გათვალისწინებული იქნება განვითარებადი წევრი სახელმწიფოების განსაკუთრებული პრობლემები.

12.6. წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ განვითარებადი წევრი სახელმწიფოების მოთხოვნის შემთხვევაში, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოებმა განიხილონ შესაძლებლობა და თუკი ხელმისაწვდომია, მოამზადონ საერთაშორისო სტანდარტები იმ პროდუქციასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს განვითარებადი წევრი სახელმწიფოების განსაკუთრებულ ინტერესს.

12.7. მე-11 მუხლის დებულებების შესაბამისად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ტექნიკური დახმარება გაუწიონ განვითარებად წევრ სახელმწიფოებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ის, რომ ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების შემუშავება და გამოყენება არ უქმნიდეს ზედმეტ დაბრკოლებებს განვითარებადი წევრი სახელმწიფოების ექსპორტის მოცულობისა და საექსპორტო პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდას. ტექნიკური დახმარების პირობების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის გამკეთებელი წევრი და განსაკუთრებით ნაკლებადგანვითარებული წევრი სახელმწიფოების განვითარების დონე.

12.8. აღიარებულია, რომ ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების შემუშავებასა და გამოყენებაში, განვითარებადი წევრი სახელმწიფოები შეიძლება წააწყდნენ განსაკუთრებულ პირობებს, ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ჩათვლით. გარდა ამისა, აღიარებულია, რომ განვითარებადი წევრი სახელმწიფოების განვითარებისა და ვაჭრობის განსაკუთრებულმა მოთხოვნებმა, აგრეთვე, მათმა ტექნოლოგიური განვითარების დონემ, შეიძლება ხელი შეუშალოს მათ მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებას. ამიტომ, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან სრულად გაითვალისწინონ ეს გარემოება. ამრიგად, იმის უზრუნველყოფის მიზნით, რომ წევრ სახელმწიფოებს ჰქონდეთ წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულების შესაძლებლობა, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების კომიტეტს, რომელიც მოხსენიებულია მე-13 მუხლში (წინამდებარე შეთანხმებაში მოხსენიებული, როგორც ‘კომიტეტი’), ნება ეძლევა მოთხოვნის შემთხვევაში, ნება დართოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან კონკრეტული და განსაზღვრულვადიანი, მთლიანი ან ნაწილობრივი გამონაკლისების გაკეთებაზე. ამდაგვარი მოთხოვნების განხილვისას, კომიტეტი ვალდებულია გაითვალისწინოს მოცემული განვითარებადი წევრი სახელმწიფოს ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების შემუშავებისა და გამოყენებისას არსებული განსაკუთრებული პრობლემები და განვითარებისა და ვაჭრობის განსაკუთრებული მოთხოვნები, აგრეთვე, მისი ტექნოლოგიური განვითარების დონე, რაც შეიძლება ხელს უშლიდეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებას. კომიტეტი, უპირველესყოვლისა, ვალდებულია გაითვალისწინოს ნაკლებადგანვითარებული წევრი სახელმწიფოების განსაკუთრებული პრობლემები.

12.9. კონსულტაციების მსვლელობისას, განვითარებული წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ის სიძნელეები, რომლებსაც განვითარებადი წევრი სახელმწიფოები განიცდიან სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და შესაბამისობის შეფასების პროცედურების შემუშავებისა და გამოყენებისას და თავიანთ სურვილში დახმარება გაუწიონ განვითარებად წევრ სახელმწიფოებს შესაბამის ძალისხმევაში, განვითარებული წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ განვითარებადი წევრი სახელმწიფოების ფინანსირებასთან, ვაჭრობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ საჭიროებებს.

12.10. კომიტეტი ვალდებულია პერიოდულად განიხილოს განვითარებადი წევრი სახელმწიფოებისათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მინიჭებული განსაკუთრებული და დიფერენცირებული რეჟიმი, როგორც ეს დადგენილია წინამდებარე შეთანხმებაში.

ინსტიტუციონალური ორგანოები, კონსულტაციები და დავების მოგვარება

მუხლი 13. ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების კომიტეტი

13.1. ამიერიდან იქმნება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების კომიტეტი, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებით. კომიტეტი ვალდებულია აირჩიოს თავისი თავმჯდომარე და შეიკრიბოს საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთი შეკრებისა, რათა წევრ სახელმწიფოებს მისცეს კონსულტაციების გამართვის საშუალება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება წინამდებარე შეთანხმების ფუნქციონირებას ან მისი მიზნების შემდგომ განვითარებას, აგრეთვე იმ ვალდებულებების შესრულების მიზნით, რომლებიც განსაზღვრულია მისთვის წინამდებარე შეთანხმებით ან წევრი სახელმწიფოების მიერ.

13.2. აუცილებლობის შემთხვევაში, კომიტეტი ვალდებულია დააარსოს მუშა ჯგუფები ან სხვა ორგანოები იმ ვალდებულებათა შესრულების მიზნით, რომლებიც მათ შეიძლება დაავალოს კომიტეტმა წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

13.3. მიღებულია, რომ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში სამუშაოებისა და სხვა ტექნიკურ ორგანოებში მთავრობათა საქმიანობების არასაჭირო დუბლირება თავიდან უნდა იქნეს აცილებული. კომიტეტი ვალდებულია შეისწავლოს ეს პრობლემა, აღნიშნული დუბლირების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

მუხლი 14. კონსულტაციები და დავების მოგვარება

14.1. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაციები და დავების მოგვარება, რომელიც ზემოქმედებას ახდენს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებაზე, უნდა ხორციელდებოდეს დავების მოგვარების ორგანოს ეგიდით და მუტატის მუტანდის უნდა მისდევდეს 1994 წლის გატის XXII და XXIII მუხლების დებულებებს, რომლებიც შემუშავებულია და გამოიყენება დავების მოგვარების შესახებ შეთანხმების მიხედვით.

14.2. დავების განხილვაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფს, ერთ-ერთი მოდავე მხარის თხოვნის საფუძველზე, ან თავისი ინიციატივით, შეუძლია შექმნას ტექნიკური საექსპერტო ჯგუფი იმ ტექნიკური ხასიათის საკითხებზე დახმარების მიზნით, რომლებიც მოითხოვს ექსპერტთა მიერ დეტალურ შესწავლას.

14.3. ტექნიკური საექსპერტო ჯგუფები უნდა ხელმძღვანელობდნენ დანართ 2-ის პროცედურებით.

14.4. დავების მოგვარების ზემოხსენებული დებულებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევებში, როდესაც წევრი სახელმწიფო თვლის, რომ სხვა წევრმა სახელმწიფომ ვერ მიაღწია დამაკმაყოფილებელ შედეგებს მე-3, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებთან დაკავშირებით და მისი სავაჭრო ინტერესები განიცდის მნიშვნელოვან ზემოქმედებას. ამ შემთხვევაში არსებული შედეგები განხილულ უნდა იქნეს ისევე, როგორც ეს მოხდებოდა მაშინ, როდესაც ორგანო, რომელზეც ვსაუბრობთ იქნებოდა წევრი სახელმწიფო.

მუხლი 15, დასკვნითი დებულებები

დათქმები

15.1. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ დებულებასთან დაკავშირებული დათქმები არ შეიძლება გაკეთდეს, სხვა დანარჩენი წევრი სახელმწიფოების თანხმობის გარეშე.

განხილვა

15.2. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია იმ დღიდან, როდესაც მისთვის ძალაში შევა შეთანხმება, აცნობოს კომიტეტს არსებული ან დაგეგმილი ზომების შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს წინამდებარე შეთანხმების გამოყენება და მოქმედება. ამის შემდეგ იგი ვალდებულია აცნობოს ამდაგვარ ზომებთან დაკავშირებული ნებისმიერი შემდგომი ცვლილება.

15.3. კომიტეტი ვალდებულია ყოველწლიურად განიხილოს წინამდებარე შეთანხმების შესრულება და ფუნქციონირება, მისი მიზნების გათვალისწინებით.

15.4. შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს მესამე წლის ბოლოს და ყოველი შემდგომი სამწლიანი პერიოდის დასრულების ბოლოს, კომიტეტი ვალდებულია განიხილოს წინამდებარე შეთანხმების შესრულება და ფუნქციონირება გამჭვირვალეობასთან დაკავშირებული დებულებების ჩათვლით, შეთანხმებაში სადაც ეს საჭიროა, უფლებებსა და ვალდებულებებში რეკომენდაციებისა და შესწორებების მომზადების მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ურთიერთეკონომიკური მოგება და უფლებებისა და ვალდებულებების ბალანსი მე-12 მუხლის დებულებების შეუზღუდავად. გამოცდილების, კერძოდ კი, წინამდებარე შეთანხმების შესრულების შედეგად დაგროვილი პრაქტიკის გათვალისწინებით, კომიტეტი ვალდებულია, თუკი ეს მიზანშეწონილია, წინამდებარე შეთანხმების ტექსტში ცვლილებების შეტანაზე წინადადება მიაწოდოს საქონლით ვაჭრობის საბჭოს.

დანართები

15.5. წინამდებარე შეთანხმების დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

დანართი 1

ტერმინები და მათი განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის

ტერმინებს, რომლებიც მოყვანილია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) / საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) მე-2 სახელმძღვანელოს მე-6 გამოცემაში, (1991 წ.) ''საერთო ტერმინები და მათი განსაზღვრებები'', რომელიც შეეხება სტანდარტიზაციას და ამ სფეროში საქმიანობას, წინამდებარე შეთანხმებაში ხმარებისას აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ზემოხსენებულ სახელმძღვანელოს განსაზღვრებებში, იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურების სფერო ამოღებულია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებიდან.

მიუხედავად ამისა, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი განსაზღვრებები:

1. ტექნიკური რეგლამენტი

დოკუმენტი, რომელიც ადგენს პროდუქციის ან მასთან დაკავშირებული წარმოების პროცესებისა და მეთოდების, მათ შორის შესაბამისი ადმინისტრაციული დებულებების მახასიათებლებს, რომელთა დაცვაც არის სავალდებულო. ის აგრეთვე, შეიძლება შეიცავდეს ან ეხებოდეს მხოლოდ ტერმინოლოგიასთან, აღნიშვნებთან, შეფუთვასთან, მარკირებასთან ან ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება პროდუქციასთან, წარმოების პროცესთან ან მეთოდთან მიმართებაში.

განმარტებითი შენიშვნა

ISO/IEC სახელმძღვანელო 2-ში მოყვანილია არა სრული განსაზღვრება, არამედ განსაზღვრება, რომელიც აგებულია ეგრეთწოდებულ ‘საამშენებლო ბლოკების’ სისტემის პრინციპით.

2. სტანდარტი

საზოგადო და მრავალჯერადი ხმარების დოკუმენტი, რომელსაც ამტკიცებს კომპეტენტური ორგანო, რომელიც მოიცავს წესებს, მითითებებს, ან პროდუქციის ან მასთან დაკავშირებული წარმოების პროცესებისა და მეთოდების დახასიათებებს, რომელთა დაცვაც არ არის სავალდებულო. ის აგრეთვე შეიძლება შეიცავდეს ან ეხებოდეს მხოლოდ ტერმინოლოგიასთან, აღნიშვნებთან, შეფუთვასთან, მარკირებასთან ან ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება პროდუქციასთან, წარმოების პროცესთან ან მეთოდთან მიმართებაში.

განმარტებითი შენიშვნა

ტერმინები, რომელთა განსაზღვრება მოყვანილია ISO/IEC სახელმძღვანელო 2-ში, ეხება პროდუქციას, პროცესებსა და მომსახურებას. წინამდებარე შეთანხმება ეხება მხოლოდ იმ ტექნიკურ რეგლამენტებს, სტანდარტებსა და შესაბამისობის შეფასების პროცედურებს, რომლებიც გამოიყენება პროდუქციასთან, წარმოების პროცესთან ან მეთოდთან მიმართებაში. სტანდარტები, ISO/IEC სახელმძღვანელო 2-ის შესაბამისად შეიძლება იყოს სავალდებულო ან ნებაყოფლობითი. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის სტანდარტები განისაზღვრება როგორც ნებაყოფლობითი, ხოლო ტექნიკური რეგლამენტები როგორც სავალდებულო დოკუმენტები. სტანდარტიზაციის საერთაშორისო გაერთიანების მიერ შემუშავებული სტანდარტები დაფუძნებულია კონსენსუსზე. წინამდებარე შეთანხმება მოიცავს აგრეთვე დოკუმენტებს, რომლებიც არ ეფუძნება კონსენსუსის პრინციპს.

3. შესაბამისობის შეფასების პროცედურა

ნებისმიერი პროცედურა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გამოიყენება იმის დასადგენად სრულდება თუ არა ტექნიკური რეგლამენტებით ან სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

განმარტებითი შენიშვნა

შესაბამისობის შეფასების პროცედურები მოიცავენ, მათ შორის, სინჯის აღებას, გამოცდებსა და ინსპექტირებას; შესაბამისობის შეფასებას, შემოწმებასა და დადასტურებას; რეგისტრაციას, აკრედიტაციასა და აღიარებას, აგრეთვე მათ კომბინაციებს.

4. საერთაშორისო ორგანო ან სისტემა

ორგანო ან სისტემა, რომლის წევრობაც ღიაა სულ ცოტა ყველა წევრი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებისათვის.

5. რეგიონული ორგანო ან სისტემა

ორგანო ან სისტემა, რომლის წევრობაც ღიაა მხოლოდ ზოგიერთი წევრი სახელმწიფოების შესაბამისი ორგანოებისათვის.

6. ცენტრალური სამთავრობო ორგანო

ცენტრალური მთავრობა, მისი სამინისტროები და დეპარტამენტები ან ნებისმიერი ორგანო, რომელიც აღნიშნული სფეროს საქმიანობასთან დაკავშირებით იმყოფება ცენტრალური მთავრობის კონტროლის ქვეშ.

განმარტებითი შენიშვნა

ევროგაერთიანებების შემთხვევაში გამოიყენება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი დებულებები. მიუხედავად ამისა, ევროგაერთიანებების ფარგლებში შესაძლებელია იქნეს შექმნილი შესაბამისობის შეფასების რეგიონული ორგანოები ან სისტემები. ამ შემთხვევებში ისინი ვალდებულნი იქნებიან დაიცვან წინამდებარე შეთანხმების შესაბამისობის შეფასების რეგიონული ორგანოების ან სისტემების შესახებ დებულებები.

7. ადგილობრივი მმართველობითი ორგანო

მმართველობის ორგანო, რომელიც არ არის ცენტრალური მთავრობა (ასე მაგალითად შტატის, პროვინციის, მიწის, კანტონის, მუნიციპალიტეტის და სხვა), მათი სამინისტროები ან დეპარტამენტები ან ნებისმიერი ორგანო, რომელიც აღნიშნული სფეროს საქმიანობასთან დაკავშირებით იმყოფება ასეთი მმართველობის ორგანოს დაქვემდებარებაში.

8. არასამთავრობო ორგანო

ორგანო, რომელიც არ არის ცენტრალური მთავრობის ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო, იმ არასამთავრობო ორგანოს ჩათვლით, რომელსაც აქვს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აღსრულების კანონიერი უფლება.

დანართი 2

ტექნიკური საექსპერტო ჯგუფები

ტექნიკური საექსპერტო ჯგუფების მიმართ, რომელთა ჩამოყალიბება ხდება მე-14 მუხლის დებულებების შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები.

1.ტექნიკური საექსპერტო ჯგუფები იმყოფებიან დავების მოგვარების ექსპერტთა ჯგუფის დაქვემდებარებაში. მათი უფლებამოსილება და დეტალური სამუშაო პროცედურები უნდა განისაზღვროს დავების მოგვარების ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ისინი ვალდებულნი არიან ანგარიში ჩააბარონ დავების მოგვარების ექსპერტთა ჯგუფს.

2.ტექნიკურ საექსპერტო ჯგუფში მონაწილეობა უნდა შემოიფარგლოს განსახილველ სფეროში პროფესიული რეპუტაციისა და გამოცდილების მქონე პირებით.

3.დავაში მყოფი ქვეყნების მოქალაქეები არ შეიძლება წარმოდგენილ იქნენ ტექნიკურ საექსპერტო ჯგუფში მოდავე მხარეების საერთო შეთანხმების გარეშე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც დავების მოგვარების ექსპერტთა ჯგუფი თვლის, რომ სხვა შემთხვევაში სპეციალური სამეცნიერო ექსპერტიზის მოთხოვნილება არ იქნება დაკმაყოფილებული. დავის მქონე ქვეყნების ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეიძლება იყვნენ ტექნიკური საექსპერტო ჯგუფის წევრები. ტექნიკური საექსპერტო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან იმოქმედონ, როგორც კერძო პირებმა და არა როგორც ხელისუფლების ან რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ამიტომ, მთავრობებმა ან ორგანიზაციებმა არ უნდა მისცენ მათ დავალებები ტექნიკური საექსპერტო ჯგუფის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

4.ტექნიკურ საექსპერტო ჯგუფებს შეუძლიათ გამართონ კონსულტაციები და ინფორმაციისა და ტექნიკური რჩევის მისაღებად მიმართონ ნებისმიერ წყაროს, რომელსაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ. წევრი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში მყოფი წყაროს მიმართ ინფორმაციის ან რჩევის მიღების მიმართვამდე, ტექნიკური საექსპერტო ჯგუფი ვალდებულია აცნობოს მოცემული წევრი სახელმწიფოს მთავრობას. ნებისმიერი წევრი სახელმწიფო ვალდებულია დაუყოვნებლივ და სრულად უპასუხოს ტექნიკური საექსპერტო ჯგუფის ნებისმიერ მოთხოვნას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულ ტექნიკურ საექსპერტო ჯგუფს მიაჩნია აუცილებლად და მიზანშეწონილად.

5.მოდავე მხარეებს უნდა ჰქონდეთ ტექნიკური საექსპერტო ჯგუფის მიმართ წარდგენილი შესაბამისი ინფორმაციის სრული გაცნობის უფლება, თუკი, იგი არა არის კონფიდენციალური. ტექნიკური საექსპერტო ჯგუფის მიმართ წარდგენილი კონფიდენციალური ინფორმაცია არ შეიძლება იქნეს გამჟღავნებული, მისი მიმწოდებელი მთავრობის, ორგანიზაციის და პირის ნებართვის გარეშე. იმ შემთხვევებში, როდესაც ტექნიკურ საექსპერტო ჯგუფს თხოვენ ასეთ ინფორმაციას და მას არა აქვს ამ ინფორმაციის გადაცემის უფლებას, ინფორმაციის წარმდგენი მთავრობის, ორგანიზაციის ან პირის მიერ უნდა მომზადდეს აღნიშნული ინფორმაციის მოკლე არაკონფიდენციალური შინაარი.

6.ტექნიკური საექსპერტო ჯგუფი ვალდებულია ანგარიშის პროექტი წარუდგინოს შესაბამის წევრ სახელმწიფოებს, რათა მიღებული იქნას შენიშვნები, რომლებიც, შეძლებისდაგვარად, უნდა იქნას გათვალისწინებული საბოლოო ანგარიშში, რომელიც წარედგინება დავების მოგვარების ექსპერტთა ჯგუფს და ამასთანავე, ეგზავნება დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოებს.

დანართი 3

სტანდარტების მომზადების, მიღებისა და გამოყენების კარგი პრაქტიკის კოდექსი

ზოგადი დებულებები

A. ამ კოდექსის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში მოცემული განსაზღვრებები.

B. წინამდებარე კოდექსი ღიაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე არსებული სტანდარტიზაციის ნებისმიერი ორგანოსათვის, მიუხედავად იმისა, იგი წარმოადგენს ცენტრალურ სამთავრობო ორგანოს, ადგილობრივ სამთავრობო ორგანოს თუ არასამთავრობო ორგანოს; სტანდარტიზაციის ნებისმიერი სამთავრობო რეგიონული ორგანოსათვის, რომლის ერთი ან მეტი წევრი არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო, სტანდარტიზაციის ნებისმიერი არასამთავრობო რეგიონული ორგანოსათვის, რომლის ერთი ან მეტი წევრი არის წევრი სახელმწიფო, სტანდარტიზაციის ნებისმიერი არასამთავრობო რეგიონული ორგანოსათვის, რომლის ერთი ან მეტი წევრი განლაგებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (წინამდებარე კოდექსში აღნიშნული კოლექტიურად როგორც – ‘სტანდარტიზაციის ორგანოები’, ხოლო ინდივიდუალურად როგორც ‘სტანდარტიზაციის ორგანო’).

C. სტანდარტიზაციის ორგანოები, რომლებიც მიიღებენ ან უარყოფენ წინამდებარე კოდექსს, ვალდებულნი არიან შეატყობინონ ამის შესახებ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (ISO/IEC) საინფორმაციო ცენტრს ჟენევაში. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი ორგანოს დასახელება და მისამართი და მისი მიმდინარე და მოსალოდნელი სტანდარტიზაციის საქმინობების სფერო. აღნიშნული შეტყობინება შეიძლება პირდაპირ იქნეს გაგზავნილი ISO/IEC-ის საინფორმაციო ცენტრში, ან იმ ცენტრალური სამთავრობო ორგანოს მეშვეობით, რომელიც არის ISO/IEC-ის წევრი, ან უმჯობესია, ISONET-ის შესაბამისი ეროვნული წევრის ან საერთაშორისო აფილირებული წევრის მეშვეობით.

არსებითი დებულებები

D. სტანდარტებთან მიმართებაში, სტანდარტიზაციის ორგანო ვალდებულია ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილ პროდუქციას მიანიჭოს არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ეს მინიჭებული აქვს ეროვნული წარმოშობის მსგავს პროდუქციას ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილ პროდუქციას.

E. სტანდარტიზაციის ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სტანდარტების შემუშავება, მიღება და გამოყენება არ ხდებოდეს საერთაშორისო ვაჭრობისათვის ზედმეტი დაბრკოლებების შესაქმნელად ან ამ შედეგით.

F. იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს საერთაშორისო სტანდარტები ან დასრულების სტადიაშია მათი შემუშავება, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან თავიანთი სტანდარტების შემუშავებისას, საფუძვლად გამოიყენონ ისინი ან მათი შესაბამისი ნაწილები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტები ან მათი შესაბამისი ნაწილები არ იქნება ეფექტური ან არ იქნება შესაფერისი საშუალება კანონიერი მიზნების მისაღწევად, მაგალითად მნიშვნელოვანი კლიმატური ან გეოგრაფიული ფაქტორების, ან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პრობლემების არსებობისას.

G. სტანდარტების შეძლებისდაგვარად ფართო ჰარმონიზაციის მიზნით, სტანდარტიზაციის ორგანომ, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღოს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოების მიერ იმ საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაში, რომლებიც მას მიღებული აქვს, ან აპირებს მათ მიღებას. წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული სტანდარტიზაციის ორგანოს საერთაშორისო სტანდარტიზაციის კონკრეტულ საქმიანობაში მონაწილეობა უნდა ხორციელდებოდეს ერთი დელეგაციის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ სტანდარტიზაციის ყველა ორგანოს, რომლებმაც მიიღეს ან აპირებენ სტანდარტების მიღებას იმ კონკრეტულ სფეროში, რომელშიც მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტიზაციის საქმიანობა.

H. წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული სტანდარტიზაციის ორგანომ უნდა განახორციელოს ძალისხმევა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეროვნულ ტერიტორიებზე არსებული სტანდარტიზაციის ორგანოების ან სტანდარტიზაციის შესაბამის საერთაშორისო ან რეგიონული ორგანოების საქმიანობასთან დუბლირება ან ნაწილობრივი დამთხვევა. ისინი, აგრეთვე, ვალდებულნი არიან მიისწრაფვოდნენ, მათ მიერ შემუშავებულ სტანდარტებთან მიმართებით, ეროვნული კონსენსუსის მიღწევისაკენ. ასეთივე წესით სტანდარტიზაციის რეგიონული ორგანოც ვალდებულია მიისწრაფვოდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოების საქმიანობასთან დუბლირება ან ნაწილობრივი დამთხვევა.

I. იქ სადაც ეს შესაძლებელია, სტანდარტიზაციის ორგანო სტანდარტებს აყალიბებს პროდუქციის საექსპლუატაციო ხასიათის მოთხოვნების საფუძველზე და არა პროდუქციის დიზაინისა და გარეგნული თვისებების მიხედვით.

J. სულ ცოტა ექვს თვეში ერთხელ, სტანდარტიზაციის ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს სამუშაო პროგრამა თავისი დასახელებისა და მისამართის მითითებით, რომელშიც მითითებულია იმ პერიოდისათვის შემუშავების სტადიაში მყოფი სტანდარტები და ამასთანავე, წინა პერიოდში შემუშავებული სტანდარტები. სტანდარტი მუშავდება მის შემუშავებაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან მის მიღებამდე. განსაზღვრული სტანდარტების პროექტების დასახელება, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა ქვეყნდებოდეს ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე. სამუშაო პროგრამის არსებობის შესახებ შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს სტანდარტიზაციის საქმიანობის ეროვნულ ან სხვა შემთხვევაში, რეგიონულ ბეჭვდით ორგანოებში.

ისო/ნეტის მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაო პროგრამა თითოეული სტანდარტისათვის უნდა მიუთითებდეს კლასიფიკაციას, რომელიც დაკავშირებულია მის სფეროსთან, სტანდარტის შემუშავების ეტაპს და უნდა გაკეთდეს მითითება იმ საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლებიც გამოყენებულია საფუძვლად. სამუშაო პროგრამის გამოქვეყნებამდე, სტანდარტიზაციის ორგანო ვალდებულია პროგრამის არსებობის შესახებ აცნობოს ISO/IEC-ის საინფორმაციო ცენტრს ჟენევაში.

შეტყობინება უნდა შეიცავდეს სტანდარტიზაციის ორგანოს დასახელებასა და მისამართს, პუბლიკაციის დასახელების და გამოცემის ნომერს, რომელშიც გამოქვეყნებულია სამუშაო პროგრამა, ამ პროგრამის მოქმედების პერიოდს, მის ღირებულებას (თუკი არსებობს) და ინფორმაციას, თუ სად და როგორ შეიძლება იქნეს იგი მიღებული. შეტყობინება შეიძლება პირდაპირ იქნეს გაგზავნილი ISO/IEC-ის საინფორმაციო ცენტრში, ან იმ შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, რომელიც არის ისო/იეკის წევრი, ან უმჯობესია, შესაბამისი ეროვნული წევრის ან ისო/ნეტის საერთაშორისო ფილიალის მეშვეობით.

K. ISO/IEC-ის ეროვნული წევრი ვალდებულია გაატაროს ძალისხმევა, რათა გახდეს ისო/ნეტის წევრი, ან სხვა ორგანოს დაავალოს მისი წევრობა, აგრეთვე, მიიღოს ისო/ნეტის წევრობის ყველაზე მიღებული შესაძლო ფორმა. სტანდარტიზაციის სხვა ორგანოები უნდა მიისწრაფოდნენ ISONET-ის წევრთან ურთიერთობების დამყარებისაკენ.

L. სტანდარტიზაციის ორგანო ვალდებულია სტანდარტის მიღებამდე გაითვალისწინოს, უკიდურეს შემთხვევაში, 60 დღიანი პერიოდი, რათა სტანდარტის პროექტთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის შიგნით არსებული დაინტერესებული მხარეების შენიშვნები. დროის ეს პერიოდი შეიძლება იქნეს შემცირებული, როდესაც წარმოიშვება ან შეიძლება წარმოშობილ იქნეს უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან გარემოს გადაუდებელი პრობლემები. არაუგვიანეს შენიშვნებისათვის განკუთვნილი პერიოდის დაწყებისა, სტანდარტიზაციის ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს შეტყობინება J პუნქტით გათვალისწინებული შენიშვნების წარდგენის პერიოდის შესახებ. ასეთი შეტყობინება, შეძლებისდაგვარად, უნდა მიუთითებდეს განსხავდება თუ არა სტანდარტის პროექტი შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტისაგან.

M. წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, სტანდარტიზაციის ორგანო ვალდებულია შეუფერხებლად მიაწოდოს, ან მიიღოს ზომები იმისათვის, რომ მიწოდებულ იქნეს იმ სტანდარტის პროექტი, რომელიც მან წარადგინა შენიშვნებისათვის. ამ მომსახურებისათვის აკრეფილი ნებისმიერი მოსაკრებელი უნდა იყოს თანაბარი, როგორც უცხოელთათვის, ისე თავისი მოქალაქეებისათვის, მიწოდების რეალური ღირებულების გათვალისწინებით.

N. სტანდარტის შემდგომი დამუშავებისას სტანდარტიზაციის ორგანო ვალდებულია გაითვალისწინოს შენიშვნები, რომლებიც მიიღო განხილვის პერიოდში. თუკი არსებობს თხოვნა, სტანდარტიზაციის იმ ორგანოებისაგან მიღებულ შენიშვნებზე, რომელთაც მიიღეს კეთილსინდისიერი პრაქტიკის კოდექსი, რაც შეიძლება მალე, უნდა იქნეს გაცემული პასუხი. ეს პასუხი უნდა შეიცავდეს განმარტებას იმის შესახებ, თუ რა მიზეზებით ხდება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტისაგან გადახრების გაკეთება.

O. სტანდარტის მიღებისთანავე, დაუყონებლივ ხდება მისი გამოქვეყნება.

P. წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, სტანდარტიზაციის ორგანო ვალდებულია შეუფერხებლად მიაწოდოს, ან მიიღოს ზომები იმისათვის, რომ მიწოდებულ იქნეს უკანასკნელი პერიოდის სამუშაო პროგრამის ან იმ სტანდარტის ასლები, რომლის მიღებასაც იგი აპირებს. ამ მომსახურებისათვის აკრეფილი ნებისმიერი მოსაკრებელი უნდა იყოს თანაბარი როგორც უცხოელთათვის ისე თავისი მოქალაქეებისათვის, მიწოდების რეალური ღირებულების გათვალისწინებით.

Q. სტანდარტიზაციის ორგანო ვალდებულია კეთილგანწყობით განიხილოს სტანდარტიზაციის იმ ორგანოებიდან მიღებული მოთხოვნა კონსულტაციების ჩატარების თაობაზე, რომლებმაც მიიღეს კარგი პრაქტიკის კოდექსი, ამასთანავე, უნდა მისცეს მათ წინამდებარე კოდექსის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობა. იგი ვალდებულია ობიექტურად გადაწყვიტოს ნებისმიერი საჩივარი.


* თარგმნილი ტექსტი აღებულია პროგრამიდან codex.ge და შესწორებულია ამ საიტის ადმინისტრატორების მიერ. უსწორობის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე asocireba.ge@gmail.com