Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0013 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ენერგეტიკული ბაზრის წესები ევროკავშირში
 
ბოლო განახლება: 2018-12-31

ევროკავშირი ამჟამად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ერთიანი, ლიბერალური ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება. ეს უნდა იყოს ერთიანი სივრცე, რომელშიც სხვადასხვა მიმწოდებლები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და მომხმარებლებს მათ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. ასეთი კონკურენციის შედეგია ფასების შემცირება, მომსახურების ხარისხის და ეფექტურობის ზრდა, მიწოდების სტაბილურობა. ბუნებრივი წინააღმდეგობა აქ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ენერგორესურსები მომხმარებლებს სპეციალური ქსელების საშუალებით მიეწოდება, რომელთა მფლობელი ბუნებრივი მონოპოლისტია - საგანგებო რეგულირების გარეშე სწორედ ის განსაზღვრავს, რომელი მომწოდებლისგან მიიღებს მომხმარებელი ენერგორესურსებს და რა ფასად.

ამ გამოწვევის დასაძლევად, 90-ანი წლებიდან, ევრიკავშირი ენერგობაზრის ლიბერალიზაციაზე მიმართულ რეგულაციათა პაკეტებს ნერგავს.

პირველი ასეთი პაკეტი შედგებოდა ენერგომატარებლების ფასის გამჭირვალობის დამდგენი 90/377/EEC დირექტივისგან1, სატრანზიტო ქსელებზე ხელმისაწვდომობის განმსაზღვრელი 90/547/EEC და 91/296/EEC დირექტივისგან და 96/92/EC და  98/30/EC დირექტივებისგან, რომელიც შესაბამისად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ბაზრების წესებს ადგენდა. ეს პაკეტი საკმაოდ რბილ მოთხოვნებს შეიცავდა.

შემდგომში ევროკავშირის ერთიანი ენერგობაზრის ლიბერალიზაცია გაძლიერდა კანონმდებლობის მეორე და მესამე ენერგეტიკული პაკეტების ფარგლებში.

მეორე ენერგეტიკული პაკეტი მიღებული იქნა 2003-2005 წლეში. ამ პაკეტში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები დადგენილია 2003/54/EC და 2003/55/EC დირექტივებით შესაბამისად. გარდა ამისა, მასში შედის 1228/2003 და 1775/2005 რეგულაცია, რომელიც შესაბამისად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსასაზღვრო ვაჭრობას არეგულირებს,

ევროკავშირში ამჟამად ძალაშია 2009 წელს მიღებული მესამე ენერგეტიკული პაკეტი, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების განმსაზღვრელ 2009/72/EC და 2009/73/EC დირექტივებს, ამავე ქსელების ხელმისაწვდომობის პირობების დამდგენ 714/2009 და 715/2009 რეგულაციებს და აგრეთვე 713/2009 რეგულაციას, რომელიც აფუძნებს ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის ეროვნულ მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს (Agency for the Cooperation of Energy Regulators (ACER) და ადგენს მისი მუშაობის წესებს.

მთავარი გამოწვევები, რომელთა დაძლევას ეს რეგულირებები ესწრაფვის, შემდეგია:

  • ყველა მომწოდებლის თანაბარი დაშვება ელექტროენერგიის არსებულ ქსელებზე,
  • სამართლიანი ფასები, და
  • სახელმწიფოს მხრიდან თანაბრად ეფექტური ზედამხედველობა ყველა ქვეყანაში.

ითვლება, რომ ელექტროენერგიის ქსელებზე ყველა მიმწოდებლის თანაბარი დაშვებისთვის აუცილებელია ელექტროგენერაციის, ელექტროგადაცემის და ელექტროდისტრიბუციის ერთმანეთისგან განცალკევება. დირექტივის 1996 წლის და 2003 წლის ვერსიების ("პირველი" და "მეორე პაკეტის") მიხედვით ეს არ ნიშნავდა, რომ მათი მესაკუთრე აუცილებლად სხვადასხვა უნდა ყოფილიყო - აუცილებელი იყო მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილებების  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიღება. იგულისხმებოდა, რომ ეს საკმარისი იქნებოდა გარე მიმწოდებლების თანაბარი პირობებით (სამართლიანი არადისკრიმინაციური ტარიფით) არსებულ ელექტროქსელებზე დაშვებისთვის.

2009 წლისთვის აშკარა გახდა ამ ზომის არაეფექტურობა და დირექტივის 2009 წლის ვერსია მკაფიოდ უთითებს, რომ ელექტროგადაცემის სისტემებისა და მათი ოპერატორების ლეგალური განცალკევება საკუთრების გაყოფას გულისხმობს. კერძოდ, 2012 წლის 3 მარტიდან, ელექტროგადაცემის ქსელები მათი ოპერატორების4 საკუთრებაში აღარ შეიძლება იყოს. დისტრიბუციის ქსელებზე იგივე მოთხოვნა არ ვრცელდება, თუმცა ორივე შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია გააკონტროლოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს გარე მომწოდებელთა დისკრიმინაციის გარეშე დაშვება არსებულ ქსელებზე, .

დამატებით საკითხავი:

 


1 2008 წლიდან ეს დირექტივა ჩანაცვლდა 2008/92/EC დირექტივით, 2016 წლიდან კი ეს უკანასკნელი ჩანაცვლდა 2016/1952 რეგულაციით.

4 აგრეთვე სავალდებულო გახდა ამ ოპერატორების სერტიფიცირება და მჭიდრო თანამშრომლობა. სერტიფიცირებულ ოპერატორთა სია ქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. სერტიფიცირებული ოპერატორების ჩამონათვალი, გადაცემის ქსელების რუკა და სხვა მახასიათებლები ხელმისაწვდომია ელექტროგადაცემის ოპერატორთა ევროპული ქსელის  European Network for Transmission System Operators for Electricity (ENTSO-E) ვებ-გვერდზე.