ინგლისური ვერსია: სრული ტექსტი, მხოლოდ დანართი
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი
(2014-2016)
არაოფიციალური თარგმანი, წყარო იხ. აქ
საქართველო და ევროკავშირი („მხარეები“) აღიარებენ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჩამოყალიბების შემდეგ, მათი ურთიერთობების კონტექსტი მნიშვნელოვნად შეიცვალა დადებითი მიმართულებით. 2010 წელს მხარეებმა დაიწყეს მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ხოლო 2012 წელს მის შემადგენელ ნაწილზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის სივრცეზე. მათ, ასევე, შეიმუშავეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის წარმატებით შესრულება არის საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი, რომელსაც ასევე, ითვალისწინებს ასოცირების შესახებ შეთანხმება, მობილურობისა და ხალხთა შორის კონტაქტების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით.
ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის 22 ივლისს, ხოლო შეთანხმება პარაფირებულ იქნა 2013 წლის 29 ნოემბერს. შეთანხმების ძალაში შესვლა გარკვეულ დროს მოითხოვს. მანამდე აუცილებელია კონკრეტული ქმედებების განხორციელება, რათა მხარეებმა მიიღონ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა სარგებელი მისი დროებითი ამოქმედებიდან დაწყებული. წინამდებარე ასოცირების დღის წესრიგის მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესისთვის მომზადება და იმპლემენტაციის ხელშეწყობა, რაც მოხდება ისეთი პრაქტიკული ჩარჩოს შექმნით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განხორციელდეს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი ამოცანები და ჩანაცვლდეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმა.
ასოცირების შესახებ შეთანხმების სტრუქტურაზე დაყრდნობით, ასოცირების დღის წესრიგი წარმოადგენს 2014-2016 წლებში ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიას.
იმ ფაქტმა, რომ ასოცირების დღის წესრიგი ყურადღებას ამახვილებს პრიორიტეტების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობაზე, გავლენა არ უნდა მოახდინოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების, სხვა შესაბამისი შეთანხმებების თუ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული დიალოგის მასშტაბსა და მანდატზე. ასევე, არ უნდა შეზღუდოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ თუ მისი დროებითი ამოქმედების პროცესში.
1. პრინციპები, ინსტრუმენტები და რესურსები ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციისთვის
ასოცირების დღის წესრიგი შესრულდება შემდეგ საერთო პრინციპებზე დაყრდნობით:
- ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი მიზნის მისაღწევად;
- ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები ავსებს ევროკავშირისა და საქართველოს პასუხისმგებლობას, სრულად შეასრულონ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების დებულებები;
- ასოცირების დღის წესრიგი უნდა შესრულდეს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის პრინციპების სრული დაცვით;
- ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს ორივე მხარის ჩართვას ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში;
- ასოცირების დღის წესრიგი მიზნად ისახავს ხელშესახები და რეალური მიზნების მიღწევას პრაქტიკული ღონისძიებების გატარების გზით;
- მხარეები აღიარებენ შეთანხმებული პრიორიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობას, შესაბამისი პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური საშუალებებით; და
- ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია ითვალისწინებს წლიურ ანგარიშგებას, მონიტორინგსა და შეფასებას. მიღწეული პროგრესი, მათ შორის, განხილული იქნება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების, თუ სხვა შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბებული ინსტიტუტების ფარგლებში.
ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნებისა და პრიორიტეტების შესრულებაში. ამ მიზნით, ევროკავშირი გამოიყენებს დახმარების ყველა შესაძლო წყაროს, ასევე, გამოცდილებისა და რჩევების, მოწინავე პრაქტიკის და ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის მიწოდებას, შესაძლებლობების განვითარებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას. ევროკავშირი, ასევე, ხელს შეუწყობს და შეეცდება საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ გაწეული დახმარების კოორდინაციას. ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტები. ამის მიუხედავად, წინამდებარე ასოცირების დღის წესრიგი, თავის მხრივ, არ წარმოადგენს ფინანსური პროგრამირების დოკუმენტს და არ ჩაანაცვლებს მხარეთა მიერ განსახორციელებელი პროგრამირებისა თუ ფორმულირების ღონისძიებებს.
ევროკავშირის დახმარება განხორციელდება საქართველოს დახმარების პრიორიტეტების საერთო კონტექსტში, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ერთიანი მხარდაჭერის ჩარჩოსა (SSF) და ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის მრავალმხივი პროგრამირების საფუძველზე, როგორც საქართველოსთვის გამოყოფილი მთლიანი დაფინანსების ნაწილი, ევროკავშირის საგარეო დახმარების იმპლემენტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
წინამდებარე ასოცირების დღის წესრიგი ამოქმედდება მისი მიღების მომენტიდან, სამი წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ასოცირების დღის წესრიგი ამოქმედებისთანავე ჩაანაცვლებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას (ENP Action Plan), როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის მონიტორინგის ძირითად საშუალებას. ასევე, მოხდება სამოქალაქო საზოგადოების წახალისება მონიტორინგის ფოკუსირება მოახდინოს ასოცირების დღის წესრიგზე.
წინამდებარე ასოცირების დღის წესრიგი შეიძლება შეიცვალოს ან განახლდეს ნებისმიერ დროს, საჭიროებისამებრ, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს (ასოცირების საბჭო) გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ.
2. ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტები
2.1. პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა
ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში პოლიტიკური დიალოგის და რეფორმებისთვის თანამშრომლობის მიზანია დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვის პატივისცემის გაძლიერება, გაერო-სა და ევროსაბჭო-ს ძირითადი კონვენციებისა და შესაბამისი ოქმების შესაბამისად; და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით შიდა პოლიტიკური რეფორმების კონსოლიდაციის ხელშეწყობა. პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმების ქვემოთმოცემული საკითხების იმპლემენტაციის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის 2013 წლის სექტემბრის ანგარიში „საქართველო გარდამავალ პერიოდში“1 და განსაკუთრებით, ამ ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციები.2
დიალოგმა და თანამშრომლობამ უნდა მოიცვას შემდეგი სფეროები:
(I) დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა უზრუნველმყოფი ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაძლიერება, განსაკუთრებით შემდეგი გზით:
- არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ჩარჩოსა და საარჩევნო ადმინისტრირებაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისა (IATF) და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს)/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ განსაზღვრული ნებისმიერი ნაკლოვანების აღმოფხვრა, მათ შორის 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებით;
- კონსტიტუციური ცვლილებების (საჭიროების შემთხვევაში) განხორციელება ქვეყნის შიგნით და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიასთან ყოველმხრივი კონსულტაციების შედეგად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ცვლილებების მდგრადობა;
- კონსტიტუციის მოქნილობასა და სტაბილურობას შორის ბალანსის გაუმჯობესება და პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებების გაძლიერება ვენეციის კომისიის No 737/2013 დასკვნის შესაბამისად;
- კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის როლების პატივისცემის უზრუნველყოფა;
- პოლიტიკურ სისტემაში შესაბამისი კონტროლისა და ბალანსის უზრუნველყოფა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადის ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე. პარლამენტის როლისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების გაგრძელება;
- დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელება ევროპის საბჭოს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ქარტიის“ შესაბამისად. (CETS No 122)
(II) მართლმსაჯულების სექტორის შემდგომი რეფორმირება, კერძოდ: სასამართლო სისტემისა და პროკურატურის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა, რომლებიც თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური, თუ სხვა არამართლზომიერი ჩარევისაგან; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და გაგრძელება:
მართლმსაჯულება
- სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გამოკვეთილი მიზნებითა და პრიორიტეტებით, რომელიც უნდა მოიცავდეს მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გადამზადების პოლიტიკას და შესაბამის რესურსებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო მოხელეთა კომპეტენტურობა;
- გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ამასთან ერთად, მოხდეს სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში მხარეების თანასწორობის გაზრდა და ისეთი საკითხების განხილვა და სამართლებრივი წინადადებების წარმოდგენა როგორიცაა:
- მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის გაზრდა;
- სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების უზრუნველყოფა;
- დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, რათა დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები;
- საპროცესო გარიგების სისტემის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის და ევროსაბჭოს/ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან;
- სისხლის სამართლის პროცესში მსხვერპლის სტატუსი და უფლებები;
- სისხლის სამართლის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმირება.
- განხორციელდეს პროკურატურის რეფორმა 2008 წლის კანონში 2013 წლის ცვლილების შესაბამისად. კერძოდ, განისაზღვროს სათანადო საკონსტიტუციო ჩარჩო პროკურატურისთვის ეფექტიანი ზედამხედველობით, რათა მოხდეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა და ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად პროფესიონალური პროკურატურა (მათ, შორის თანამშრომელთა შესაბამისი გადამზადების გზით) რომელიც თავისუფალი იქნება, როგორც პოლიტიკური პარტიის, ასევე, სხვა არამართლზომიერი ზეგავლენისგან.
- უზრუნველყოფილ იქნას სისხლის სამართლებრივი დევნის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად განხორციელება, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, რათა თავიდნ იქნას აცილებული ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართალი;
- სისხლის სამართლის სფეროში გაგრძელდეს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პოლიტიკა; ხელი შეეწყოს ისეთ მიდგომებს, როგორიც არის: არასაპატიმრო სასჯელი, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, აქტიურად იქნას გამოყენებული პრობაცია, თავდებით ნაადრევი გათავისუფლება, აცილება და შუამდგომლობა;
- უზრუნველყოფილ იქნას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ადეკვატური დაფინანსების მქონე და პროფესიონალურად მომზადებული იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ;
- გაიზარდოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა; საჩივრები პოლიციისა და პროკურორების წინააღმდეგ, საჭიროებს პროფესიონალურ და ეფექტიან მექანიზმს მათზე სარწმუნო რეაგირებისთვის. განხილულ იქნას სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, მსგავსი საქმეების გამოსაძიებლად. უზრუნველყოფილ იქნას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ყოვლისმომცველი პროფესიული გადამზადება ეთიკურ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- განვითარდეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (შუამდგომლობა, არბიტრაჟი); გადაიხედოს ადმინისტრაციული დაკავების წესები სამართლიანი სასამართლო განხილვის ნორმების შესაბამისად.
ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური
- უზრუნველყოფილ იქნას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობა და შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, როგორიც არის კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენცია, ეფექტიანი იმპლემენტაცია.
- მიღებულ იქნას ადეკვატური ზომები საზოგადოების ყველა დონეზე, რათა მოხდეს კორუფციის, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციის, პრევენცია, გამოვლენა და მასზე რეაგირება;
- განხორციელდეს ადმინისტრაციული რეფორმა, სადაც აქცენტი გაკეთდება საჯარო ადმინისტრირებასა და ანგარიშვალდებული, ქმედითი, ეფექტიანი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებაზე; და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე;
(III) უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საკითხებზე ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გზით, როგორც ეს აღნიშნულია თომას ჰამარბერგის ანგარიშში „საქართველო გარდამავალ ეტაპზე“. ამ თანამშრომლობამ უნდა მოიცვას ისეთი საკითხები, როგორიც არის:
- ადამიანის უფლებათა დაცვის ყოვლისმომცველი ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება; ამ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გაეროს ორგანოების, ეუთოს/ადამიანის უფლებათა ოფისის, ევროსაბჭოს/რასიზმისა და შეუწყნარებლობის შესახებ ევროპული კომისიის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინება, განსაკუთრებით ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის იმპლემენტაციისას, უმცირესობათა და პირადი ცხოვრების დაცვისას და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისას;
- ყოვლისმომცველი ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება, როგორც ეს რეკომენდირებულია გაეროსა და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო ორგანოების მიერ, რათა უზრუნველყოფილ იქნას დისკრიმინაციისგან ეფექტიანი დაცვა;
- გაეროსა და ევროსაბჭოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტების ხელმოწერის, რატიფიკაციისა და ეროვნულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციისათვის ნაბიჯების გადადგმა, „მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ გაეროს კონვენციის და „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ დაკავშირებით ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით.
- ადეკვატური რეაგირება საქართველოს მიერ „ეროვნული უმცირესობათა შესახებ“ კონვენციის შესრულების საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭოს შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციებზე;
- უნარშეზღუდულ პირთა უფლებების თაობაზე გაერო-ს კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფა;
- დავების მოგვარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი წინასასამართლო და არასასამართლო მექანიზმების შენარჩუნება;
- ადამიანის უფლებათა და ანტი-დისკრიმინაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ხელშეწყობა სასამართლო, სამართალდამცავ, ადმინისტრაციის სისტემაში;
- მედია პლურალიზმის, გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის გაძლიერების გაგრძელება ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად;
- პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციების გათვალისწინება. ასევე, შესაბამისი რესურსების მოძიება და სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება;
- ანტიდისკრიმინაციული კანონით გათვალისწინებული ინსტიტუციური მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირების მხარდაჭერა; ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების სადამკვირვებლო შესაძლებლობების შექმნა, რომელიც დაკავშირებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებასთან;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) და განსაკუთრებით სოციალური პარტნიორების (პროფესიული კავშირები და დამსაქმებელთა ორგანიზაციები) მხარდაჭერა, როგორც მომსახურების მიმწოდებლებისა და მაკონტროლებლებისა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში, მათ შორის შრომითი უფლებების, კონფიდენციალურობის, უმცირესობათა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და მედიის თავისუფლების სფეროებში.
სასტიკი მოპყრობა და წამება
- სასტიკი მოპყრობისა და წამების წინააღმდეგ, ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლება, და მათი განხორციელებისთვის ძალისხმევის გაძლიერება დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
- სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო, თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებასთან და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების სიღრმისეული, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფა;
- სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და სახალხო დამცველის აპარატის „პრევენციის ეროვნული მექანიზმის“ მხარდაჭერა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრევენციისა და „პრევენციის ეროვნული მექანიზმის“ მიერ, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო დახურული დაწესებულებების მონიტორინგის შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
- სასჯელაღსრულების სისტემის, პოლიციის, სამხედრო და სხვა დახურული დაწესებულებების ეფექტიანი შიდა და გარე მონიტორინგის შემდგომი გაძლიერება, ძალადობისა და სასტიკად მოპყრობის ფაქტების ადრეული გამოვლენისა და მათი პრევენციის მიზნით;
- სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვისა და პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება. დახურულ დაწესებულებებში ან მსგავსი დაწესებულებებისთვის მომუშავე სამედიცინო პერსონალის უნარების განვითარება და მათთვის შესაძლებლობის მინიჭება, მონაწილეობა მიიღონ სასტიკი მოპყრობის დაგმობასა და შესაბამისი ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისთვის მიწოდებაში.
პროფესიული კავშირების უფლებები და ძირითადი შრომითი სტანდარტები
- 2013 წლის ივლისში, პარლამენტის მიერ მიღებული ახალი შრომის კოდექსის შესრულება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტების შესაბამისად.
- ახალი შრომის კოდექსის ახალი ინსტიტუტებითა და პროცედურებით გამაგრება, დავების გადაჭრისა და მოლაპარაკების კულტურის (მედიაციის ცენტრის) განვითარებისთვის. ასევე, სამუშაო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ყურადღების გამახვილება და ისეთი მექანიზმისა და ინსტიტუტის შექმნა, რომელთაც ექნებათ ადეკვატური პოტენციალი სამუშაო პირობების შესამოწმებლად, ახალი შრომის კოდექსისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
- ეფექტიანი სოციალური დიალოგის ჩამოყალიბება, მათ შორის, სამმხრივი კომისიის სისტემატიური მოწვევის გზით;
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელება და გაღრმავება.
თანასწორი მოპყრობა
- გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;
- ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესები, ორსულთა უფლებების დაცვის წესები, მშობლისა და პროფესიული ვალდებულებების შეთავსების წესები, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
- ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის იმპლემენტაციის გაძლიერება, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება, როგორც ზოგადად მოსახლეობაში, ისე სპეციფიურ პროფესიულ ჯგუფებში, როგორიცაა პოლიცია, და განსაკუთრებით სოფლებსა და უმცირესობების დასახლების ადგილებში. მსხვერპლთათვის საკონსულტაციო მომსახურებებსა და თავშესაფრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ბავშვთა უფლებები
- ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება და მოწყვლადი ჯგუფების ბავშვებისთვის შედარებით მაღალი პრიორიტეტის მინიჭება;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება; (ზემოთ იხ. ასევე „მართლმსაჯულება“)
- ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ბავშვთა უფლებების თვალსაჩინოდ ჩართვა;
- სახალხო დამცველის როლის გაძლიერება და მისი შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა, ბავშვთა საკითხებზე მუშაობისა და შესაბამის ინსტიტუტებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის გაგრძელების მიზნით;
- ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დასაცავად შესაბამის ზომებზე ყურადღების გამახვილება.
2.2 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა
ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში (CFSP) დიალოგისა და თანამშრომლობის მიზანია ეტაპობრივი დაახლოება, მათ შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებზე, განსაკუთრებით ისეთ თემებთან მიმართებით, როგორიცაა: უსაფრთხოება, კონფლიქტის პრევენცია და კრიზისის მართვის საკითხები, რეგიონალური სტაბილურობა, განიარაღება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, შეიარაღების კონტროლი და ექსპორტის კონტროლი. თანამშრომლობა ემყარება ერთიან ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს და მის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური დაახლოებისა და ეფექტიანობის გაზრდა, ორმხრივი, საერთაშორისო და რეგიონალური ფორმატების გამოყენებით. კერძოდ:
- პრაგმატული თანამშრომლობის, პოლიტიკური დიალოგის განვითარებისა და რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობისათვის მოსახერხებელი გარემოს შექმნა, მათ შორის ევროსაბჭოსა და ეუთოს ფორმატში;
- კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ეფექტიან მულტილატერალიზმზე დაფუძნებული საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა;
- ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე ევროკავშირის დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გაგრძელება;
- სანქციების რეჟიმებზე თანამშრომლობის განვითარება;
- სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვართა ურღვევობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების პატივისცემის უზრუნველყოფა, გაეროს წესდებისა და ეუთოს ჰელსინკის დასკვნითი აქტის შესაბამისად;
- პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება კონფლიქტის პრევენციისა და კრიზისის მართვის მიმართულებით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამოქალაქო და სამხედრო კრიზისის მართვის ოპერაციებსა და CSDP სფეროში კონულტაციებსა და წვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გზით (2013 წლის ნოემბერში გაფორმებული, მონაწილეობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმების საფუძველზე) და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში CSDP პანელის ფარგლებში);
- CSDP-სთან დაკავშირებულ წვრთნებსა და კონსულტაციებში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა (რეგულარული ორმხრივი კონსულტაციებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში CSDP პანელის ფარლგებში);
ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და იარაღის უკანონო ექსპორტი
- თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ბრძოლის თაობაზე საერთაშორისო კონსენსუსის გაღრმავების, მათ შორის, ტერორისტული აქტების სამართლებრივი განმარტების, ასევე, საერთაშორისო ტერორიზმის შესახებ ყოვლისმომცველ კონვენციაზე შეთანხმების ხელშეწყობის მიზნით;
- ტერორისტულ ორგანიზაციებზე, ჯგუფებზე, მათ საქმიანობასა და მათ მხარდამჭერ ქსელებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, საერთაშორისო სამართლისა და მხარეების კანონმდებლობის შესაბამისად;
- ტერორიზმის დაფინანსების თაობაზე ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებში განსაზღვრული სტანდარტების შესრულება;
- მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობა და აღნიშნულ საქმეში წვლილის შეტანა, საერთაშორისო განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მათი არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებისა და ეროვნულ დონეზე მათი იმპლემენტაციის გზით.
- მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ტვირთების ეროვნული ექსპორტისა და ტრანზიტის კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, მასობრივი განადგურების იარაღის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე საბოლოო გამოყენების კონტროლის ჩათვლით, ექსპორტის კონტროლის დარღვევებზე ეფექტიანი სანქციებით.
- თანამშრომლობა რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის თაობაზე, იმპორტული, ექსპორტული, თუ ტრანზიტული საქონლის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- მცირე და მსუბუქი შეიარაღებითა და მათ შორის, საბრძოლო მასალებით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრა, არსებული საერთაშორისო შეთანხმებების, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და ამ სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად;
- ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება, სამხედრო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ექსპორტის კონტროლის შესახებ ევროკავშირის ერთიანი პოზიციის ჭრილში. იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მარაგების განადგურების კუთხით თანამშრომლობის განვითარება;
- ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების (NPT) სამივე სვეტის დაბალანსებული გზით შესრულებაში წვლილის შეტანის გაგრძელება;
- გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 2013 წლის 2 აპრილს მიღებული, იარაღით ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიკაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება
- 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და მისი შემდგომი საიმპლემენტაციო ზომების სრულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევის გაგრძელება;
- ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანადავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის შენარჩუნება და მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- ადგილზე ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის, მათ შორის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრულად შესრულების, მნიშვნელობის ხაზგასმა;
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შენარჩუნება კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით, შეთანხმებულ ფორმატებში, მათ შორის, კონსულტაციების გამართვა, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხვინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პროცესში შესაბამისად ჩასართავად გზების მოძიების მიზნით;
- კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის ინტენსიფიკაცია, მათ შორის, რეგულარული პოლიტიკური დიალოგის წარმოების გზით;
- კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერა, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მოსახლეობასთან კონტაქტების დამყარების გზით, საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჭრილში, რომელზეც ისინი თანამშრომლობენ.
- ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა, ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვა, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი;
- საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით მუშაობა;
- კონფლიქტის მდგრადი გადაჭრის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისას და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული ფორმატებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება, როგორც მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის, ისე შესაბამის საერთაშორისო სუბიექტებთან დიალოგისას დღის წესრიგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი;
- საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებიდან გამომდინარე სარგებელისა და შესაძლებლობების, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის გაზიარების მიზნით, შესაბამისი გზების მოძიება;
- კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებში, ხალხთა შორის კონტაქტების, ნდობის აღდგენისა და შერიგების ძალისხმევის გაძლიერების მიზნით ზომების გატარება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის გაგრძელება, რომის სტატუტისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების განხორციელების მეშვეობითა და მისი ერთიანობის დაცვის მიმართ სათანადო ყურადღების გამახვილებით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე.
2.3 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება
მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში:
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
- პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვის უზრუნველყოფა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, და შესაბამისი საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისადმი პატივისცემის გაზრდის მიმართულებით, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში; მონაცემთა დაცვის სტანდარტების კერძო სექტორზე გავრცელების უზრუნველყოფა;
- მონაცემთა დაცვის ორგანოს (ინსპექტორის აპარატის) შესაძლებლობების გაძლიერების გაგრძელება და ყველა სექტორში, განსაკუთრებით, სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა დაცვის სტანდარტების გამოყენების კონტროლი, მონაცემთა დაცვის ორგანოს დამოუკიდებლობისა და მისი შესაბამისი რესურსებით აღჭურვის უზრუნველყოფა, რაც ამ უკანასკნელს მისცემს საშუალებას შეასრულოს, ადეკვატური ძალაუფლებითა და მოვალეობებით აღჭურვილი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანოს როლი;
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გაუმჯობესება და მისი დარღვევის ფაქტების გამოძიება; პერსონალურ მონაცემთა, კანონის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა, საჭიროების, პროპორციულობის და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით და ადეკვატური ზედამხედველობის პირობებში.
- მონაცემთა დაცვასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომისთვის მის მნიშვნელობაზე უწყვეტი და მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის წარმართვა.
მიგრაცია და თავშესაფარი
- 2013-2015 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და მისი თანხმლები სამოქმედო გეგმის ეფექტიანი იმპლემენტაცია;
- მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობის კონსოლიდაცია, ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სტატუსის განსაზვრისა და უფლებათა დაცვისთვის სამართლიანი პროცედურების ხელმისაწვდომობას;
- მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნა;
- მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო კომისიის გაძლიერების გაგრძელება, მოწყვლადი ჯგუფის მიგრანტების ნებაყობლობითი დაბრუნების დასახმარებელი პროგრამების შემუშავება;
- ევროკავშირი-საქართველოს რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მექანიზმების შემუშავება;
- ყოვლისმომცველი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის რეფერალური მექანიზმის შემუშავება და განხორციელება, საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციისა და მიგრანტების დაბრუნების საკითხზე მომუშავე სამთავრობო უწყებების, მათ შორის, მობილურობის ცენტრის, ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერება;
- არალეგალური მიგრანტებისთვის დროებითი საცხოვრებელი ცენტრის შექმნა და მისი ოპერაციული შესაძლებლობების უზრუნველყოფა;
- ევროკავშირში მობილობისა და მიგრაციის საკითხზე უწყვეტი და მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის ორგანიზების გაგრძელება, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდება მიგრანტების უფლებებსა და მოვალეობებზე, ევროკავშირის შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობაზე (მათ შორის, ევროკავშირის საიმიგრაციო პორტალის საშუალებით), ასევე ევროკავშირის ჯანდაცვის სისტემების ხელმისაწვდომობასა და უვიზო რეჟიმის ფარგლებში ნებისმიერი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობის თემაზე.
საზღვრის მართვა
- საზღვრის ინტეგრირებული მართვის მრავალწლიანი სტრატეგიისა და 2013 წლის შემდგომი პერიოდისთვის მისი თანმხლები სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- საქართველოს არა-ბიომეტრიული პასპორტების ეტაპობრივი ამოღება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
- სასაზღვრო შემოწმებების და საზღვრის ზედამხედველობის მაღალი დონის შენარჩუნება და ეფექტიანი უწყებათაშორისი თანამშრომლობის განვითარება;
- მწვანე საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარების მიმართულებით ძალისხმევის გაზრდა, ყოვლისმომცველი საჭიროების შეფასების შედეგად;
- მესაზღვრეების, მებაჟეებისა და საზღვრის მართვისა და ზედამხედველობის პროცესში ჩართული სხვა მოხელეებისთვის შემდგომი ტრეინინგ პროგრამების შემუშავება.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელებისათვის ძალისხმევის გაძლიერება; სახელმწიფო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და გამოძიებისათვის.
- ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ძალისხმევის გაგრძელება; და
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შესაქმნელად, შემდგომი ძალისხმევის გაძლიერება;
- ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანად გამკლავების მიზნით, თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის, მათ შორის, ევროპის პოლიციის სამსახურთან (EUROPOL) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გზით.
ბრძოლა უკანონო ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ
- ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ეროვნული სტრატეგიისა და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება, ამავდროულად, სტრატეგიის მოქმედების ვადის 2015 წლამდე გაზრდის შესაძლებლობის გათვალისწინება;
- ნარკოტიკული საშუალებების საკითხთან დაკავშირებით დაბალანსებული და ინტეგრირებული მიდგომის უზრუნველყოფის გაგრძელება, რათა მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შედეგად გამოწვეულ ჯანმრთელობისა და სოციალურ შედეგებთან გამკლავება, ასევე, უზრუნველყოფილ იქნას უფრო ეფექტიანი პრევენცია და განხორციელდეს მუშაობა უკანონო ნარკოტიკული ნივთიერებების მიწოდების, ვაჭრობისა და მათზე მოთხოვნის შემცირების მიმართულებით;
- უკანონო ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლის ინსტიტუციური სტრუქტურების გაძლიერება;
- რეგულარული დიალოგის გაგრძელება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნარკოტიკული საშუალებების შესახებ დიალოგის ფარგლებში;
- თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის განვითარება, მათ შორის, ევროპის ნარკოტიკული საშუალებებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA) თანამშრომლობის გზით;
სამართლებრივი თანამშრომლობა
- სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით, კერძოდ: სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის ფარგლებში მიღებული კონვენციები, ასევე, ბავშვთა დაცვის კონვენციები, განსაკუთრებით, 1965 წლის კონვენცია “სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მომსახურების გაწევის შესახებ”, 1970 წლის კონვენცია “სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში მტკიცებულების უცხოეთში გატანის შესახებ” და 1996 წლის კონვენცია „მშობლების პასუხისმგებლობასთან და ბავშვთა დაცვისკენ მიმართულ ზომებთან დაკავშირებული იურისდიქციის, მოქმედი კანონმდებლობის, აღიარების, აღსრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“.
- სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება, შესაბამის კონვენციებთან, განსაკუთრებით ევროსაბჭოს კონვენციებთან, მიერთებისა და განხორციელების გზით;
- ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (Eurojust) უფრო ახლო თანამშრომლობის დამყარება, მათ შორის ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის გათვალისწინება.
2.4 ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები
საქონლით ვაჭრობა
მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საქონლის ბაზარზე დაშვების შესახებ დებულებების განხორციელებისათვის მომზადების მიმართულებით, კერძოდ, ერთობლივი კონსულტაციების გზით, რათა:
- გაიზარდოს საქართველოს საექსპორტო სტრუქტურის დივერსიფიკაცია;
- მეტად დაიხვეწოს სავაჭრო სტატისტიკის სფერო;
- დამყარდეს მჭიდრო თანამშრომლობა გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმის (anti-circumvention mechanism) ეფექტიანად გამოყენების მიზნით;
- უზრუნველყოფილ იქნას, რომ არ მოხდება მხარეებს შორის ვაჭრობისას ამჟამად გამოყენებული იმპორტის გადასახადების გაზრდა ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე პერიოდში და მისი ძალაში შესვლის შემდეგ (უმოქმედობის მუხლი)
- მოხდეს საქართველოს დახმარება იმ კანონმდებლობის შემუშავებასა და განხორციელებაში, რომლის მომზადებასაც ის შესაძლოა გეგმავდეს ბაზარზე დაშვებასა და სხვა დაკავშირებულ საკითხებზე (ე.ი. სავაჭრო ზომებზე)
- უზრუნველყოფილ იქნას ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებულ განვითარებებსა და ბაზარზე დაშვების პოლიტიკის შესახებ.
ტექნიკური რეგლამენტები, სტანდარტიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურა
მხარეები ითანამშრომლებენ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სფეროებში, რათა მიღწეულ იქნას ამ სისტემების თანდათანობითი დაახლოება ევროკავშირის შესაბამის სისტემებთან, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად. თანამშრომლობა მოიცავს:
- იმ კანონმდებლობის შემუშავებას, რომლის განხორციელების ვალდებულებაც საქართველომ აიღო ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების (TBT) სტრატეგიის შესაბამისად;
- სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებას;
- დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ეკონომიკური ოპერატორების, მომზადებისა და ადაპტაციის ხელშეწყობას, დაახლოებული კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის;
- ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგიის განხორციელებას;
- ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციული უნარების გაძლიერებას;
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და სააგენტოების მართვისთვის კადრების შემდგომ ტრეინინგს;
- საქართველოს ტექნიკური ბარიერებისა და ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგიების ყველა შესაბამის ასპექტზე, შესაბამისი განრიგების ჩათვლით, ინფორმაციის გაცვლას;
- საქართველოს მომზადებას იმ პირობების დასაკმაყოფილებლად, რაც საჭიროა შესაბამისობის შეფასების და ინდუსტრიული პროდუქტების აღიარების შესახებ შეთანხმების (ACAA) გასაფორმებლად ერთ ან რამდენიმე სექტორში, ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, და შესაბამისი ყოვლისმომცვლელი ინსტიტუციონალური რეფორმის გეგმის შესაბამისად, საკანონმდებლო რეფორმების ჩათვლით;
- ინფორმაციის გაცვლას ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების სფეროში სხვა შესაბამის განვითარებებზე, მაგალითად, დაკავშირებულს საერთაშორისო სტანდარტების შემოღებასა ან საკუთარ ბაზარზე ისეთი პროდუქციის დაშვებაზე, რომელიც საერთაშორისოსგან განსხვავებულ სტანდარტებს ექვემდებარება.
სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები
მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოს სურსათის და ცხოველის საკვების, მცენარეთა ჯანმრთელობისა და ასევე, ცხოველთა ჯანმრთელობის სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების, კეთილდღეობის კანონმდებლობის და პრაქტიკის ევროკავშირთან დაახლოებისთვის მოსამზადებლად, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით. თანამშრომლობა მოიცავს:
- საქართველოს არსებული სურსათის უვნებლობის სტრატეგიის და დაახლოების პროგრამის იმპლემენტაციის დასრულებას, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობის კოდექსის განხორციელებისას და საიმპლემენტაციო ჰორიზონტალური კანონმდებლობის პროგრესული მიღებისას;
- საქართველოს დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრას და საქართველოს არსებული სურსათის უვნებლობის სტრატეგიის გადახედვას, რათა ამ უკანასკნელმა მოიცვას ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში მოცემული ყველა სფერო. მან ასევე უნდა მოიცვას დარგობრივი კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად;
- სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებზე ვეტერინარული, ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის შემოწმების, კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარების უზრუნველყოფას;
- საქართველოსთვის შემდგომი ტექნიკური რჩევებისა და მხარდაჭერის გაწევას კანონმდებლობის შემუშავებასა და გატარებაში, მათ შორის, შესაბამისი კადრების მომზადებაში, კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობების განვითარებასა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაში, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად;
- სურსათის და ცხოველის საკვების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა ჯანმრთელობის უვნებლობისთვის, ადრეული გაფრთხილების მექანიზმის დანრგვისთვის მომზადებას;
- საინფორმაციო კამპანიის ორგანიზებას შესაბამის სააგენტოებთან, ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად მოთხოვნების თაობაზე და ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან - სურსათისა და ცხოველთა საკვების უსაფრთხოების, შესაბამისი სამომხმარებლო ასპექტების თაობაზე;
- ქართული ბიზნესის მომზადებისა და ადაპტაციის ხელშეწყობას დაახლოებული კანონმდებლობის განხორციელებისთვის.
საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში მოცემულ ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის მოსამზადებლად, კერძოდ შემდეგი გზით:
- საქართველოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი სისტემის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის სისტემასთან, ურთიერთაღიარების შესაძლებლობით, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად;
- საქართველოს საბაჟო ორგანოების მოდერნიზაციის გაგრძელება;
- საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და მოდერნიზაციის გაგრძელება;
- საქართველოსთვის დახმარების გაწევა ტრანზიტის საერთო პროცედურების კონვენციისადმი მიერთებასა და ამ მიზნით, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში;
- თანამშრომლობა რისკის შემცველ საბაჟო კონტროლზე და შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს რისკების მართვისა და მომარაგების ჯაჭვის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას და იმპორტირებული, ექსპორტირებული თუ სატრანზიტო საქონლის უვნებლობასა და უსაფრთხოებას;
- დიალოგის გაძლიერება ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, რათა გამოირიცხოს უკანონო ვაჭრობა, აქციზური საქონლით ვაჭრობის ჩათვლით, განსაკუთრებით საბაჟო საკითხებზე ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების ოქმის ფარგლებში გაღრმავებული თანამშრომლობის გზით.
- ინტელექტუალური საკუთრების უფლების საბაჟო აღსრულებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
წარმოშობის წესები
მხარეები ითანამშრომლებენ მხარეთა შორის წარმოშობის წესების იმპლემენტაციისთვის მოსამზადებლად, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი ოქმის მიხედვით, შემდეგი გზით:
- საქართველოს დახმარება, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციულ წარმოშობის წესების რეგიონალური კონვენციისადმი მიერთების პროცესში;
- საქართველოს საბაჟო ორგანოსთვის EUR.1 მოძრაობის სერთიფიკატების გაცემისა და დამოწმების კომპეტენციის გადაცემა;
- საქართველოს საბაჟო ორგანოების ტრეინინგი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიცირებასა და დამოწმებაში.
დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია
მხარეები განაგრძობენ დიალოგს დაფუძნების, მომსახურებით ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის შესახებ, ასოცირების შესახებ შეთანხმების დებულებების შესაბამისად. ამასთანავე, მხარეები მოემზადებიან მომსახურების სფეროში ვალდებულებების შესასრულებლად, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები ითანამშრომლებენ რათა:
- ჩაატარონ შესაბამისი ტრეინინგი და უზრუნველყონ ადექვატური ადმინისტრაციული შესაძლებლობები დაგეგმილი დასაახლოებელი კანონმდებლობის გათვალისწინებით;
- განიხილონ ის სფეროები, სადაც უნდა ჩატარდეს აღნიშნული ტრეინინგი და მოხდეს შესაძლებლობების გაძლიერება, ინგლისურად თარგმნის უნარებისა და საჭირო ტექნიკური დახმარების ჩათვლით;
- უზრუნველყონ ინფორმაციის რეგულარული მიმოცვლა დაგეგმილ ან მიმდინარე საკანონმდებლო სამუშაოზე იმ სფეროებში, რომლებსაც შეეხება დაახლოება და ამ მიზნით აწარმოონ დიალოგი.
მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა
მხარეები განაგრძობენ დიალოგს კაპიტალის მოძრაობასა და გადახდებზე, განსაკუთრებით კი არსებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისათვის მზადების მიზნით.
საჯარო შესყიდვები
მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესყიდვების თავისა და შესაბამისი რეფორმების განხორციელებისთვის მომზადების პროცესში. მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს:
- ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მომზადების დაწყებას, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ და დროულ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობის განვითარებაზე, განსაკუთრებით შესყიდვების პოლიტიკისა და განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო სამუშაოზე.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება
მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოს მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დასაახლოვებლად მომზადების პროცესში, ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით. მომზადების პროცესი მოიცავს:
- ორივე მხარის უფლებების მფლობელთათვის ინტელექტუალური საკუთრების უფლების მაღალ დონეზე დაცვისა და ამ უფლებების აღსრულებისთვის ადექვატური ზომების უზრუნველყოფას;
- შესაბამისი სამთავრობო ორგანოების ან აღმასრულებელი სააგენტოების, მათ შორის საქართველოს საბაჟო ორგანოების, აღმასრულებელი შესაძლებლობების გაძლიერებას, და რეგულარული ანგარიშების წარმოდგენას ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარების თაობაზე;
- სასამართლო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რათა უფლებების მფლობელთათვის გარანტირებული იყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სანქციების ეფექტიანი იმპლემენტაცია;
- შესაბამისი ინსტიტუციური სტრუქტურების, ასევე, სამრეწველო საკუთრების უფლებების სამსახურების, საავტორო უფლებების დაცვისა და შემგროვებელი საზოგადოებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას; თანამშრომლობის გაღრმავება მესამე ქვეყნის ორგანოებთან და სამრეწველო ასოციაციებთან;
- ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლების დაცვის სფეროში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და უფლებების მფლობელებთან ეფექტიანი დიალოგის უზრუნველყოფას;
- გაყალბებისა და პირატობის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების გატარებას და აღსრულების კანონმდებლობისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევისთვის დაწესებული სანქციების ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველყოფას; ასევე, აღსრულების ღონისძიებების თაობაზე სტატისტიკური მონაცემებისა და შესაბამისი ინფორმაციის რეგულარულ წარმოებას, რომელიც ურთიერთგაცვლილი იქნება მხარეთა შორის.
კონკურენცია
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შესახებ შეთანხმების კონკურენციის თავისა და მასთან დაკავშირებული რეფორმების იმპლემენტაციისთვის მომზადების პროცესში. მომზადების პროცესი მოიცავს:
- საქართველოს ინსტიტუციური ჩარჩოსა და შესაბამისი ადმინისტრაციული შესაძლებლობების მიერ შესაბამისი კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაციის გარანტირების უზრუნველყოფას;
- ამ სფეროში კანონმდებლობის აღსრულების გამოცდილების თაობაზე დიალოგის გაღრმავებას, ისევე როგორც კონკურენციასთან დაკავშირებულ სხვა საკანონმდებლო განვითარებებზე.
გამჭვირვალობა
მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ თანამშრომლობას შემდეგ საკითხებზე:
- ვაჭრობასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებისას, გამჭვირვალობის ვალდებულებების იმპლემენტაციისთვის მომზადება და ამ კუთხით, საჭირო მექანიზმების ამუშავების შესაძლებლობის განხილვა;
- გამჭვირვალე პოლიტიკის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი გამოცდილების განხილვა;
- ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და შესაბამისი ტრეინინგების ჩატარება, მათ შორის კომუნიკაციის მექანიზმებსა და დაინტერესებულ მხარეთა კონსტულტაციებთან დაკავშირებით;
- ფართო საზოგადოებისთვის სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება, რომელთა მიზანიც იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა და დაახლოების პროცესის განმარტება.
ვაჭრობა და მდგრადი განვითარება
მხარეები ჩაერთვებიან დიალოგში ასოცირების შესახებ შეთანხმების ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების თავში განხილული საკითხების თაობაზე, რომლებიც განხილულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვაჭრობის ნაწილში, კერძოდ შემდეგი გზით:
- ინფორმაციის გაცვლა შრომის კოდექსის იმპლემენტაციის თაობაზე, ასევე მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე;
- თავით განსაზღვრული ვალდებულებების სამომავლო იმპლემენტაციის განხილვა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის გათვალისწინებით;
- ამ მხრივ, მოწინავე პრაქტიკისა და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება.
მხარეები მხედველობაში მიიღებენ, რომ 2.1 ნაწილში პროფესიული კავშირების უფლებებთან და ძირითად შრომით სტანდარტებთან დაკავშირებული პრიორიტეტები და 2.6 ნაწილის პირველი პრიორიტეტი რელევანტურია „ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების“ თავის იმპლემენტაციასთან, და შესაბამისად, განხილული უნდა იქნას ასოცირების შეთანხმების ამ ნაწილთან მიმართებით.
2.5. ეკონომიკური თანამშრომლობა
მხარეები ითანამშრომლებენ, რათა დაეხმარონ საქართველოს ჩამოაყალიბოს გამართულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და თანდათანობით დაუახლოვოს თავისი პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკას - მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ჯანსაღი საჯარო ფინანსების, მყარი საფინანსო სისტემის და მდგრადი საგადამხდელო ბალანსის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. კერძოდ:
- საუკეთესო გამოცდილებების გაზიარების გზით განავითარონ საქართველოს შესაძლებლობა მაკროეკონომიკური პროგნოზირების სფეროში, რაც ასევე მოიცავს განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავების მეთოდოლოგიის დახვეწას, ეკონომიკური პროცესების მონიტორინგს, გავლენის ფაქტორთა ანალიზის ხარისხის გაუმჯობესებას, და სხვა;
- გააძლიერონ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, მათ შორის ევროკავშირის მოწინავე პრაქტიკის შესაბამისად საქართველოს ცენტრალური ბანკის კანონმდებლობის გადასინჯვისა და ევროკავშირის ექსპერტიზით მხარდაჭერის, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკიდან, გზით;
- გამოიყენონ ევროკავშირის გამოცდილება, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკიდან, სავალუტო გაცვლითი კურსისა და ფინანსური და საბანკო სექტორის რეგულაციებისა და საზედამხედველო პოლიტიკის შესახებ, და დაეხმარონ საქართველოს განავითაროს და გააძლიეროს შესაძლებლობები ყველა ამ სფეროში;
- უზრუნველყონ საჯარო ფინანსების მდგრადობა და მართვა, ფისკალური და ხარჯვითი რეფორმების გზით;
- უზრუნველყონ პრივატიზაციის ღია, კონკურენტული და გამჭვირვალე წესები და პროცედურები და მათი განხორციელება;
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი და გარე აუდიტი
მხარეები ითანამშრომლებენ რათა უზრუნველყონ სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლისა და გარე აუდიტის განვითარება შემდეგი გზით:
- სახელმწიფო უწყებებში უზრუნველყონ შიდა კონტროლის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება დეცენტრალიზირებული მართვის პასუხისმგებლობის პირობებში, რაც მოიცავს ფუნქციონალურად დამოუკიდებელ შიდა აუდიტს, საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და მეთოდოლოგიებთან და ევროკავშირის მოწინავე პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის გზით;
- უზრუნველყონ აუდიტის სასამართლოს გარე აუდიტის ფუნქციის შემდგომი განვითარება საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (INTOSAI);
- უზრუნველყონ ეფექტიანი თანამშრომლობა და მხარდაჭერა ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან და ორგანოებთან, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის ჩათვლით, ევროკავშირის ფონდების მართვასა და კონტროლთან დაკავშირებულ, ადგილზე შემოწმებისა და ინსპექტირების შემთხვევაში, შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით.
დაბეგვრა
მხარეები გააღრმავებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას საქართველოს საგადასახადო სისტემისა და ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში მოცემულ ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებთან ეტაპობრივი დაახლოებისათვის მომზადების პროცესის ჩათვლით, კერძოდ შემდეგი გზით:
- საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესება და გამარტივება;
- საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის გაუმჯობესება საგადასახადო სფეროში კარგი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, რაც გულისხმობს გამჭვირვალობის, ინფორმაციის გაცვლისა და სამართლიანი საგადასახადო კონკურენციის პრინციპებს;
- საგადასახადო ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაუმჯობესება, კერძოდ, საგადასახადო კონტროლისა და აუდიტის უფრო ფოკუსირებულ და რისკზე დაფუძნებულ სისტემაზე გადასვლა;
- ზომების მიღება აქციზურ საქონელთან დაკავშირებული თაღლითობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად;
- ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის განვითარება საგადასახადო სფეროში ახალი გამოცდილებებისა და ტენდენციების გაზიარების გზით.
სტატისტიკა
მხარეები ითანამშრომლებენ სტატისტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, კერძოდ შემდეგი გზით:
- მოსახლეობის აღწერის ჩატარება, სოფლის მეურნეობის კომპონენტის ჩათვლით;
- სტატისტიკის შესახებ კანონის გადასინჯვა საქსტატის როლის, მართვის სტრუქტურისა და ანგარიშგების მექანიზმის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
- 2014 წლის ბოლომდე ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული ნომენკლატურის განვითარება NACE rev.2-ის მიხედვით;
- სტატისტიკის გავრცელების გაუმჯობესება.
2.6 თანამშრომლობის სხვა სფეროები
ტრანსპორტი
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში ნახსენებ ტრანსპორტის ყველა ტიპთან დაკავშირებით ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის მოსამზადებლად და საქართველოს დასახმარებლად შემდეგი მიმართულებით:
- ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის იმპლემენტაციის მიზნით ძალისხმევის გაძლიერება საქართველო-ევროკავშირის ერთიანი საავიაციო სივრცის შეთანხმებიდან სრული სარგებლის მისაღებად;
- ღონისძიებები საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად;
- ძალისხმევა ციფრული ტაქოგრაფის სრულად განსახორციელებლად;
- ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის პრიორიტეტული პროექტების იმპლემენტაციის გზით.
თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიზნით:
- დასრულდეს მოლაპარაკებები საქართველოს, როგორც ხელშემკვრელი მხარის, ენერგოგაერთიანებაში ფორმალურ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
- გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს ენერგობაზრის ევროკავშირის ენერგობაზართან ინტეგრირების, და საქართველოს ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებისა და საქართველოსთვის შესაფერისი, ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციის გზით, რეგულაციური დაახლოებისკენ, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ენერგოგაერთიანებაში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, და საქართველოს ენერგოგაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული ვადების მიხედვით;
- საქართველოს ენერგო ინფრასტრუქტურის ქსელისა და ურთიერთდამაკავშირებელი სისტემების გაძლიერება, კერძოდ:
- ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - „შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის იმპლემენტაციის გაგრძელება, მათ შორის მუშაობის დაწყება 400 კილოვოლტიან გადამცემზე საქართველო (ახალციხე) - თურქეთი (ბორჩხა), აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთდამაკავშირებელი სისტემების გაძლიერება, და საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაუმჯობესება;
- რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გაფართოების იმპლემენტაციის მხარდაჭერა;
- საქართველოში ენერგო ეფექტიანობის გაუმჯობესება და განახლებადი ენერგო წყაროების განვითარება ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება
მხარეები ითანამშრომლებენ ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციისთვის მომზადების მიზნით, კერძოდ, შემდეგი გზით:
- საქართველოს ეროვნული გარემოს დაცვის 2012-2016 წლების სამოქმედო გეგმის სრული იმპლემენტაცია;
- მომზადების დაწყება ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებისა და იმპლემენტაციისათვის და კომპეტენტური უწყებების განსაზღვრა ისეთ სფეროებში, როგორიცაა - გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, ნარჩენების პოლიტიკა (მათ შორის, ნარჩენების მართვა, ნაგავსაყრელები, მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების მართვა, ნარჩენების ნაგებობების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია, ურბანული ნარჩენი წყლების გაწმენდა), წყლის პოლიტიკა და ბუნებრივი რესურსების მართვა (ადამიანების მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის ჩათვლით), ბიომრავალფეროვნება (მათ შორის გარეული ფრინველების კონსერვაცია, ბუნებრივი ჰაბიტატის და ველური ფლორისა და ფაუნის კონსერვაცია), გარემოსდაცვის საერთო საინფორმაციო სისტემის (SEIS) ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროებისთვის გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვების თანმიმდევრული მეთოდის განვითარება და საზოგადოებისთვის გარემოსდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
- საქართველოს ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და 2014-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება;
- აარჰუსისა და როტერდამის კონვენციების სრული იმპლემენტაცია და გეგმის შემუშავება ესპოოს კონვენციისა და გოთენბურგის ოქმის რატიფიცირებისა და განხორციელებისთვის;
- კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული დიალოგის გაღრმავება, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი გლობალური ხელშეკრულების მომზადება და ხელმოწერა;
- სტრატეგიული დაგეგმვა და ზომების მიღება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტირების მიზნით;
- და კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის აქტებთან და საერთაშორისო ინსტრუმენტებთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
სამოქალაქო დაცვა
მხარეები ითანამშრომლებენ რათა,
- უზრუნველყონ ეფექტიანი კომუნიკაცია 24-საათიან რეჟიმში, ადრეული გაფრთხილებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ჩათვლით ფართომასშტაბიან საგანგებო შემთხვევებზე, რომელიც გავლენას ახდენს ევროკავშირსა და საქართველოზე, ასევე, მესამე ქვეყნებზე სადაც აღნიშნული მხარეები ჩართულნი არიან კატასტროფულ შემთხვევებზე რეაგირებაში;
- ხელი შეუწყონ ურთიერთდახმარებას გადაუდებელი აუცილებლობის დროს, მიზანშეწონილობის მიხედვით და შესაბამისი რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;
- ხელი შეუწყონ ევროკავშირის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიღებასა და იმპლემენტაციას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის თაობაზე;
- გაუმჯობესდეს ცოდნის დონე კატასტროფების რისკებთან დაკავშირებით მონაცემების ხელმისაწვდომობასა და შესადარისობაზე თანამშრომლობის გაძლიერების გზით;
- მიაღწიონ წინსვლას მთელი ქვეყნის მასშტაბით კატასტროფების რისკის შეფასებისა და რუკაზე დატანის განვითარებაში, აგრეთვე საჭიროებისამებრ, ხელი შეუწყონ რეგიონული რისკების ელექტრონული ატლასის (ERRA) განვითარებას, და უზრუნველყონ ეროვნულ დონეზე მისი ეფექტიანი გამოყენება;
- მოახდინონ წყალდიდობის გაფრთხილების ევროპული სისტემის (EFAS) საქართველოზე გავრცელების ინიცირება, ევროკომისიის ერთობლივ კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით;
- გააუმჯობესონ საწარმოო ან ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფების პრევენცია;
- დაამყარონ დიალოგი კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პოლიტიკის ასპექტებთან დაკავშირებით, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ტრენინგების, სავარჯიშოების, სასწავლო ვიზიტების, სემინარებისა და რეალური საგანგებო ოპერაციებისა და ჩატარებული სავარჯიშოების შედეგად მიღებული გაკვეთილების გზით.
სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა
მხარეები ითანამშრომლებენ ბიზნესის და რეგულაციური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, მიკრო საწარმოების ჩათვლით, კერძოდ შემდეგი გზით:
- საქართველოს მონაწილეობა ევროპის მცირე ბიზნესის აქტის (SBA) შეფასებაში, მისი რეკომენდაციების შესრულების ჩათვლით და საქართველოს აქტიური მონაწილეობა შესაბამის პროექტებში მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად;
- საინოვაციო პოლიტიკის შემდგომი განვითარება, მათ შორის ფინანსების ხელმისაწვდომობა ბიზნესის დაწყებისათვის და ინფორმაციის გაცვლა კვლევების კომერციალიზაციაზე;
- დიალოგის დამყარება სამთო მრეწველობისა და ნედლეულით ვაჭრობის საკითხებზე;
- თანამშრომლობის დამყარება სამთო მრეწველობის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების სფეროებში;
- საქართველოს ინდუსტრიული სექტორების ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის რეგულაციებისთვის მომზადება და ადაპტირება, ინდუსტრიული წარმოების გაზრდისა და გაუმჯობესების მიზნით.
ტურიზმი
მხარეები ითანამშრომლებენ რათა:
- უკეთ გამოიყენონ მათი რეგულარული დიალოგი, თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით;
- გააძლიერონ კონკურენტუნარიანი და მდგრადი ტურისტული ინდუსტრიის განვითარება;
- ხელი შეუწყონ და განავითარონ ტურისტული ნაკადები, პროდუქცია და ბაზარი, ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ინსტიტუციური სტრუქტურები და ეფექტიანი პოლიტიკა;
- განაგრძონ საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და ცოდნის ზოგადი გაზიარება, ტრეინინგები და განათლება ტურიზმის სფეროში.
კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში მოცემულ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ინსტრუმენტებთან დაახლოების იმპლემენტაციისათვის საქართველოს მოსამზადებლად, კერძოდ საქართველოს ძალისხმევასთან მიმართებით, შემდეგი მიზნით:
- შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება;
- იურიდიული პირების, მათ შორის კომპანიების და ფიზიკური პირების, მათ შორის მეწარმეების რეგისტრაციისთვის მარტივი წესებისა და პროცედურების უზრუნველყოფა, ბიზნესის დაწყებისა და ლიკვიდაციისთვის;
- ეროვნულ დონეზე შესაბამისი საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების დანერგვა და მათი გამოყენების ხელშეწყობა ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა კომპანიის მიერ ეროვნულ დონეზე;
- დროული, შესაბამისი და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფა საქართველოში არსებული კანონმდებლობის მდგომარეობისა და განვითარების და მისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ (მხარეთა შორის ასოცირების დღის წესრიგის პირველ წლებში შესათანხმებელი ფორმატის და, ასოცირების შესახებ შეთანხმებაში მოცემული განრიგის მიხედვით), ასევე, წინასწარ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისათვის საჭირო ინსტიტუციურ და შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებით;
- სფეროების განსაზღვრა, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრეინინგები და შესაძლებლობების განვითარება.
ფინანსური მომსახურება
მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოს მომზადების პროცესში ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში მოცემულ ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაბამის მუხლებში მოცემულ საერთაშორისო სტანდარტებთან კანონმდებლობის დაახლოების მიზნით. მომზადების პროცესი მოიცავს:
- საზედამხედველო ორგანოების ადმინისტრაციული შესაძლებლობის გაუმჯობესებას, ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით;
- კონტაქტების დამყარებას და ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირის ფინანსურ საზედამხედველო ორგანოებთან, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად;
- ეროვნული კანონმდებლობის განვითარებას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, კერძოდ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ, ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციის; ფინანსურ ქმედებათა სპეციალურ ჯგუფთან (FATF), ევროპის საბჭოსთან, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ექსპერტთა კომიტეტთან (MONEYVAL), ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საფინანსო დაზვერვის ორგანოებს შორის ურთიერგაგების მემორანდუმების გაფორმების გზით;
- დროული, შესაბამისი და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფას საქართველოს არსებული კანონმდებლობის მდგომარეობის და განვითარების და მისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ (მხარეებს შორის ასოცირების დღის წესრიგის პირველ წლებში შესათანხმებელი ფორმატისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებაში მოცემული განრიგის მიხედვით), ასევე, შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ გაცვლას ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისათვის საჭირო ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებით;
- სფეროების განსაზღვრას, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იქნას ტრეინინგები და შესაძლებლობების განვითარება და ასევე, შესაბამისი ტექნიკური დახმარება.
თანამშრომლობა საინფორმაციო საზოგადოების სფეროში
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში მოცემულ, ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის მოსამზადებლად და მხარს დაუჭერენ საქართველოს შემდეგი კუთხით:
- ევროკავშირის კანონმდებლობასთან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციისადმი მიმართული ძალისხმევა;
- კომუნიკაციების სფეროში ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართულო ქმედებები, რომლის მიზანი იქნება მარეგულირებლის მიერ შესაბამისი რეგულაციური ზომების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ყველა შესაბამისი რეგულაციის აღსრულება და აგრეთვე ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა;
- სექტორის გაძლიერება ევროპა 2020 ინიციატივის „ციფრული დღის წესრიგი ევროპისთვის“ შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და იმპლემენტაციის გამოცდილების გაზიარების გზით.
სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
- სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის მარკეტინგის სტანდარტების ეტაპობრივი მიღების ხელშეწყობა სურსათის უვნებლობის უფრო მაღალი სტანდარტისა და ხარისხის სქემების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით;
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ბაზარზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის კოოპერატივების მეშვეობით მასშტაბის ეკონომიის გაძლიერების, საკონსულტაციო და განათლების სისტემების განვითარების გზით წარმოებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით; და სიცოცხლისუნარიანი საკრედიტო და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გამარტივების გზით.
- სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების მოდერნიზება, მათ შორის ამ პროცესში ყველა შესაბამისი ინტერეს ჯგუფის მონაწილეობის გზით;
- ევროკავშირში აპრობირებული მოდელების საფუძველზე, ეფექტიანი სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარების პოლიტიკის მიმართ პროგრესული დაახლოება.
მეთევზეობა და საზღვაო მმართველობა
მხარეების თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი მუშაობა შავ ზღვაზე მდგრადი მეთევზეობისთვის, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ჩარჩოში მეთევზეობის მართვისადმი ეკოსისტემური მიდგომის საფუძველზე;
- სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის გაზრდა მეთევზეობის მონიტორინგის და საზღვაო რესურსების და საზღვაო გარემოს შეფასების შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით.
- საზღვაო საკითხებისადმი ინტეგრირებული მიდგომის წახალისება, განსაკუთრებით დარგთაშორისი ინიციატივების განვითარების მხარდაჭერის გზით, რომლებიც ურთიერთსასარგებლოა სხვადასხვა საზღვაო სექტორებისა და/ან სექტორული პოლიტიკისათვის; (ინტეგრირებულ) საზღვაო საკითხებზე ინსტიტუტთაშორისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება შესაბამის სამინისტროებსა და სამსახურებს შორის; სამომავლო თანამშრომლობისთვის შავი ზღვის საკითხებზე საერთო ინტერესთა სფეროების იდენტიფიცირება ევროკავშირის ინტეგრირებული საზღვაო პოლიტიკის კონტექსტში.
თანამშრომლობა კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის სფეროებში
მხარეები ითანამშრომლებენ რათა:
- ხელი შეუწყონ საქართველოს ინტეგრაციას კვლევის ევროპულ სივრცეში (ERA);
- გააღრმაონ საქართველოს მონაწილეობა პროგრამაში ჰორიზონტი 2020;
- გააძლიერონ ადამიანური, მატერიალური და ინსტიტუციონალური რესურსები კვლევისა და ინოვაციის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით;
- გაააქტიურონ საქართველოს მონაწილეობა მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის ღონისძიებებში.
მომხმარებელთა პოლიტიკა
ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში მოცემული ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ინსტრუმენტების იმპლემენტაციისათვის მომზადების მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
- მომხარებელთა დაცვის გაძლიერება საქართველოში, განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეების და მომხარებელთა ინტერესების სხვა წარმომადგენელთა ტრეინინგის მეშვეობით - ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის საკითხებზე.
დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები
მხარეები ითანამშრომლებენ რათა:
- მოემზადონ ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შრომის კანონი და სამუშაო პირობები, ასევე გენდერული თანასწორობა და ანტი დისკიმინაცია, როგორც ეს მოცემულია ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში, კერძოდ:
- საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადმინისტრაციული და აღმასრულებელი შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შრომის კანონი და შესაბამისი სასამართლო ორგანოების გაძლიერება;
- სოციალური პარტნიორების შესაძლებლობის განვითარება (მაგალითად, ტრეინინგი ევროკავშირის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კანონმდებლობასა და სტანდარტებზე და შრომის კანონის თაობაზე)
- დასაქმებისადმი სტრატეგიული მიდგომის განვითარება, რაც მიზნად ისახავს უფრო მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას ნორმალური სამუშაო პირობებით, შრომის ბაზარზე უნარებისა და სამუშაო ადგილების უკეთეს შესაბამისობას და შრომის ბაზართან დაკავშირებით აქტიური ზომებისა და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობას;
- დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის განვითარებასა და იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება, კერძოდ დასაქმების სერვისებისა და სოციალური სერვისების. სოციალური დაცვის დონის ამაღლება, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის განხორციელებით, სადაზვევო პროგრამების ჩათვლით; და სოციალური დაცვის სისტემების ეფექტიანობისა და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა;
- სოციალური დიალოგის წახალისება სოციალური პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების გზით.
საზოგადოებრივი ჯანდაცვა
მხარეები დაიწყებენ თანამშრომლობას, რათა:
- მხარი დაუჭირონ საქართველოს, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით ევროკავშირის ჯანდაცვის კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის მომზადებაში, განსაკუთრებით თამბაქოს კონტროლთან, ადამიანის ბიოლოგიური მასალის (სისხლის ქსოვილები, ორგანოები, უჯრედები) ხარისხსა და უსაფრთხოებასთან და გადამდებ დაავადებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასთან მიმართებით;
- გაცვალონ საუკეთესო პრაქტიკა თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციისა და ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო რეგულაციების იმპლემენტაციის პროცესში;
- გააძლიერონ მზადყოფნა, ტრეინინგი და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა გადამდებ დაავადებებზე, კერძოდ როგორიცაა აივ ინფექცია/შიდსი, ტუბერკულოზი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, და C და B ჰეპატიტი.
განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა
მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოს განათლების, ტრეინინგისა და ახალგაზრდობის სისტემების მთლიანი მოდერნიზაციისა და რეფორმირების პროცესში, კერძოდ შემდეგი გზით:
- ერთობლივი სამუშაოსა და გაცვლების განხორციელება უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ბოლონიის პროცესში საქართველოს მონაწილეობის კონტექსტში, საქართველოს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის ხელშეწყობის ჩათვლით;
- აკადემიური თანამშრომლობის, შესაძლებლობების განვითარებისა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა ახალი Erasmus+ - ის პროგრამის და მკვლევართა მობილობისა და ტრეინინგის მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის მეშვეობით;
- პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისადმი (VET) სტრატეგიული მიდგომის წახალისება, საქართველოს პროფესიული განათლებისა და ტრეინინგის სისტემის ევროკავშირის პროფესიული განათლებისა და ტრეინინგის სტრუქტურების მოდერნიზაციასთან დაახლოების მიზნით, კოპენჰაგენის პროცესის შესაბამისად და მისი ინსტრუმენტების გამოყენებით;
- ახალგაზრდობის პოლიტიკისადმი სტრატეგიული მიდგომის წახალისება და ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულთათვის არაფორმალური განათლების სფეროში გაცვლებისა და თანამშრომლობის გაძლიერება, როგორც კულტურათაშორისი დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის საშუალება, მათ შორის ახალგაზრდობის სფეროში ევროკავშირის პროგრამების მეშვეობით.
კულტურის სფეროში თანამშრომლობა
მხარეები:
- ხელს შეუწყობენ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ იუნესკოს 2005 წლის კონვენციის იმპლემენტაციას;
- ითანამშრომლებენ საქართველოში ინკლუზიური კულტურული პოლიტიკის განვითარებისა და კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ვალორიზაციის საკითხებზე სოციო-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
- მხარს დაუჭერენ საქართველოს კულტურის წარმომადგენლების მონაწილეობას კულტურული თანამშრომლობის პროგრამებში, მათ შორის Creative Europe პროგრამაში.
თანამშრომლობა აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში მოცემული ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის მოსამზადებლად, და მხარს დაუჭერენ საქართველოს შემდეგი კუთხით:
- მუშაობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად მედიის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მხარდაჭერისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, აუდიოვიზუალურ სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით, მათ შორის აუდიოვიზუალურ პოლიტიკასა და შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე, რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღდეგ ბრძოლის ჩათვლით, მოსაზრებების გაცვლის გზით.
- მოწინავე პრაქტიკის გაზიარება მედიის თავისუფლების, მედია პლურალიზმის, დეფამაციის დეკრიმინალიზაციის, ჟურნალისტური წყაროების დაცვისა და მედიის კულტურული მრავალფეროვნების ასპექტებზე, რეგულარული დიალოგის მეშვეობით.
- მედიის მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობების და დამოუკიდებლობის გაძლიერება.
რეგიონული განვითარება და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა
მხარეები ითანამშრომლებენ რეგიონული განვითარების პოლიტიკის ჩარჩოში, საქართველოს ძალისხმევის გათვალისწინებით:
- მოამზადოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული პროგრამა 2015-2017 წლებისთვის რათა განახორციელოს ეფექტიანი მრავალდონიანი პოლიტიკა, მათ შორის ინსტიტუტთაშორისი კოორდინაციის მეშვეობით;
- მოამზადოს სამოქმედო გეგმები, რეგიონებისთვის სპეციფიკური განვითარების სტრატეგიების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის, რომლებიც მიღებულ იქნა 2013 წლის სექტემბერში;
- მოახდინოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობების ტრეინინგი რეგიონული განვითარების პოლიტიკის საკითხებზე, რათა ხელი შეუწყოს რეგიონებში პროგრამების უკეთეს იმპლემენტაციასა და მონიტორინგს;
- გააძლიეროს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და მოახდინოს რეგიონულ განვითარებაში მონაწილე ყველა მხარეს შორის პარტნიორობის კონსოლიდაცია;
- ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და რეგიონთაშორისი ეკონომიკური და ბიზნეს ქსელების გაძლიერებას.
1 საქართველო გარდამავალ პერიოდში - ანგარიში ადამიანის უფლებათა სფეროში: განვლილი პერიოდი, გადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები. საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის შეფასებები და რეკომენდაციები, 2013 წლის სექტემბერი
2 ამ რეკომენდაციების ნაწილი უკვე ასახულია ასოცირების დღის წესრიგში