ბაზარზე განთავსებული სამომხმარებლო საქონელი უსაფრთხო უნდა იყოს - ეს დებულება როგორც მომხმარებელთა დაცვის, ასევე ბაზრის შეუფერხებლად ფუნქციონირების ცენტრალური პარადიგმაა. პროდუქციის უსაფრთხოების მიზნით ბაზრის რეგულირება საერთაშორისო ვაჭრობაში დაშვებულ "ტექნიკურ ბარიერს" წარმოადგენს.
1985 წლიდან ევროკავშირში პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების რეგულირების ე.წ. "ახალი მიდგომა" მოქმედებს, რომლის მიხედვით სავალდებულო შეიძლება იყოს პროდუქციის მხოლოდ ისეთი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც არსებითია პროდუქციის უსაფრთხოებისთვის (ადამიანთა ჯანმრთელობის, გარემოს ან სხვა თვალსაზრისით) და მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების ან სხვა მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციისთვის. ყველა სხვა ტექნიკური მახასიათებელი (მათ შორის სტანდარტები) მეწარმის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული. მეწარმეს შეუძლია არც ერთი სტანდარტი არ დაიცვას, თუმცა ყველა შემთხვევაში ვალდებულია დაიცვას ქვეყანაში მოქმედი ტექნიკური რეგულაციები. მხოლოდ ტექნიკური რეგულაციების მოთხოვნების დაცვით დამზადებული საქონელი შეიძლება მოხვდეს ბაზარზე.
პროდუქციის უსაფრთხოებისადმი საქართველოს მიდგომების საერთაშორისო მიდგომებთან ჰარმონიზაცია ასოცირების შეთანხმების დადების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა. 2010 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია და პროგრამა სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში, ხოლო 2011 წელს - სამრეწველო პროდუქციის ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგია. 2014 წლიდან კი ამ საკითხების მოგვარების განრიგს ასოცირების შეთანხმება ადგენს.
იხ. ამ სფეროში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით დადგენილ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობა.
იხ. აგრეთვე: ევროკავშირის "ახალი მიდგომა" და შესაბამისი რეგულაციების ჩამონათვალი