Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0031 465184 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის რეგიონული კონვენციის დანართი I
 
ბოლო განახლება: 0000-00-00

აქ მოყვანილია პრეფერენციული წარმოშობის შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის რეგიონული კონვენციის დანართი I (Appendix I). კონვენციის სრული ტექსტი იხ: ქართულად, ინგლისურად.

შენიშვნა 1: კონვენციის ინგლისურ ვერსიას გააჩნია ორი ტიპის დანართები: Appendix და Annex. ქართულ ოფიციალურ თარგნამში ეს ორივე ნათარგმნია, როგორც "დანართი". გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აქ მოყვანილ ქართულ ოფიციალურ თარგმანში, Appendix-ზე მითითების შემთხვევაში, დამატებული გვაქვს ფრჩხილებში ჩასმული სიტყვა: (Appendix).

შენიშვნა 2: კონვენცია საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2018 წლის ივნისიდან.

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის

დანართი (Appendix) I

„საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრა და ადმინისტრაციული

თანამშრომლობის მეთოდები

სარჩევი

თავი I         ზოგადი დებულებები
მუხლი 1            განსაზღვრებები
თავი II        „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრება
მუხლი 2            ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 3            წარმოშობის კუმულაცია
მუხლი 4            ქვეყანაში მთლიანად წარმოშობილი პროდუქცია
მუხლი 5            საკმარისად დამუშავებული ან გადამუშავებული პროდუქცია
მუხლი 6            არასაკმარისი დამუშავება ან გადამუშავება
მუხლი 7            შეფასების ერთეული
მუხლი 8            აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები
მუხლი 9            კომპლექტები
მუხლი 10          ნეიტრალური ელემენტები
თავი III                ტერიტორიული მოთხოვნები
მუხლი 11          ტერიტორიულობის პრინციპი
მუხლი 12          პირდაპირი ტრანსპორტირება
მუხლი 13          გამოფენები
თავი IV                საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნება ან მისგან გათავისუფლება
მუხლი 14          საბაჟო გადასახდელების დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვა
თავი V                 წარმოშობის სერტიფიკატი
მუხლი 15          ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 16          EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის გაცემის პროცედურა
მუხლი 17          რეტროსპექტულად გაცემული EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი
მუხლი 18          EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა
მუხლი 19          EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის გაცემა ადრე გაცემული ან შედგენილი წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე
მუხლი 20          აღრიცხვის სეგრეგაცია
მუხლი 21          წარმოშობის დეკლარაციის ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციის შედგენის პირობები
მუხლი 22          უფლებამოსილი ექსპორტიორი
მუხლი 23          წარმოშობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა
მუხლი 24          წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა
მუხლი 25          იმპორტირება პარტიებად
მუხლი 26          გათავისუფლება წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენისგან
მუხლი 27          თანმხლები დოკუმენტები
მუხლი 28          წარმოშობის სერტიფიკატის, მიმწოდებლის დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების შენახვა
მუხლი 29          განსხვავებები და მექანიკური შეცდომები
მუხლი 30          ევროში გამოხატული თანხები
თავი VI                ადმინისტრაციული თანამშრომლობის ღონისძიებები
მუხლი 31          ადმინისტრაციული ურთიერთთანამშრომლობა
მუხლი 32          წარმოშობის სერტიფიკატის შემოწმება
მუხლი 33          დავების მოგვარება
მუხლი 34          ჯარიმები
მუხლი 35          თავისუფალი ზონები
დანართების ნუსხა      
დანართი I:       გაცნობითი ხასიათის შენიშვნები II დანართში მოცემული ნუსხის მიმართ
დანართი II:      დამუშავება-გადამუშავების ოპერაციების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარებაც მოითხოვება წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებით წარმოებული პროდუქტებისთვის წარმოშობის სტატუსის მოპოვების მიზნით
დანართი IIIa:   EUR.1გადაადგილებისსერტიფიკატის ნიმუშები და განაცხადი EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატისთვის
დანართი IIIb: EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის ნიმუშები და განაცხადი EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატისთვის
დანართი IVa: წარმოშობის დეკლარაციის ტექსტი
დანართი IVb: წარმოშობის დეკლარაციის ტექსტი EUR-MED
დანართი V: იმ ხელშემკვრელ მხარეთა სია, რომლებიც არ იყენებენ წინამდებარე დანართის 14(7) მუხლით გათვალისწინებულ დებულებებს საბაჟო მოსაკრებლის ნაწილობრივ დაბრუნების თაობაზე

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

განსაზღვრებები

წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის:

(a) „წარმოება“ ნიშნავს ყველა სახის დამუშავება-გადამუშავების ოპერაციას, აწყობის ან სპეციფიური ოპერაციების ჩათვლით;

(b) „მასალა“ ნიშნავს ნებისმიერ ინგრედიენტს, ნედლეულს, კომპონენტს, ნაწილს და ა.შ., რომელიც გამოიყენება პროდუქტის საწარმოებლად;

(c) „პროდუქტი" ნიშნავს წარმოებულ პროდუქტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გამოყენება მოგვიანებით განზრახულია სხვა საწარმოო ოპერაციაში;

(d) „საქონელი“ ნიშნავს როგორც მასალებს, ასევე პროდუქტს;

(e) „საბაჟო ღირებულება“ ნიშნავს ღირებულებას, როგორც ეს განსაზღვრულია 1994 წლის “ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებაში (GATT 1994);

(f) „ფრანკო-ქარხნის ფასი" ნიშნავს პროდუქტზე ქარხნის ფასს, გადახდილს მწარმოებლისთვის, როგორც ხელშემკვრელი მხარისთვის, ვისი პასუხისმგებლობითაც ხდება პროდუქციის საბოლოო დამუშავება ან გადამუშავება, იმ პირობით, რომ ფასი მოიცავს ყველა გამოყენებული მასალის ღირებულებას, გარდა ნებისმიერი სახის შიდა გადასახადებისა, რაც ანაზღაურებული იქნება, ან შეიძლება ანაზღაურებულ იქნას, მიღებული პროდუქციის ექსპორტირების შემდეგ ;

(g) „მასალების ღირებულება“ ნიშნავს საბაჟო ღირებულებას, გამოყენებულს წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების იმპორტის დროს, ან თუ ეს არ არის ცნობილი და შეუძლებელია მისი დადგენა – პირველ დადასტურებად ფასს, რომელიც გადაიხდება მასალებისთვის ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

(h) „წარმოშობის მქონე მასალების ღირებულება“ ნიშნავს(g) ქვეპუნქტში განსაზღვრული მასალების ღირებულებას შესაბამის ცვლილებებთან ერთად;

(i) „დამატებითი ღირებულება“ ნიშნავს ფრანკო-ქარხნის ფასს თითოეული იმ გამოყენებული მასალის საბაჟო ღირებულების გამოკლებით, რომელიც წარმოშობილია სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელთანაც მოქმედებს კუმულაცია, ან იმ შემთხვევაში თუ საბაჟო ღირებულება არ არის ცნობილი ან შეუძლებელია მისი დადგენა – პირველი დადასტურებადი ფასის გამოკლებით, რომელიც გადაიხდება მასალებისთვის ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

(j) „თავები“ და „სათაურები“ ნიშნავს თავებსა და სათაურებს (ოთხნიშნა კოდები), გამოყენებულს იმ ნომენკლატურაში, რომელიც შეადგენს „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემას“, რომელიც წინამდებარე კონვენციაში მოიხსენიება, როგორც“ჰარმონიზებული სისტემა ან “HS“ (Harmonozed System – HS);

(k) „კლასიფიცირებული“ გულისხმობს პროდუქციის ან მასალის კლასიფიცირებას კონკრეტული სათაურის ქვეშ;

(l) „პარტია“ ნიშნავს პროდუქციას, რომელიც ან ერთდროულად იგზავნება ერთი ექსპორტიორის მიერ პარტიის ერთ მიმღებთან ან მოქცეულია ერთ სატრანსპორტო დოკუმენტაციაში, რომელიც ეხება მათ ტრანსპორტირებას ექსპორტიორისგან პარტიის მიმღებამდე, ხოლო ამგვარი დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში – ერთ ანგარიშფაქტურაში;

(m) „ტერიტორიები“ მოიცავს ტერიტორიულ წყლებს;

(n) „ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყება“ ევროკავშირის შემთხვევაში ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებებს.

თავი II

“საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრა

მუხლი 2

ზოგადი მოთხოვნები

1. შესაბამისი შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოებულად ჩაითვლება შემდეგი პროდუქცია, მათი ექსპორტირებისას სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე:

(a) პროდუქცია, რომელიც მთლიანად წარმოშობილია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მე-4 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში;

(b) ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქცია ისეთი მასალებით, რომელიც არ არის მთლიანად წარმოშობილი ამ ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ამგვარმა მასალებმა განიცადეს საკმარისი დამუშავება-გადამუშავება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.

(c) საქონელი, რომელიც წარმოშობილია ევროპის ეკონომიკურ სივრცეში (EEA) ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების მე-4 ოქმის მნიშვნელობის ფარგლებში. ამგვარი საქონელი ჩაითვლება ევროკავშირში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინში[1] ან ნორვეგიაში („ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) მხარეები“) წარმოშობილად, მათი ექსპორტირებისას შესაბამისად ევროკავშირიდან, ისლანდიიდან, ლიხტენშტეინიდან ან ნორვეგიიდან სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გარდა ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) მხარეებისა.

2. 1(c) პუნქტის დებულებები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები მოქმედებს იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარესა და ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) მხარეებს შორის.

მუხლი 3

წარმოშობის კუმულაცია

1. 2(1) მუხლის დებულებების დაურღვევლად, პროდუქცია ჩაითვლება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტირებისას, თუ მათი წარმოება მოხდა ამ ტერიტორიაზე, და გამოყენებულია მასალები, რომლებიც წარმოშობილია შვეიცარიაში (ლიხტენშტეინის ჩათვლით)[2], ისლანდიაში, ნორვეგიაში, თურქეთში ან ევროკავშირში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულს. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი მასალა იყოს საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული.

2. 2(1) მუხლის დებულებების დაურღვევლად, პროდუქცია ჩაითვლება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტირებისას, თუ მათი წარმოება მოხდა ამ ტერიტორიაზე, და გამოყენებულია მასალები, რომლებიც წარმოშობილია ფარერის კუნძულებზე, თურქეთის გარდა ბარსელონას პროცესში მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოში, ან ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულს. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი მასალა იყოს საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული.

3. როდესაც ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება არ აღემატება მე-6 მუხლით გაწერილ ოპერაციებს, მიღებული პროდუქტი ჩაითვლება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი დამატებითი ღირებულება აღემატება იმ გამოყენებული მასალების ღირებულებას, რომლებიც წარმოშობილია 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული ნებისმიერი ერთი სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. თუ ეს ასე არ არის, წარმოებული პროდუქტი ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად, რომელ მათგანზეც მოდის ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პროდუქციის წარმოებისას გამოყენებული მასალების უმეტესი ღირებულება.

4. 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქცია, რომელიც არ არის საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ინარჩუნებს წარმოშობას, როდესაც ხდება მისი ექსპორტი ერთ-ერთი სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

5. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული კუმულაცია გამოიყენება იმ პირობით რომ:

(a) წარმოშობის სტატუსის მიღების პროცესში ჩართულ ხელშემკვრელ მხარეებსა და დანიშნულების ხელშემკვრელ მხარეს შორის მოქმედებს GATT 1994-ის XXIV მუხლის მოთხოვნების თანახმად გაფორმებული შეთანხმება პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ;

(b) მასალებმა და პროდუქციამ მიიღო წარმოშობის სტატუსი მოცემულ კონვენციაში გაწერილი წარმოშობის წესების იდენტური წესების საფუძველზე; და

(c) გამოქვეყნებულია შეტყობინება, კუმულაციის გამოყენებისათვის აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) და იმ ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი შეთანხმებების მხარეებს, თავიანთი პროცედურების თანახმად.

ამ მუხლით განსაზღვრული კუმულაცია ამოქმედდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) გამოქვეყნებულ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.

ხელშემკვრელი მხარეები სხვა ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც შესაბამისი შეთანხმებების მხარეებს წარმოადგენენ, ევროპული კომისიის მეშვეობით, მიაწოდებენ, 1 და 2 პუნქტებში მოხსენიებულ სხვა ხელშემკვრელ მხარეებთან გაფორმებული შეთანხმებების შესახებ მონაცემებს, მათ შორის მათი ძალაში შესვლის თარიღებსაც.

მუხლი 4

ქვეყანაში მთლიანად წარმოშობილი პროდუქცია

1. შემდეგი ჩაითვლება მთლიანად ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მთლიანად წარმოშობილ პროდუქციად მისი ექსპორტირებისას სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე:

(a) ამ ქვეყნების ნიადაგიდან ან ზღვის ფსკერიდან ამოღებული მინერალური პროდუქტები;

(b) იქ მოყვანილი მცენარეული პროდუქტები;

(c) იქ დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი საქონელი;

(d) იქ გაზრდილი ცოცხალი საქონლისაგან წარმოებული პროდუქცია;

(e) იქ განხორციელებული ნადირობითა თუ თევზჭერით მიღებული პროდუქცია;

(f) ზღვაში თევზჭერით მიღებული ან ზღვიდან მიღებული სხვაგვარი პროდუქცია ექსპორტიორი მხარის მცურავი საშუალებების დახმარებით მათი ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ;

(g) მათ მცურავ თევზსარეწში წარმოებული პროდუქცია, რომელიც მიღებული მხოლოდ (f) ქვეპუნქტში მოხსენიებული პროდუქტებიდან;

(h) იქ მოპოვებული მეორადი საგნები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად, მეორადი საბურავების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ პროტექტორის აღსადგენად ან ნარჩენის სახით გამოსაყენებლად;

(i) ნარჩენები და ჯართი, რომელიც წარმოიშობა იქ განხორციელებული საწარმოო ოპერაციების შედეგად;

(j) ტერიტორიული წყლების გარეთ ზღვის ნიადაგიდან ან ქვენიადაგიდან ამოღებული პროდუქცია იმ პირობით, რომ მათ აქვთ აღნიშნული ნიადაგის ან ქვენიადაგის დამუშავების ექსკლუზიური უფლება;

(k) იქ წარმოებული საქონელი, რომელიც შექმნილია მხოლოდ “a“-j“ ქვეპუნქტებში დადგენილი პროდუქციისგან.

2. ტერმინები “მისი მცურავი საშუალებები“ და “მისი მცურავი თევზსარეწი“, მოცემული პირველი პუნქტის (f) და (g) ქვეპუნქტებში ეხება მხოლოდ იმ მცურავ საშუალებებსა და მცურავ თევზსარეწებს, რომლებიც:

(a) რეგისტრირებულია ან აღრიცხულია ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

(b) დაცურავენ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის დროშის ქვეშ;

(c) რომელთა, სულ მცირე, 50%-ს ფლობენ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ან კომპანია, რომლის სათავსო ოფისი მდებარეობს ექსპორტიორ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და რომელთა მენეჯერი ან მენეჯერები, დირექტორთა საბჭოს ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან ამგვარი საბჭოების წევრთა უმრავლესობა წარმოადგენს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს და რომლებშიც, დამატებით, პარტნიორობის ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების შემთხვევაში, კაპიტალის, სულ მცირე, ნახევარი ეკუთვნის ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეს ან მათ სახელმწიფო ორგანოებს ან მოქალაქეებს;

(d) რომელთა კაპიტანი და ოფიცრები არიან ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები; და

(e) რომელთა ეკიპაჟის, სულ ცოტა, 75% შეადგენს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს.

3. მე-2 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების მიზნებისთვის, როდესაც ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარე არის ევროკავშირი, ეს ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს.

მუხლი 5

საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული პროდუქცია

1. მე-2 მუხლის მიზნებისთვის, პროდუქცია, რომელიც არ არის ქვეყანაში მთლიანად წარმოშობილი, ჩაითვლება საკმარისად დამუშავებულად-გადამუშავებულად, თუ დაკმაყოფილებულია II დანართში ჩამოთვლილი პირობები.

წინამდებარე შეთანხმებით ყველა პროდუქციისთვის განსაზღვრული, ეს პირობები, მიუთითებს დამუშავება-გადამუშავების იმ ტიპს, რომელიც უნდა შესრულდეს წარმოებაში გამოყენებულ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებზე და გამოიყენება მხოლოდ ამგვარ მასალებთან მიმართებაში. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს, რომ თუ პროდუქცია, რომელმაც მიიღო წარმოშობის სტატუსი ჩამონათვალში მოხსენიებული პირობების დაცვის საფუძველზე, გამოიყენება სხვა პროდუქციის წარმოებისთვის, რომლის წარმოებასთან დაკავშირებული პირობები არ ეხება მას და ყურადღება არ უნდა მიექცეს იმ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მის წარმოებაში.

2. პირველი პუნქტის მიუხედავად, წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალები, რომლებიც, II დანართში მითითებული ჩამონათვალის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, არ უნდა გამოიყენებოდეს პროდუქციის წარმოებაში, შეიძლება მაინც გამოიყენებოდეს, იმ პირობით, რომ:

(a) მათი მთლიანი ღირებულება არ აღემატება პროდუქციის ფრანკო-ქარხნის ფასის 10%;

(b) წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მაქსიმალური ღირებულების ჩამონათვალში მოცემული ნებისმიერი პროცენტულობა არ არის გადაჭარბებული ამ პუნქტის ამოქმედებით.

ეს პუნქტი არ ეხება იმ პროდუქციას, რომელიც განეკუთვნება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებს.

3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები იმოქმედებს მე-6 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 6

არასაკმარისი დამუშავება ან გადამუშავება

1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დაურღვევლად, შემდეგი ოპერაციები ჩაითვლება არასაკმარის დამუშავებად წარმოშობის მქონე პროდუქციისთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, შესრულებულია თუ არა მე-5 მუხლის მოთხოვნები:

(a) კონსერვირების ოპერაციები პროდუქციის ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს;

(b) ფუთების დაშლა და აწყობა;

(c) რეცხვა, წმენდა; მტვრის, მჟავის, ზეთის, საღებავის ან სხვა სახის საფარების მოცილება;

(d) ქსოვილის დაუთავება ან დაპრესვა;

(e) ღებვისა და გაპრიალების მარტივი ოპერაციები;

(f) მარცვლეულისა და ბრინჯის გარჩევა, ნაწილობრივი ან სრული გაუფერულება, გაპრიალება და – მომინანქრება (შოკოლადით დაფარვა) მარცვლეულისა და ბრინჯის;

(g) შაქრის ღებვის ან შაქრის ნატეხების დამზადების ოპერაციები;

(h) ხილის, თხილის და ბოსტნეულის თლა, კურკის გამოცლა და ნაჭუჭის მოცილება;

(i) თლა, მარტივი ფქვა ან მარტივი ჭრა;

(j) ცრა, გაცხრილვა, გადარჩევა, კლასიფიცირება, დაჯგუფება, მისადაგება; (ნაკეთობათა კომპლექტების შედგენის ჩათვლით);

(k) მარტივი მოთავსება ბოთლებში, თუნუქის ქილებში, კოლბებში, ჩანთებში, ჩემოდნებში, ყუთებში, დამაგრება ბარათებზე ან დაფებზე და შეფუთვის სხვა მარტივი ოპერაციები;

(l) შტამპების, იარლიყების, ლოგოების და სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმაგრება ან ბეჭდვა პროდუქციაზე ან მათ შეფუთვაზე;

(m) პროდუქციის მარტივი შერევა, მიუხედავად იმისა არის ეს სხვადასხვა ტიპის თუ არა;

(n) შაქრის შერევა ნებისმიერ მასალებთან;

(o) სრული ნაკეთობის შემადგენელი ნაწილებისგან აწყობა ან პროდუქციის დაშლა ნაწილებად;

(p) (a)-(n) ქვეპუნქტებში მოცემული ორი ან მეტი ოპერაციის კომბინირება;

(q) ცხოველების დაკვლა.

2. ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოცემულ პროდუქციასთან მიმართებაში ჩატარებული ყველა ოპერაცია განიხილება ერთად დამუშავება-გადამუშავების საკმარისობის დადგენის საკითხის დაყენებისას პირველი პუნქტის მიხედვით.

მუხლი 7

შეფასების ერთეული

1. წინამდებარე კონვენციის დებულებების მოქმედების შეფასების ერთეული იქნება რომელიმე გარკვეული პროდუქცია, რომელიც კლასიფიცირების განსაზღვრისას ჩაითვლება ძირითად ერთეულად შეფასებისას ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურის გამოყენებით.

რაც ნიშნავს, რომ:

(a) როცა ნაკეთობათა ჯგუფისგან შემდგარი პროდუქცია ფასდება ჰარმონიზებული სისტემის პირობების მიხედვით ერთი სათაურის ქვეშ, მთლიანი პროდუქცია წარმოადგენს შეფასების ერთეულს;

(b) როცა პარტია შედგება ჰარმონიზებული სისტემის იმავე სათაურის ქვეშ კლასიფიცირებული მთელი რიგი იდენტური პროდუქციისგან, თითოეული პროდუქცია აღებული უნდა იქნას ინდივიდუალურად წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებისას.

2. როდესაც, ჰარმონიზებული სისტემის ზოგადი მე-5 წესის მიხედვით, პროდუქცია მოიცავს შეფუთვას კლასიფიცირების მიზნებისთვის, იგი ასევე ჩართული უნდა იქნას წარმოშობის განსაზღვრის მიზნებისთვისაც.

მუხლი 8

აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები

ერთ მოწყობილობასთან, დანადგართან, აპარატთან ან სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად გამოგზავნილი აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები, რომლებიც წარმოადგენენ ჩვეულებრივი მოწყობილობის ნაწილს და შეტანილია მის ფასში, ან რომლებზეც არ არის შედგენილი ცალკე ანგარიშფაქტურა – განიხილება ამგვარ მოწყობილობასთან, დანადგართან, აპარატსა და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად.

მუხლი 9

კომპლექტები

კომპლექტები, როგორც ეს განსაზღვრულია ჰარმონიზებული სისტემის ზოგად მე-3 წესში, განიხილება როგორც წარმოშობის მქონე, თუ წარმოშობის მქონეა მისი ყველა კომპონენტი. მიუხედავად ამისა, როდესაც კომპლექტი შედგება წრმოშობის მქონე და წარმოშობის სტატუსის არმქონე პროდუქტებისგან, მთლიანი კომპლექტი განიხილება როგორც წარმოშობის მქონე იმ პირობით, თუ წარმოშობის სტატუსის არმქონე პროდუქტების ღირებულება არ აღემატება კომპლექტის ფრანკო-ქარხნის ფასის 15%-ს.

მუხლი 10

ნეიტრალური ელემენტები

პროდუქტის წარმოშობის განსაზღვრის მიზნებისთვის, არ არის აუცილებელი შემდეგის წარმოშობის დადგენა, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს მისი წარმოებისას:

(a) ელექტროენერგია და საწვავი;

(b) ქარხანა და მოწყობილობები;

(c) მანქანა-დანადგარები და იარაღები;

(d) საქონელი, რომელიც არ შედის და არც შევა პროდუქციის საბოლოო შემადგენლობაში.

თავი III

ტერიტორიული მოთხოვნები

მუხლი 11

ტერიტორიულობის პრინციპი

1. 2(1)(c) მუხლის, მე-3 მუხლისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები უწყვეტად უნდა სრულდებოდეს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

2. მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ბრუნდება სხვა ქვეყანაში ექსპორტირებული წარმოშობის მქონე საქონელი, ის უნდა ჩაითვალოს, როგორც წარმოშობის სტატუსის არმქონე, თუ საბაჟო უწყებებისთვის არ იქნება დამტკიცებული, რომ:

(a) დაბრუნებულია იგივე საქონელი, რომელიც იქნა ექსპორტირებული; და

(b) დაბრუნებულ საქონელზე არ განხორციელებულა სხვა რაიმე ოპერაცია, გარდა იმისა, რომელიც საჭირო იყო მისი ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის იმ ქვეყანაში ყოფნისას ან ექსპორტირებისას.

3. II თავში მოცემული პირობების მიხედვით, წარმოშობის სტატუსის მოპოვებაზე არ იმოქმედებს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან ექსპორტირებულ (და, შესაბამისად, რეიმპორტირებულ) მასალებზე ამავე ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გარეთ განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება, თუ:

(a) ზემოხსენებული მასალები მთლიანად წარმოშობილია ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ექსპორტირებამდე გაიარეს დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ოპერაციებს ;

და

(b) საბაჟოსთვის იქნება დამტკიცებული, რომ:

(i) რეიმპორტირებული საქონელი მიღებულია ექსპორტირებული მასალის დამუშავება-გადამუშავებით; და

(ii) წინამდებარე მუხლის დებულებების საფუძველზე, ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ მიღებული მთლიანი დამატებითი ღირებულება არ აღემატება იმ საბოლოო პროდუქციის ფრანკო-ქარხნის ფასის 10%-ს, რომლის წარმოშობის სტატუსიც სადავოა.

4. მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები არ შეეხება დამუშავება-გადამუშავებას ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საზღვრებს გარეთ. თუმცა, სადაც II დანართის ჩამონათვალში გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე ყველა მასალის მაქსიმალური ღირებულების დადგენის წესი გამოიყენება საბოლოო პროდუქციის წარმოშობის დადგენაში, ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მთლიანი ღირებულება, აღებული წინამდებარე მუხლის დებულებების გამოყენების შედეგად ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან ერთად, არ უნდა აჭარბებდეს დადგენილ პროცენტულობას.

5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების გამოყენების მიზნით, “მთლიანი დამატებითი ღირებულება“ ნიშნავს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ გაწეულ ყველა ხარჯს, იქ გამოყენებული მასალების ღირებულების ჩათვლით.

6. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები არ ეხება პროდუქციას, რომელიც არ აკმაყოფილებს II დანართში ჩამოთვლილ პირობებს, და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად დამუშავებულად-გადამუშავებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში დაფიქსირებული ზოგადი დაშვებები.

7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები არ ეხება პროდუქციას, რომელიც შეესატყვისება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებს.

8. წინამდებარე მუხლის დებულებებში მოცემული და ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საზღვრებს გარეთ შესრულებული დამუშავება-გადამუშავების ნებისმიერი ტიპი მოექცევა ზედაპირული დამუშავების ან მსგავსი კლასიფიცირების ქვეშ.

მუხლი 12

პირდაპირი ტრანსპორტირება

1. შესაბამისი შეთანხმებით დადგენილი პრეფერენციული რეჟიმი ეხება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე კონვენციის მოთხოვნებს, და რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ან მათი ტერიტორიის გავლით, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია მე-3 მუხლის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, პროდუქცია, რომელიც შეადგენს ერთ მთლიან პარტიას, შეიძლება გადაიზიდოს სხვა ტერიტორიების გავლით, თუ აუცილებელი გახდება გადაზიდვა ან დროებითი დასაწყობება ასეთ ტერიტორიებზე იმ პირობით, რომ ტვირთი დარჩება ტრანზიტის ან დასაწყობების ქვეყნის საბაჟო უწყების მეთვალყურეობის ქვეშ და არ მოუწევს სხვა ოპერაციების გავლა, გარდა გადმოტვირთვის, ხელახალი დატვირთვის ან სხვა რომელიმე ოპერაციისა, რომელიც გამიზნული იქნება ტვირთის ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის.

წარმოშობის მქონე პროდუქციამ, ექსპორტიორი და იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიების გარდა, შეიძლება იმოძრაოს მილსადენით სხვა ქვეყნების გავლითაც.

2. პირველ პუნქტში დადგენილი პირობების შესრულების მტკიცება უნდა წარედგინოს იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას შემდეგი სახით:

(a) ერთი სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელშიც შედის გზა ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან ტრანზიტის ქვეყნის გავლით, ან

(b) ტრანზიტის ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც:

(i) მოცემულია პროდუქციის ზუსტი აღწერილობა;

(ii) მოცემულია პროდუქციის გადმოტვირთვის და ხელახალი დატვირთვის თარიღები და, საჭიროების შემთხვევაში, გემების ან გამოყენებული სხვა სახის ტრანსპორტის სახელები; და

(iii) პროდუქციის ტრანზიტის ქვეყანაში შენახვის დადასტურებული პირობები; ან

(c) დასაბუთების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტი ზემოხსენებულების უქონლობის შემთხვევაში.

მუხლი 13

გამოფენები

1. მე-3 მუხლით გათვალისწინებული ხელშემკვრელი მხარის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანაში (რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია) გამოფენაზე გაგზავნილი წარმოშობის მქონე პროდუქცია, და გამოფენის შემდეგ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმპორტის მიზნით გაყიდული, იმპორტისას ისარგებლებს შესაბამისი შეთანხმების დებულებებით იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო უწყებისთვის ნაჩვენები და დამაჯერებელი იქნება, რომ:

(a) ექსპორტიორმა გაგზავნა მოცემული პროდუქცია ხელშემკვრელი მხარიდან იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდა გამოფენა, და მას აღნიშნული პროდუქცია გამოფენილი ჰქონდა ამ გამოფენაზე;

(b) პროდუქცია ექსპორტიორმა მიჰყიდა ან სხვაგვარად გადასცა სხვა ხელშემკვრელი მხარის პირს;

(c) პროდუქცია გადაცემულ იქნა გამოფენის დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ ისეთივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის გაიგზავნა გამოფენაზე; და

(d) პროდუქცია, მას შემდეგ რაც ის გაიგზავნა გამოფენისთვის, არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სხვა მიზნით, გარდა მისი გამოფენაზე წარდგენისა.

2. წარმოშობის სერთიფიკატი გაცემული ან შედგენილი უნდა იყოს V თავის დებულებების შესაბამისად და იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებისთვის დადგენილი წესით წარდგენილი. იქვე მითითებული უნდა იყოს გამოფენის სახელწოდება და მისი ჩატარების მისამართი. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნას პროდუქციის გამოფენის პირობების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები.

3. პირველი პუნქტი ეხება ნებისმიერ სავაჭრო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო ან რეწვასთან დაკავშირებულ გამოფენას, ბაზრობას ან მსგავს საზოგადოებრივ ჩვენებას ან გამოფენას, რომელიც არ არის ორგანიზებული კერძო მიზნებისთვის მაღაზიებში ან ბიზნეს ფართზე უცხოური პროდუქციის გაყიდვის მიზნით, და რომელთა განმავლობაშიც პროდუქცია რჩება საბაჟოს კონტროლის ქვეშ.

თავი IV

დაბრუნება ან გადასახადისგან გათავისუფლება

მუხლი 14

საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვა

1. წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალები, რომლებიც გამოიყენება წარმოშობის მქონე პროდუქციის საწარმოებლად ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, და რომლისთვისაც წარმოშობის სერთიფიკატი გაცემულია ან შედგენილია V თავის დებულებების შესაბამისად, არ დაექვემდებარება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნებას ან მისგან გათავისუფლებას.

2. პირველ პუნქტში მოცემული აკრძალვა ეხება იმ საბაჟო მოსაკრებლების ან გადასახადების ნაწილობრივ თუ მთლიანად დაბრუნების, რემისიის ან გადაუხდელობის ნებისმიერ ზომას, რომლებიც ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოებაში მოხმარებული მასალების შესახებ იმ მოქმედი კანონების ეკვივალენტურია, რომელთაც ამგვარი დაბრუნება, რემისია ან გადაუხდელობა ეხებათ, თვალნათლივ ან არსობრივად, და როცა ხდება ზემოხსენებული მასალებისგან მიღებული პროდუქციის ექსპორტი და არა მაშინ, როცა ისინი ქვეყანაში რჩება ადგილობრივი მოხმარების მიზნით.

3. წარმოშობის სერთიფიკატში მოხსენიებული პროდუქციის ექსპორტიორი მზად უნდა იყოს, ნებისმიერ დროს, საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მოთხოვნით, წარადგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მოცემული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მიმართ არ არის მიღებული საბაჟო მოსაკრებლის რაიმე დათმობა და რომ ამგვარ მასალასთან დაკავშირებული ყველა საბაჟო მოსაკრებელი ან გადასახდელი ფაქტიურად გადახდილია.

4. ამ მუხლის 1-3 პუნქტების დებულებები ასევე გამოიყენება შეფუთვის (მე-7 (2) მუხლის მნიშვნელობის გათვალისწინებით), აქსესუარების, სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების (მე-8 მუხლის შინაარსის მიხედვით) და კომპლექტში მოცემული პროდუქციის (მე-9 მუხლის შინაარსის მიხედვით) მიმართ, როცა ამგვარ ერთეულებს არ გააჩნია წარმოშობა.

5. 1-4 პუნქტების დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ მასალების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება შესაბამისი შეთანხმების მოქმედება.

6. (a) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ გავრცელდება 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარესა და 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე, ისრაელის, ფარერის კუნძულებისა და ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეების გამოკლებით, თუ პროდუქცია ჩაითვლება ექსპორტიორ ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილად, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით.

(b) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ გავრცელდება ეგვიპტეს, იორდანიას, მაროკოსა და ტუნისს შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე, თუ პროდუქცია ჩაითვლება წარმოშობილად ერთ-ერთ ამ ქვეყანაში, კუმულაციის გამოყენების გარეშე, მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით.