Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0008 465024 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ასოცირების შეთანხმება: კარი IV, თავი 4
 
ბოლო განახლება:

ასოცირების შეთანხმება: სარჩევი

ასოცირების შეთანხმბის სრული ტექსტი

თავი 4

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები

მუხლი 50

მიზანი

1.    ამ თავის მიზანია სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობა მხარეებს შორის, IV დანართში ჩამოთვლილი ყველა ღონისძიების ჩათვლით, ამავე დროს   ადამიანების, ცხოველთა ან მცენარეთა სიცოცხლისა ან ჯანმრთელობის დაცვა შემდეგი სახით:   

(a)    სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ვაჭრობასთან დაკავშირებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გატარებისას, რომლებიც ჩამოთვლილია IV დანართში.
(b)    ქართული მარეგულირებელი სისტემის ევროკავშირის მარეგულირებელ სისტემასთან დაახლოება.

(c)    მხარეების ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის აღიარება და რეგიონალიზაციის პრინციპის გატარება.  
(d)    მხარის მიერ გატარებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების, რომლებიც ჩამოთვლილია ამ შეთანხმების IV დანართში, ეკვივალენტურობის აღიარების სისტემის ჩამოყალიბება.    
(e)    SPS შეთანხმების აღსრულების გაგრძელება.  
(f)    ვაჭრობის წახალისებისთვის მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება; და
(g)    კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება მხარეთა შორის ამ შეთანხმების IV დანართში ჩამოთვლილ ზომებთან დაკავშირებით.

2.    ამ თავის მიზანია ასევე მიაღწიოს მხარეთა შორის ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებთან დაკავშირებით საერთო აზრს.  

მუხლი 51

მრავალმხრივი ვალდებულებები

მხარეები კვლავ ადასტურებენ ვმო-ს შეთანხმებებით და კერძოდ,  SPS შეთანხმებით მათთვის განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს.  

მუხლი 52

მოქმედების სფერო

ეს თავი  ვრცელდება მხარის ყველა სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომაზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენენ გავლენას  მხარეთა შორის ვაჭრობაზე, IV დანართში ჩამოთვლილი ზომების ჩათვლით.  წინამდებარე მოქმედების სფერო ზიანს არ აყენებს დაახლოების მოქმედების სფეროს, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების 55-ე მუხლით.

მუხლი  53

ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინთა გამარტება:  

1.    „სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები“ ნიშნავს  SPS შეთანხმების  A დანართის 1 პუნქტით განსაზღვრულ ზომებს (SPS ზომები).

2.    "ცხოველები" ნიშნავს ცხოველებს, როგორც ეს განსაზღვრულია  ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) წყლის ცხოველთა და ხმელეთის ცხოველთა კოდექსებში.

3.    "ცხოველური პროდუქტები" ნიშნავს ცხოველური წარმოშობის პროდუქციას, წყლის ცხოველების პროდუქტების ჩათვლით,  როგორც ეს განსაზღვრულია  OIE-ს  წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით.  

4.    "ცხოველური სუბპროდუქტები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის" ნიშნავს ცხოველის მთლიან სხეულს ან მის ნაწილს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტს ან ცხოველისაგან მიღებულ სხვა პროდუქტს, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის, როგორც ეს ჩამოთვლილია ამ შეთანხმების IV-A დანართის მეორე ნაწილში (II);   

5.    "მცენარეები" ნიშნავს ცოცხალ მცენარეებსა და მათ ცოცხალ ნაწილებს, მათ შორის თესლებსა და გერმაპლაზმას:  

(a) ბოტანიკური კუთხით ხილი, გარდა ღრმა გაყინვით შენახულისა;
(b) ბოსტნეული, გარდა ღრმად გაყინვით შენახულისა;  
(c) ტუბერები, გორგლბოლქვები, ბოლქვები, ფესვის ნაწილები;
(d) მოჭრილი ყვავილები;
(e) დაფოთლილი ტოტები;
(f) მოჭრილი ხეები დარჩენილი ფოთლებით;
(g) მცენარეების ქსოვილური კულტურები;
(h) ფოთლები; ყლორტები;
(i) ცოცხალი მცენარეული მტვერი; და
(j) ხის კვირტები, ყლოტები, კალმები

6.    "მცენარეული პროდუქტები" ნიშნავს მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, დაუმუშავებელს ან რომელსაც გავლილი აქვს მცირე დამუშავება და არ არის ამ შეთანხმების IV-A დანართის მესამე ნაწილის მცენარეთა ჩამონათვალში.    

7.    "თესლები"  ნიშნავს თესლებს ბოტანიკური მნიშვნელობით, რომელიც დარგვისათვისაა განკუთვნილი.

8.    "მავნებლები“ ნიშნავს ნებისმიერი ტიპის, სახის, მცენარის ბიოტიპის, პათოგენურ ან ცხოველურ აგენტს, რომელიც საზიანოა მცენარის ან მცენარეული პროდუქტისათვის (მავნე ორგანიზმები).    

9.    "დაცული ზონები" ნიშნავს ზონებს, ევროსაბჭოს 2000 წლის 8 მაისის 2000/29/EC  მცენარეებისათვის და მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე ორგანიზმების ევროგაერთიანებაში შეღწევისა და  გავრცელების საწინააღმდეგო დამცავი ზომების  შესახებ დირექტივის  2(1)(h)  მუხლის ან რომელიმე შემდგომი შესწორების მიხედვით;
   
10.    "ცხოველთა დაავადება " ნიშნავს ცხოველებში ინფექციის კლინიკურ ან პათოლოგიურ  გამოვლინებას;
   
11.    "აკვაკულტურის დაავადება" ნიშნავს  კლინიკური ან არაკლინიკური ინფექციის  OIE -ს წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსში აღნიშნულ დაავადებათა ერთი ან მეტი ეტიოლოგიური აგენტით  გამოვლენას.   

12.    "ცხოველთა ინფექცია" არის მდგომარეობა, როდესაც  ცხოველები ინარჩუნებენ ინფექციურ აგენტს, ინფექციიის კლინიკური ან პათოლოგიური  ნიშნებით გამოვლენით ან მათ გარეშე.  

13.    "ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტები" ნიშნავს  ცხოველთა დაცვის სტანდარტებს, როგორც ეს შემუშავებულია და მიღებულია მხარეთა მიერ და შეესაბამება OIE-ს  სტანდარტებს;

14.    "სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის შესაბამისი დონე" ნიშნავს  სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის დონეს SPS შეთანხმების A დანართის მე-5 პარაგრაფის მიხედვით;   

15.    "რეგიონი" ცხოველთა ჯანმრთელობის  კუთხით ნიშნავს ზონას ან რაიონს   OIE-ს ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის მიხედვით და  წყლის ცხოველებთან მიმართებაში - ზონას OIE-ს წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის მიხედვით. ევროკავშირისათვის ტერმინი „ტერიტორია“ ან „ქვეყანა“ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიას.

16.    "მავნებლისაგან თავისუფალი ზონა" ნიშნავს ზონას, ტერიტორიას, სადაც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კონკრეტული მავნებელი არ არის წარმოდგენილი და სადაც, თუ კი შესაძლებელია, აღნიშნული მდგომარეობა შენარჩუნებულია ოფიციალურად.
 
17.    "რეგიონალიზაცია" ნიშნავს რეგიონალიზაციის კონცეფციას, როგორც ეს აღწერილია  SPS შეთანხმების მე-6 მუხლში;   

18.    "ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების ტვირთი“ ნიშნავს ერთი და იგივე ტიპის ცხოველთა ან  ცხოველურ პროდუქტთა გარკვეულ რაოდენობას, რომელთაც ფარავს ერთი სერტიფიკატი ან დოკუმენტი, გადაიზიდება ერთნაირი სატრანსპორტო საშუალებებით, გაგზავნილია ერთი გამგზავნის მიერ, და წარმოშობილია ერთი და იგივე ექსპორტიორ მხარეში, ან მის რომელიმე რეგიონ(ებ)ში. ცოცხალი ცხოველების ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე საქონლის ან პარტიისგან;      

19.    "მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების ტვირთი" ნიშნავს მცენარეთა, მცენარეულ პროდუქტთა ან/და სხვა საგანთა რაოდენობას, რომელიც გადაადგილდება ერთი მხარიდან მეორე მხარეში და ახლავს საჭიროების შემთხვევაში, ერთი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე საქონლისგან ან პარტიისგან;
     
20.    "პარტია" ნიშნავს ერთი საქონლის რაოდენობას ან ერთეულებს, რომლის იდენტიფიცირება ხდება მისი ჰომოგენური შემადგენლობისა და წარმოშობის მიხედვით და წარმოადგენს ტვირთის ნაწილს;

21.    "ეკვივალენტობა ვაჭრობის მიზნებისათვის" (ეკვივალენტობა) ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ექსპორტიორ ქვეყანაში დანერგილი წინამდებარე შეთანხმების IV დანართში ჩამოთვლილი ღონისძიებები, იმის მიუხედავად განსხვავდება თუ არა  იმპორტიორი მხარის მიერ დანერგილი ამ დანართში ჩამოთვლილი  ღონისძიებებისგან, რეალურად აღწევს იმპორტიორი მხარის  დაცვის შესაბამის ან რისკის მისაღებ დონეს;

22.    "სექტორი" ნიშნავს მხარის წარმოებისა და ვაჭრობის სტრუქტურას პროდუქტის ან პროდუქტების კატეგორიისთვის;

23.    "ქვესექტორი" ნიშნავს სექტორის ზუსტად განსაზღვრულ და კონტროლირებად ნაწილს;

24.    "საქონელი" ნიშნავს  პროდუქტებს ან საგნებს, რომლებიც მოცემულია 2-7  პუნქტებში;

25.    "იმპორტის სპეციალური ნებართვა" ნიშნავს იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური სამსახურების მიერ ინდივიდუალური იმპორტიორის სახელზე გაცემულ წინასწარ ოფიციალურ ნებართვას  საქონლის ერთი ან რამოდენიმე  პარტიის იმპორტზე ექსპორტიორი მხრიდან, მოცემული თავის ფარგლებში;

26.    "სამუშაო დღეები" მოიცავს კვირის დღეებს,  შაბათ-კვირისა და ერთ-ერთი  მხარის სახელმწიფო დასვენების დღეების გამოკლებით;  

27.    "ინსპექტირება" ნიშნავს სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ნებისმიერი ასპექტის შემოწმებას იმისათვის, რომ დადგინდეს ამ ასპექტის (ასპექტების) სურსათისა და ცხოველთა საკვების კანონთან და ცხოველთა ჯანმრთელობის და ცხოველთა კეთილდღეობის წესების მოთხოვნებთან შესაბამისობა;  

28.    "მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექტირება" ნიშნავს მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების ან სხვა რეგულირებადი ობიექტების  ოფიციალურ ვიზუალურ შემოწმებას მავნებლის არსებობის დასადგენად და/ან მათი ფიტოსანიტარულ რეგულაციებთან შესაბამისობის განსაზღვრას;

29.    "დამოწმება" ნიშნავს შემოწმებას კვლევის მეშვეობით და ობიექტური გარემოებების მხედველობაში მიღებას, იმისათვის, რომ დადგინდეს, სრულდება თუ არა განსაზღვრული მოთხოვნები. 

მუხლი 54

კომპეტენტური ორგანოები

მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას მათი კომპეტენტური ორგანოების, სტრუქტურის, ორგანიზაციისა და კომპეტენციათა გადანაწილების შესახებ სანიტარული და ფიტოსანიტარული  ქვეკომიტეტის პირველ შეხვედრაზე, როგორც მოცემულია ამ შეთანხმების 65-ე მუხლში (SPS ქვეკომიტეტი). მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ სტრუქტურის, ორგანიზაციისა და კომპეტენციათა გადანაწილების შესახებ ყოველი ცვლილების თაობაზე, საკონტაქტო პირების ცვლილების ჩათვლით.  


მუხლი 55

ეტაპობრივი დაახლოება

1.    საქართველომ უნდა განაგრძოს მისი სანიტარული და ფიტოსანიტარული, ცხოველთა კეთილდღეობისა და სხვა საკანონმდებლო ღონისძიებების, როგორც მოცემულია ამ შეთანხმების IV  დანართში,  ევროკავშირის  კანონმდებლობასთან დაახლოება, წინამდებარე შეთანხმების XI დანართში მოცემული პრინციპებისა და პროცედურების მიხედვით.   

2.    მხარეები ითანამშრომლებენ ეტაპობრივი დაახლოებისა და შესაძლებლობების ზრდის მიმართულებით.  

3.    SPS ქვეკომიტეტი რეგულარულად დააკვირდება ამ შეთანხმების XI დანართით განსაზღვრულ  დაახლოების პროცესის განხორციელებას, დაახლოების თაობაზე საჭირო რეკომენდაციების გაცემის მიზნით.   

4.    წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა, საქართველო წარადგენს ევროკავშირის იმ სანიტარულ, ფიტოსანიტარულ, ცხოველთა კეთილდღეობისა და სხვა საკანონმდებლო ღონისძიებების სიას, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების IV  დანართით,  რომელსაც ის დაუახლოებს  თავის კანონმდებლობას.  სია დაყოფილი იქნება პრიორიტეტულ სფეროებად, სადაც გარკვეული საქონლით ან საქონელთა ჯგუფით ვაჭრობის ხელშეწყობა განხორციელდება საკანონმდებლო დაახლოების გზით. დაახლოების სია წარმოადგენს წინამდებარე თავის განხორციელების სახელმძღვანელო დოკუმენტს.  

მუხლი 56

ცხოველთა ჯანმრთელობის, მავნებელთა მდგომარეობისა და რეგიონალური პირობების აღიარება ვაჭრობის მიზნებისთვის  

ცხოველთა დაავადებების, ცხოველებში ან მავნებლებში ინფექციების მდგომარეობის აღიარება

1.    ცხოველთა დაავადებებთან და ცხოველებში ინფექციებთან (ზოონოზის ჩათვლით) მიმართებაში განხორციელდება შემდეგი:

(a)    იმპორტიორი მხარე აღიარებს ექსპორტიორი მხარის ან მისი რეგიონების ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაჭრობის მიზნით, ამ შეთანხმების V დანართის A ნაწილით განსაზღვრულ დაავადებებთან მიმართებაში, ამ შეთანხმების V დანართში მოცემული პროცედურების შესაბამისად;
(b)    როდესაც მხარე თვლის, რომ მის ტერიტორიაზე ან მისი ტერიტორიის რეგიონში მას აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა კონკრეტულ ცხოველთა დაავადების კუთხით, გარდა იმ დაავადებებისა, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების V-A დანართში, მას შეუძლია მოითხოვოს ამ სტატუსის აღიარება ამ შეთანხმების VI დანართის C ნაწილში მოცემული პროცედურის შესაბამისად. ამასთან მიმართებაში იმპორტიორ მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს  გარანტიები, განმარტებითი კომენტარის თანდართვით, ცოცხალ ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით, რომელიც შეესაბამება მხარეთა შორის შეთანხმებულ სტატუსს;

(c) მხარეების ტერიტორიის, რეგიონების, სექტორის თუ ქვესექტორის სტატუსი, რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა დაავადებებთან (V-A დანართში ჩამოთვლილი დაავადებების გარდა), ან ინფექციასთან ცხოველებში, და/ან მასთან დაკავშირებულ რისკებთან, შესაბამისად, როგორც განსაზღვრულია OIE-ს მიერ,  მხარეების მიერ განიხილება, როგორც მათ შორის ვაჭრობის ძირითადი საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმპორტიორმა მხარემ შესაძლებელია მოითხოვოს გარანტიები ცოცხალ ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების იმპორტთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება OIE–ს რეკომენდაციების მიხედვით განსაზღვრულ სტატუსს.
 
(d)    წინამდებარე შეთანხმების  58-ე, მე-60 და 64-ე მუხლების დაურღვევლად და თუ იმპორტიორი მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამხმარე ან დამატებით ინფორმაციას ან კონსულტაციას და/ან გადამოწმებას, თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გაატარებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ვაჭრობის დასაშვებად „a“, „b“ და „c“ ქვეპუნქტების მიხედვით.   

2.    მავნებლებთან დაკავშირებით გატარდება შემდეგი ზომები:  

(a)    მხარეები VI-B დანართის შესაბამისად ვაჭრობის მიზნით ცნობენ მათ იმ მავნებლებთან დაკავშირებულ მდგომარეობას, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების V-B დანართში;

(b)     წინამდებარე შეთანხმების 58-ე, მე-60 და 64-ე მუხლების დაურღვევლად და თუ იმპორტიორი მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამხმარე ან დამატებით ინფორმაციას ან კონსულტაციას და/ან გადამოწმებას, თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გაატარებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ვაჭრობის დასაშვებად წინამდებარე პუნქტის „a“ ქვეპუნქტის მიხედვით.   

რეგიონალიზაციის/ზონირების, მავნებლებისგან თავისუფალ  ზონების  (PFA) და დაცული ზონების (PZ) აღიარება

3.    მხარეები ცნობენ რეგიონალიზაციისა და PFA–ს კონცეფციას, როგორც ეს მოცემულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 1997 წლის მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციასა (IPPC)  და ფიტოსანიტარული ზომების საერთაშორისო  სტანდარტებში (ISPM) და დაცულ ზონებს 2000/29/EC დირექტივის მიხედვით, რომლის შესრულებაზეც ისინი თანხმდებიან მათ შორის ვაჭრობის მიზნით.  

4.    მხარეები თანხმდებიან რომ რეგიონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებები წინამდებარე შეთანხმების V-A დანართში მოცემულ ცხოველთა და  თევზის დაავადებებზე,  და წინამდებარე შეთანხმების V-B დანართში მოცემულ მავნებლებზე,  მიღებულ უნდა იქნას წინამდებარე შეთანხმების VI დანართის A და B ნაწილებში მოცემული დებულებების შესაბამისად.    

5.    ცხოველთა დაავადებებთან  დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების 58-ე მუხლზე დაყრდნობით, ექსპორტიორი მხარე იმპორტიორი მხარის მიერ მისი რეგიონალიზაციის აღიარების მიზნით ატყობინებს მიღებული ზომების შესახებ გადაწყვეტილებათა სრული აღწერითა და შესაბამისი მონაცემებით. წინამდებარე შეთანხმების 59-ე მუხლის პირობების დაურღვევლად და თუ იმპორტიორ მხარეს არ ექნება დასაბუთებული პრეტენზია და არ მოითხოვს დამატებით ინფორმაციას ან კოსულტაციას და/ან გადამოწმებას შეტყობინების მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ასე მიწოდებული რეგიონალიზაციის გადაწყვეტილება ჩაითვლება მიღებულად.     
    
    ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება ამ შეთანხმების 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. იმპორტიორი მხარე შეაფასებს დამატებით ინფორმაციას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებული დამოწმება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების 62-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის მიღებიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში.   

6.    მავნებლებთან დაკავშირებით თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ  მცენარეებით, მცენარეული პროდუქციით და სხვა ობიექტებით ვაჭრობისას გათვალისწინებულია მავნებლების მდგომარეობა მეორე მხარის მიერ აღიარებულ დაცულ ზონასა ან მავნებლებიასგან თავისუფალ ტერიტორიაზე PFA-ს აღიარების მაძიებელმა მხარემ უნდა აცნობოს მეორეს მის მიერ  გატარებული ღონისძიებების შესახებ და მოთხოვნის შესაბამისად უნდა მისცეს სრული ინფორმაცია და ახსნა-განმარტება მის შექმნასა  და შენარჩუნებაზე, FAO-ს ან IPPC-ის სტანდარტების, მათ შორის ISPM-ის მიხედვით. ამ შეთანხმების 64-ე მუხლის დაურღვევლად და თუ მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამატებით ინფორმაციას,  კონსულტაციას და/ან გადამოწმებას შეტყობინების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, რეგიონალიზაციის გადაწყვეტილება მავნებლისგან თავისუფალ ტერიტორიაზე  ჩაითვლება მიღებულად.  
        
    ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება წინამდებარე შეთანხმების 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. იმპორტიორი მხარე შეაფასებს დამატებით ინფორმაციას მისი მიღებიდან სამი თვის განმავლობაში. ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებული დამოწმება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების 62-ე მუხლის შესაბამისად, დამოწმებაზე მოთხოვნის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში, განხილვის ქვეშ მყოფი მავნებლისა თუ მცენარის ბიოლოგიის გათვალისწინებით.   

7.    მე-4 - მე-6 პუნქტებში მოყვანილი პროცედურების დასრულების შემდეგ და წინამდებარე შეთანხმების 64-ე მუხლის დაურღვევლად, თითოეული მხარე, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, გაატარებს აუცილებელ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ამ პირობებით ვაჭრობის დასაშვებად.

 დანაწილება  

8.    მხარეები შესაძლოა ჩაერთონ დანაწილებასთან დაკავშირებულ შემდგომ განხილვებში.

მუხლი 57

ეკვივალენტურობის განსაზღვრა

1.    ეკვივალენტობა უნდა  იქნას აღიარებული შემდეგ შემთხვევებთან დაკავშირებით:

(a) ინდივიდიალური ღონისძიება; ან
(b) ღონისძიებების ჯგუფი; ან
(c) სისტემა  სექტორის, ქვე-სექტორის, საქონლის ან საქონლის ჯგუფისთვის.

2.    ეკვივალენტობის განსაზღვრისას, მხარეები უნდა მიყვნენ პროცესს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტშია მოცემული. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს ეკვივალენტობის ობიექტურ  დემონსტრირებას ექსპორტიორი მხარის მიერ და მოთხოვნის ობიექტურ შეფასებას იმპორტიორი მხარის მიერ. ეს შეფასება შეიძლება მოიცავდეს ინსპექტირებას ან დამოწმებას.

3.    ექსპორტიორი მხარის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ეკვივალენტობის აღიარების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეებმა დაუყონებლივ, არაუგვიანეს სამი თვისა მას შემდეგ რაც იმპორტიორი მხარე მიიღებს ამგვარ  მოთხოვნას, ინიცირება უნდა  გაუკეთონ  საკონსულტაციო პროცესს, რომელიც მოიცავს წინამდებარე შეთანხმების VIII დანართში გაწერილ ნაბიჯებს. ექსპორტიორი მხარის მიერ  რამდენიმე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მხარეები იმპორტიორი მხარის მოთხოვნით უნდა შეთანხდნენ ამ შეთანხმების 65-ე მუხლში მოცემულ SPS ქვეკომიტეტთან დროის განრიგზე, რომლის მიხედვითაც ისინი განახორციელებენ ამ პუნქტით განსაზღვრული პროცესის ინიცირებასა და განხორციელებას  

4.    საქართველომ უნდა შეატყობინოს ევროკავშირს, როდესაც  დაახლოება მიღწეულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებისთვის, ღონისძიებათა ჯგუფისთვის ან სისტემისთვის, როგორც წინამდებარე შეთანხმების 55-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული მონიტორინგის შედეგი. ეს ფაქტი ჩაითვლება როგორც საფუძველი საქართველოსთვის მოითხოვოს ეკვივალენტობის აღიარების პროცესის დაწყება მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.

5.    თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, იმპორტიორი მხარე ვალდებულია დაასრულოს მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეკვივალენტობის აღიარების პროცესი ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის მიღებიდან 360 დღეში, მათ შორის დოსიე, რომელიც აჩვენებს ეკვივალენტობას.  აღნიშნული დროის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს სეზონურ კულტურებთან მიმართებაში, როდესაც შეფასების დაყოვნება გამართლებულია იმისათვის, რომ დამოწმება განხორციელდეს სეზონური კულტურების ზრდის შესაბამისი პერიოდისთვის.    

6.    იმპორტიორი მხარე განსაზღვრავს მცენარეებთან, მცენარეულ პროდუქტებთან და სხვა ობიექტებთან ეკვივალენტობას ფიტოსანიტარული ზომების საერთაშორისო  სტანდარტების (ISPM) მიხედვით.

7.    იმპორტიორ მხარეს შეუძლია გააუქმოს ან შეაჩეროს ეკვივალენტობა, რომელიმე მხარის მიერ ზომებში ისეთი შესწორების შეტანის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ეკვივალენტობაზე, შემდეგი პროცედურის დაცვით:

(a)    წინამდებარე შეთანხმების 58(2) მუხლის დებულებების შესაბამისად, ექსპორტიორმა მხარემ  უნდა აცნობოს იმპორტიორ მხარეს იმ ღონისძიებებში განსახორციელებელი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელთა ეკვივალენტობა უკვე აღიარებულია და ასევე შეთავაზებული ღონისძიებების სავარაუდო გავლენა უკვე განსაზღვრულ ეკვიავლენტობაზე,  აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში იმპორტიორმა მხარემ ექსპორტიორ მხარეს უნდა  შეატყობინოს გაგრძელდება თუ არა შეთავაზებული ღონისძიებების საფუძველზე ეკვივალენტობის ცნობა.

(b)    წინამდებარე შეთანხმების 58(2) მუხლის დებულებების შესაბამისად, იმპორტიორმა  მხარემ დაუყონებლივ უნდა წარუდგინოს მის ღონისძიებეში შესატანი ცვლილებების შესახებ შეთავაზება, რომლის მიხედვითც მოხდა შესაბამისობის (ეკვივალენტობის) აღიარება.  უნდა გააგრძელოს თუ არა  იმპორტიორმა მხარემ ეკვივალენტობის აღიარება, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირობებზე, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცესის ხელმეორედ ინიცირება  შეთავაზებული  ზომების საფუძველზე.

8.    ეკვივალენტობის აღიარებას, შეჩერებას ან გაუქმებას ახდენს მხოლოდ იმპორტიორი მხარე, რომელიც მოქმედებს  საკუთარ ადმინისტრაციულ და საკანონდმდებლო ფარგლებში. ამ მხარემ წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს ექსპორტიორ მხარეს დასაბუთებული ახსნა-განმარტება და შესაბამისი მონაცემები, რომელთა გამოყენება მოხდა ამ მუხლით გათვალისწინებული განსაზღვრებების და გადაწვეტილებების მიღებისას. ეკვივალენტობის აუღიარებლობის, შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, იმპორტიორმა მხარემ უნდა აცნობოს ექსპორტიორ მხარეს იმ გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული პროცესის ხელახალი ინიცირება.

9.    წინამდებარე შეთანხმების 64-ე მუხლის პირობების დაურღვევლად, იმპორტიორმა მხარემ შეიძლება არ გააუქმოს ან არ შეაჩეროს ეკვივალენტობა,  ვიდრე რომელიმე მხარის მიერ შეთავაზებული ახალი ზომები შევა ძალაში.

10.    იმ შემთხვევაში, თუ ეკვივალენტობა ოფიციალურად აღიარებულ იქნა იმპორტიორი მხარის მიერ, წინამდებარე შეთანხმების VIII დანართის შესაბამისად გამართული კონსულტაციების საფუძველზე, SPS ქვეკომიტეტმა წინამდებარე შეთანხმების 65(5) მუხლით განსაზღვრული პროცედურის საფუძველზე უნდა მოახდინოს მხარეებს შორის ვაჭრობაში ეკვივალენტობის აღიარების დეკლარირება. ასეთმა გადაწყვეტილებამ  შეიძლება აგრეთვე განაპირობოს ფიზიკური შემოწმების შემცირება საზღვარზე, საწარმოებისთვის სერტიფიკატებისა და პროდუქციის გაყიდვამდე შემოწმების განსაზღვრული პროცედურების გამარტივება.

სტატუსი ეკვივალენტობის აღიარების შესახებ იქნება გაწერილი წინამდებარე შეთანხმების XII დანართში.

მუხლი 58

გამჭირვალობა და ინფორმაციის გაცვლა

1.    წინამდებარე შეთანხმების 59-ე მუხლის პირობების დაურღვევლად  მხარეები ითანამშრომლებენ, რომ გაიზარდოს მეორე მხარის ოფიციალური კონტროლის სისტემისა და მექანიზმის ორმხრივი გაგება, რომლებიც გამიზნულია ამ შეთანხმების IV დანართში ჩამოთვლილი SPS ზომების განხორციელებისათვის, და ასეთი სტრუქტურისა და მექანიზმების ფუნქციონირების თაობაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია, მათ შორის, საერთაშორისო აუდიტის ანგარიშების მეშვეობით, თუკი ის კეთდება საჯაროდ და მხარეებს შეუძლიათ გაცვალონ ინფორმაცია ასეთი აუდიტის შედეგებზე ან  სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

2.    კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების  ფარგლებში წინამდებარე შეთანხმების 55-ე მუხლის შესაბამისად ან ეკვივალენტობის განსაზღვრის ფარგლებში 57-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები განახორციელებენ ერთმანეთის ინფორმირებას შესაბამის სფეროებში საკანონმდებლო ან სხვა პროცედურულ ცვლილებებზე.

3.    აღნიშნულ კონტექსტში, ევროკავშირი თავის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე დროულად მოახდენს საქართველოს ინფორმირებას, რათა შესაძლებლობა მისცეს საქართველოს განიხილოს თავის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საკითხი.

თანამშრომლობის აუცილებელი დონე უნდა იქნეს მიღწეული, რათა ხელი შეეწყოს საკანონმდებლო დოკუმენტების გადაცემას ერთ–ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

ამ მიზნით თითოეული მხარე მეორე მხარეს წარუდგენს საკონტაქტო პირს. მხარეები აგრეთვე შეატყობინებენ ერთმანეთს საკონტაქტო პირების საკითხთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.


მუხლი 59

შეტყობინებები,  კონსულტაციები  და კომუნიკაციის ხელშეწყობა

1.    თითოეული მხარე წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს  ორი სამუშაო დღის განმავლობაში საზოგადოების, ცხოველთა ან მცენარეთა ჯანმრთელობისათვის სერიოზული ან მნიშვნელოვანი რისკების თაობაზე, მათ შორის სურსათის კონტროლთან მიმართებაში საგანგებო ვითარებაზე ან სიტუაციებზე, სადაც  ნათლად არის განსაზღვრული ჯანმრთელობაზე სერიოზული ზემოქმედების რისკი, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური ან მცენარეული პროდუქტის მოხმარებასთან,  კერძოდ:

(a) ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გავლენას ახდენს წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ რეგიონალიზაციის გადაწყვეტილებებზე;
(b) ცხოველთა ნებისმიერი დაავადებების არსებობა ან განვითარება, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე შეთანხმების V-A დანართში ან იმ რეგულირებადი მავნებლების არსებობა ან განვითარება, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე შეთანხმების V-B დანართში;
(c) ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის შედეგები ან მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები ცხოველთა დაავადებებთან ან მავნებლებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან მოცემული წინამდებარე შეთანხმების  V-A  და V-B დანართებში ან რომელიც არის ცხოველის ახალი დაავადება ან მავნებელი;  და
(d) ნებისმიერი დამატებითი ღონისძიება, ძირითადი მოთხოვნების გარდა, ცხოველთა დაავადების, ან მავნებლების  კონტროლის ან აღმოფხრვისთვის, საზოგადოების ჯანდაცვის ან მცენარეთა დაცვისათვის,  პროფილაქტიკის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილება,  მათ შორის ვაქცინაციის პოლიტიკა.

2.    შეტყობინებები ხორციელდება წერილობით, წინამდებარე შეთანხმების 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საკონტაქტო პირების მეშვეობით.

წერილობითი შეტყობინება ნიშნავს შეტყობინებას ფოსტით, ფაქსით ან ელ–ფოსტით.

3.    როდესაც მხარეს აქვს სერიოზული ეჭვი ადამიანის, ცხოველის ან მცენარის  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკზე, ამ მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები აღნიშნულ მდგომარეობაზე უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. ასეთ გარემოებებში თითოეული მხარე წარადგენს ამომწურავ ინფორმაციას ვაჭრობაში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად და ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში.

4.    მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები ცხოველთა კეთილდღეობაზე უნდა გაიმართოს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა. ასეთ გარემოებებში თითოეული მხარე შეეცდება წარადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

5.    მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები, როგორც ეს აღნიშნულია მე-3 და მე-4 პუნქტებში, ტარდება ვიდეო ან აუდიო კონფერენციის სახით. მომთხოვნი მხარე უზრუნველყოფს კონსულტაციის ოქმის მომზადებას, რომელიც ოფიციალურად დადასტუდება მხარეების მიერ. აღნიშნულისთვის გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები.

6.    ორმხრივად დანერგილი სწრაფი განგაშის სისტემა და ადრეული გაფრთხილების მექანიზმი ნებისმიერ ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ საგანგებო მდგომარეობაზე ამოქმედდება მოგვიანებით, მას შემდეგ რაც საქართველო მიიღებს აუცილებელ კანონმდებლობას აღნიშნულ სფეროში და შექმნის პირობებს აღნიშნული სისტემის ადგილზე სწორად ფუნქციონირებისთვის.

მუხლი 60

ვაჭრობის პირობები

1.    იმპორტის პირობები ეკვივალენტობის აღიარებამდე

(a)    მხარეები თანხმდებიან წინამდებარე შეთანხმების IV-A დანართით და IV-C (2) და (3) დანართებით განსაზღვრული ნებისმიერი საქონლის იმპორტი დაექვემდებაროს ეკვივალენტობის აღიარებამდე  პირობებს. წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების დაურღვევლად იმპორტიორი მხარის იმპორტის პირობები გამოიყენება ექსპორტიორი მხარის მთელ ტერიტორიაზე. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ და ამ შეთანხმების 58-ე მუხლის შესაბამისად, იმპორტიორმა მხარემ უნდა შეატყობინოს ექსპორტიორ მხარეს წინამდებარე შეთანხმების IV-A და IV-C დანართებში მითითებულ საქონელზე თავისი სანიტარული და/ან ფიტოსანიტარული საიმპორტო მოთხოვნები. აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებისამებრ უნდა მოიცავდეს ოფიციალური სერტიფიკატების ან დეკლარაციების ან კომერციული დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებიც დაწესებულია იმპორტიორი მხარის მიერ; და

(b)  (i) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მითითებული პირობების ცვლილებები ან შეთავაზებული ცვლილებები  უნდა შეესაბამებოდნენ SPS შეთანხმებით განსაზღვრულ შესაბამისი შეტყობინების პროცედურებს;

(ii) წინამდებარე შეთანხმების 64-ე მუხლის დებულებების დაურღვევლად, იმპორტიორი მხარე ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეცვლილი პირობების ძალაში შესვლის თარიღის დადგენისას მხედველობაში მიიღებს მხარეებს შორის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს; და

(iii) თუ იმპორტიორი მხარე ვერ შეასრულებს შეტყობინების შესახებ მოთხოვნებს ამ   მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ის გააგრძელებს იმპორტის პირობების ცვლილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში იმ სერტიფიკატებით ან მოწმობებით სარგებლობას რომლებიც აკმაყოფილებდა წინა პერიოდის მოთხოვნებს.

2.    იმპორტის პირობები ეკვივალენტობის აღიარების შემდეგ

(a) ეკვივალენტობის აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 90 დღის განმავლობაში, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე შეთანხმების 57-ე მუხლის მე-10 პუნქტში, მხარეები მიიღებენ საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ეკვივალენტობის აღიარების განსახორციელებლად   და ამის საფუძველზე მათ შორის  წინამდებარე შეთანხმების IV-A და IV-C (2)(3) დანართში აღწერილი საქონლით ვაჭრობის დასაშვებად. აღნიშნულ საქონელზე იმპორტიორი მხარის მიერ მოთხოვნილი ოფიციალური სერტიფიკატი ან ოფიციალური დოკუმენტი შეიძლება ჩანაცვლდეს წინამდებარე შეთანხმების X-B დანართში მოცემული სერტიფიკატით;

(b)  იმ სექტორების ან ქვესექტორების საქონლისთვის, რომლებისთვისაც  ყველა ზომა არ არის აღიარებული ეკვივალენტურად,  ვაჭრობა გრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ პუნქტში მოცემული პირობების დაცვით. ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გამოყენებულ იქნება ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები.

3.    აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან საქონელი, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების IV-A და IV-C (2) დანართებში, არ საჭიროებს იმპორტის ნებართვას მხარეებს შორის.

4.    იმ პირობებისთვის, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული საქონლით ვაჭრობაზე, ექსპორტიორი მხარის მოთხოვნით მხარეები დაიწყებენ კონსულტაციებს SPS ქვეკომიტეტის მეშვეობით წინამდებარე შეთანხმების 65-ე მუხლის დებულებების შესაბამისად, იმპორტიორ მხარესთან იმპორტის ალტერნატიულ ან დამატებით პირობებზე შეთანხმების მიზნით. ასეთი ალტერნატიული ან დამატებითი პირობები შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში, ეფუძნებოდეს ექსპორტიორი მხარის ზომებს, რომლებიც აღიარებული აქვს იმპორტიორ მხარეს როგორც ეკვივალენტური. შეთანხმების შემთხვევაში იმპორტიორი მხარე მიიღებს აუცილებელ  საკანონმდებლო  და/ან  ადმინისტრაციულ ზომებს შეთანხმებული იმპორტის პირობების საფუძველზე იმპორტის დასაშვებად 90 დღის განმავლობაში.

5.    საწარმოების სია, წინასწარი აღიარება

(a) წინამდებარე შეთანხმების IV-A დანართის მე-2 ნაწილში მოცემული ცხოველური პროდუქციის იმპორტისას, ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი გარანტიები, იმპორტიორი მხარე საწარმოების ინდივიდუალური ინსპექტირების გარეშე პირობითად აღიარებს  ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე არსებულ გადამამუშავებელ საწარმოებს წინამდებარე შეთანხმების VII.2.1 დანართის შესაბამისად. ასეთი აღიარება უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების VII დანართში მოცემული პირობებისა და დებულებების შესაბამისი გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დამატებითი ინფორმაციაა მოთხოვნილი, იმპორტიორი მხარე შესაბამისი გარანტიებით გამყარებული მოთხოვნის მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებს ყველა აუცილებელ საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციულ ზომას აღნიშნულის საფუძველზე იმპორტის დასაშვებად.

საწარმოების წინასწარი სიის დამტკიცება უნდა მოხდეს წინამდებარე შეთანხმების VII დანართის დებულებების შესაბამისად.

(b) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული ცხოველური საქონლის იმპროტისას, ექსპორტიორი მხარე მიაწოდებს იმპორტიორ მხარეს იმ საწარმოების სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ იმპორტიორი მხარის მოთხოვნებს.

6.    მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მეორე მხარე წარმოადგენს  საჭირო ახსნა-განმარტებებს და დამადასტურებელ ინფორმაციას იმ განსაზღვრებებსა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც წინამდებარე მუხლშია მოცემული.

    
მუხლი 61

სერტიფიცირების პროცედურა

1.    სერტიფიცირების პროცედურის, სერტიფიკატისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გაცემისათვის მხარეები თანხმდებიან წინამდებარე შეთანხმების X დანართით განსაზღვრულ პრინციპებზე.

2.    ელექტრონული სერტიფიცირების, სერტიფიკატის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების 65-ე მუხლის შესაბამისად SPS ქვეკომიტეტმა შეიძლება შეიმუშაოს წესები, რომლებიც უნდა იქნას დაცული მხარეების მიერ.

3.    წინამდებარე შეთანხმების 55-ე მუხლით განსაზღვრული დაახლოებული კანონდებლობის ფარგლებში მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, თანხმდებიან   სერტიფიკატების საერთო ნიმუშებზე.

მუხლი 62

დამოწმება

1.    ამ თავის დებულებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით თითოეულ მხარეს უფლება აქვს:

(a) განახორციელოს  მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს ინსპექტირების და სერტიფიცირების სისტემის მთლიანი ან ნაწილობრივი დამოწმება, და/ან საჭიროებისამებრ სხვა ღონისძიების დამოწმება, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, სახელმძღვანელოებისა და კოდექს ალიმენტარიუსის, ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის რეკომენდაციების გათვალისწინებით;

(b) მიიღოს ინფორმაცია მეორე მხარისაგან მისი კონტროლის სისტემის შესახებ და იყოს ინფორმირებული ასეთი სისტემით განხორციელებული შემოწმების შედეგებზე, ორივე მხარისთვის მოქმედი კონფიდენციალურობის პირობების დაცვით.

2.    ორივე მხარეს უფლება აქვს აცნობოს მესამე მხარეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული შედეგები დამოწმების დამტკიცების შესახებ და გახადოს ისინი საჯარო, ისე, როგორც ეს მოთხოვნილია ორივე მხარისათვის მოქმედ დებულებებში. საჭიროებისამებრ, კონფიდენციალურობის შესახებ დებულებები, რომელიც მოქმედია ორივე მხარისათვის, უნდა იქნეს გათვალისწინებული შედეგების მესამე მხარისათვის გაცნობისას ან/და გასაჯაროებისას.

3.    თუ იმპორტიორი მხარე გადაწყვეტს განახორციელოს დამოწმების ვიზიტი ექსპორტიორ მხარესთან, იმპორტიორმა მხარემ აღნიშნულის შესახებ, ექსპორტიორ მხარეს უნდა აცნობოს დამოწმების ვიზიტამდე არანაკლებ 60 სამუშაო დღით ადრე, გამონაკლისია საგანგებო შემთხვევები ან თუ მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან. ასეთი ვიზიტის შესახებ ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს მხარეებს შორის.

4.    ხარჯები, რომელიც გაწეულია მხარის კომპეტენტური ორგანოს ინსპექტირებისა და  სერტიფიცირების სისტემის ან/და სხვა ღონისძიების, მთლიანი ან ნაწილობრივი დამოწმების განხორციელებისთვის, ეკისრება დამოწმების ან ინსპექტირების განმახორციელებელ მხარეს.

5.    დამოწმების დამტკიცების შესახებ წერილობითი ოქმის სამუშაო ვერსია  უნდა გადაეგზავნოს ექსპორტიორ მხარეს დამოწმების დასრულებიდან 60 სამუშაო დღის განმავლობაში. ექსპორტიორ მხარეს დამოწმების შესახებწერილობითი ოქმისპროექტზე კომენტარების გაკეთებისათვის აქვს 45 სამუშაო დღე. ექსპორტიორი მხარის მიერ გაკეთებული კომენტარები თან უნდა დაერთოს და სადაც საჭიროა, გათვალისწინებული უნდა იქნას საბოლოო შედეგში. ამასთანავე, დამოწმების პროცესში ადამიანის, ცხოველთა ჯანმრთელობისათვის ან მცენარეების დაცვისათვის მნიშნვნელოვანი საფრთხის გამოვლენისას, ექსპორტიორ მხარეს უნდა ეცნობოს ამის შესახებ დაუყოვნებლივ, ნებისმიერ შემთხვევაში დამოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

6.    სიცხადისთვის, დამოწმების შედეგებმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს მხარეების ან მხარის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების  55-ე, 57-ე  და 63-ე მუხლებში.


მუხლი 63

იმპორტის შემოწმება და ინსპექტირების მოსაკრებელი

1.    მხარეები თანხმდებიან, რომ იმპორტის  შემოწმება, რომელიც ხორციელდება იმპორტიორი მხარის მიერ ექსპორტიორი მხარის საქონლის იმპორტირებისას, უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე შეთანხმების IX დანართის A ნაწილით გათვალისწინებულ პრინციპებს. ასეთი შემოწმების შედეგებმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს წინამდებარე შეთანხმების 62-ე მუხლში მოცემულ დამოწმების პროცესს.

2.    თითოეული მხარის მიერ დადგენილი იმპორტის ფიზიკური შემოწმების  სიხშირე განსაზღვრულია ამ შეთანხმების IX დანართის B ნაწილში. მხარეს შეუძლია ასეთი შემოწმების სიხშირე შეცვალოს მისი კომპეტენციისა და შიდა მოქმედი კანონმდებლობის  ფარგლებში, წინამდებარე შეთანხმების 55-ე, 57-ე და მე-60 მუხლების შესაბამისად მიღწეული პროგრესის შედეგად  ან  დამოწმებების, კონსულტაციებისა ან ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარების შედეგად. შესაბამისად, 65-ე მუხლით განსაზღვრულმა SPS ქვეკომიტეტმა თავისი გადაწყვეტილებით უნდა შეცვალოს ამ შეთანხმების IX დანართის B ნაწილი.

3.    ინსპექტირების მოსაკრებელი, საჭიროებისამებრ, შეიძლება  ფარავდეს მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს მიერ იმპორტის შემოწმებისას გაწეულ ხარჯებს. მოსაკრებელი  უნდა დაანაგრიშდეს იმავე საფუძველზე, როგორც ეს ანგარიშდება ადგილობრივი წარმოების  ანალოგიური პროდუქტის ინსპექტირებისას.

4.    იმპორტიორმა მხარემ ექპორტიორ მხარეს, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა აცნობოს ყველა  ცვლილების შესახებ, მათ შორის ამ ცვლილებების მიზეზების  შესახებ, რომელიც შეეხება იმპორტის შემოწმებებს და ინსპექტირების მოსაკრებელს, ან ასეთი შემოწმების სხვა მნიშვნელოვან   ადმინისტრაციულ  ცვლილებებს.

5.    წინამდებარე შეთანხმების 65-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული SPS ქვეკომიტეტის მიერ დადგენილი თარიღიდან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ  პირობებზე, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის  კონტროლს, წინამდებარე შეთანხმების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მიზნით, რომ  მიიღონ  და ორმხრივად შეამცირონ, სადაც ეს შესაძლებელია, იმპორტის ფიზიკური შემოწმების სიხშირე იმ საქონლისთვის, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-60 მუხლის მე-2 „a“ ქვეპუნქტში.

ზემოაღნიშნული თარიღიდან, მხარეებს შეუძლიათ ორმხრივად აღიარონ  ერთმანეთის კონტროლი გარკვეულ საქონელზე და შესაბამისად ამ საქონელზე შეამცირონ ან ჩაანაცვლონ იმპორტის  შემოწმება.


მუხლი 64

დაცვითი ღონისძიებები

1.    იმ შემთხვევაში თუ ექსპორტიორი მხარე ახორციელებს ღონისძიებებს თავის ტერიტორიაზე, რათა უზრუნველყოს ნებისმიერი რისკის კონტროლი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს ან რისკს წარმოადგენს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარის სიჯანსაღისთვის, ექსპორტიორმა მხარემ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების დაურღვევლად, უნდა განახორციელოს ეკვივალენტური ღორნისძიებები, იმპორტორ ქვეყანის ტერიტორიაზე საფრთხის  ან რისკის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად.

2.    ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის დასაცავად იმპორტიორ მხარეს შეუძლია განახორციელოს დროებითი ღონისძიებები. მხარეებს შორის ტვირთის ტრასპორტირებისას, იმპორტიორმა მხარემ უნდა მიიღოს მაქსიმალურად შესაფერისი და თანაზომადი  გადაწყვეტილება, რათა თავიდან აიცილოს შეფერებები მხარეთა შორის ვაჭრობაში.

3.    მხარე, რომლიც ახორციელებს მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების მიღებას, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ, არაუგვიანეს ღონისძიებების მიღებიდან ერთი სამუშაო დღისა. რომელიმე მხარის მოთხოვნისა და ამ შეთანხმების 59-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული დებულებების საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები, არსებული მდგომარეობის შესახებ, შეტყობინებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. მხარეებმა, მხედველობაში უნდა მიიღონ კონსულტაციის პერიოდში წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია და შეეცადონ თავიდან  აიცილონ  შეფერხებები ვაჭრობაში,  საჭიროებისამებრ გაითვალისწინონ წინამდებარე შეთანხმების 59-ე მუხლის მე–3 პუნქტის დებულებებით განსაზღვრული კონსულტაციების შედეგები.

მუხლი 65

სანიტარული და ფიტოსანიტარული ქვეკომიტეტი

1.    SPS ქვეკომიტეტი ამიერიდან დაფუძნებულია. კომიტეტმა უნდა გამართოს შეხვედრა ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ან მინიმუმ  წელიწადში ერთხელ. თუ მხარეები შეთანხმდებიან, SPS ქვეკომიტეტის შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს ვიდეო ან აუდიო კონფერენციის სახით. SPS ქვეკომიტეტმა შესაძლებელია ცალკეული საკითხების დასარეგულირებლად გამოიყენოს კორესპონდენცია.

2.     SPS ქვეკომიტეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი ფუნქციები:

(a) ამ თავთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა;
(b) ამ თავის განხორციელებაზე მონიტორინგი და ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მისი განხორციელებისას;
(c) ამ შეთნხმების IV-XII დანართების გადახედვა, კერძოდ ამ თავით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და პროცედურების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის კუთხით.
(d) საბოლოოდ განახორციელოს ცვლილებები ამ შეთანხმების IV - XII დანართებში, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მოცემული პირობის მიხედვით, ან მოცემული თავით გათვალისწინებული სხვა ფორმით და
(e) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისათვის   მიაწოდოს მოსაზრებები და  რეკომენდაციები სხვა ორგანოებს, წინამდებარე შეთანხმების VIII კარით გათვალისწინებული პირობების მიხედვით (ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები).

3.    მხარეები თანხმდებიან საჭიროებისამებრ შექმნან ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება მხარეთა ექსპერტებით. სამუშაო ჯგუფმა უნდა მოახდინოს ამ თავის განხორციელებიდან გამომდინარე ტექნიკური და სამეცნიერო საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება. დამატებითი ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში  მხარეებმა შესაძლებელია ჩამოაყალიბონ დროებითი ჯგუფები, მათ შორის სამეცნიერო და ექსპერტთა ჯგუფები. ასეთი დროებითი ჯგუფების წევრობა არ უნდა იყოს შეზღუდული მხარეთა წარმომადგენლობით.

4.    SPS ქვეკომიტეტმა რეგულარულად უნდა აცნობოს, ანგარიშების წარდგენის ფორმით, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს, რომელიც შექმნილია წინამდებარე შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

5.    SPS ქვეკომიტეტმა პირველივე შეხვედრაზე უნდა დაამტკიცოს  თავისი სამუშაო პროცედურები.  

6.    ნებისმიერი გადაწყვეტილება, რეკომენდაცია, ანგარიში ან სხვა ქმედება განხორციელებული SPS ქვეკომიტეტის ან SPS ქვეკომიტეტის მიერ შექმნილი სხვა ჯგუფის მიერ, დამტკიცებული უნდა იქნას მხარეთა შორის კონსენსუსის საფუძველზე.