Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0024 464896 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



SPS შეთანხმების მოთხოვნები
 
ბოლო განახლება:

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მოწოდებულია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მიზნით შეარბილოს და აღმოფხვრას ქვეყნებს შორის  ვაჭრობისათვის არსებული ბარიერები. ეს მოიცავს არა მხოლოდ საბაჟო გადასახადებს (ე.წ. სატარიფო ბარიერებს), არამედ ერთსა და იმავე საქონლისათვის სხვადასხვა ქვეყნებში დაწესებულ განსხვავებულ ტექნიკურ მოთხოვნებს (ე.წ. არასატარიფო ბარიერებს). სურსათის სფეროში ასეთ ზომებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მოიხსენიებს როგორც სანიტარულ და ფიტოსანიტარული ზომებს. WTO-ს ფარგლებში ამ ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით ცალკე შეთანხმებაა დადებული: „შეთანხმება სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების თაობაზე“, Agreement on the Application of Sanitary and Phytosanitary Measures.(შემდგომში SPS შეთანხმება).

SPS შეთანხმების თანახმად სანიტარული/ფიტოსანიტარული ზომები ნიშნავს ყველა ნორმატიულ აქტს, დებულებას, დადგენილ ნორმას, პროცედურას, მოთხოვნას წარმოების  პროცესისადმი, შემოწმებისა და ინსპექტირების, სერტიფიცირების, აღიარების პროცედურებს, საკარანტინო ზომებს, მოთხოვნებს ცხოველების ან მცენარეების ტრანსპორტირებისადმი, რისკების შეფასების, სინჯების აღების, სტატისტიკური ანალიზის მეთოდებს, შეფუთვისა და ეტიკეტირების წესებს (თუ ეს უვნებლობასთან კავშირშია), რომელსაც ქვეყანა ატარებს მის ტერიტორიაზე:

  1. ცხოველებისა და მცენარეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის მავნებლებისაგან, დაავადებათა გადამტანი ან გამომწვევი ორგანიზმებისგან;
  2. ადამიანთა და ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის იმ რისკებისგან, რაც დაკავშირებულია საკვების დანამატებთან, დამბინძურებლებთან, ან საკვებში არსებულ ტოქსინებთან და დაავადებათა გამომწვევ ორგანიზმებთან;
  3. ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად იმ რისკებისგან, რაც დაკავშირებულია დაავადებებთან, რომელიც ცხოველებს, მცენარეებს ან მათგან დამზადებულ პროდუქტებს გადააქვს, ან  დაავადებათა გამომწვევი ორგანიზმების  ქვეყანაში შემოსვლასა და გავრცელებასთან;
  4. ქვეყანაში მავნებლების შემოსვლისა და გავრცელების წინააღმდეგ.

SPS შეთანხმება ეყრდნობა იმ უდავო დებულებას, რომ ვერავინ აუკრძალავს ქვეყანას დაადგინოს და გაატაროს ზომები თავისი მოსახლეობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებულ ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობის დასაცავად. თუმცა ორი პირობით: შეთანხმება ითხოვს, რომ ამ მიზნით გატარებული ზომები:

1) არ სცდებოდეს იმ ფარგლებს, რაც აუცილებელია ადამიანების/ცხოველების/მცენარეების ჯანმრთელობის დასაცავად [*] და

2) რომ ისინი მეცნიერულ დასაბუთებას ეყრდნობოდეს.

თუკი სანიტარულ/ფიტოსანიტარული ზომა, რომელსაც ქვეყანა იყენებს, საერთაშორისოდ აღიარებულია, ასეთი ზომები მეცნიერულად დასაბუთებულად მიიჩნევა და ქვეყანას უპრობლემოდ შეუძლია მათი გამოყენება. გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად SPS შეთანხმება კონკრეტულად უთითებს სამ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელთა მიერ დამტკიცებული სტანდარტები/ნორმები ან სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტები შეიძლება გამოყენებული იქნეს ქვეყნების მიერ სანიტარული/ფიტოსანიტარული ზომების დასაბუთებისათვის. ესენია:

  • სურსათის უვნებლობის საკითხებში - კოდექს ალიმენტარიუსის კომისია (Codex Alimentarius Commission);
  • ცხოველთა ჯანმრთელობისა და ზოონოზური დაავადებების სფეროში - ეპიზოოტიების საერთაშორისო ოფისი (International Office of Epizootics, OIE, 2003 წლიდან ორგანიზაციას ჰქვია ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, World Organisation for Animal Health);
  • მცენარეთა დაცვის სფეროში - მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სამდივნო (International Plant Protection Convention).

ისეთ სფეროებში, რომელზეც ამ სამი ორგანიზაციის კომპეტენცია არ ვრცელდება, დასაშვებია სხვა, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტანდარტების, რეკომენდაციების ან სახელმძღვანელო პრინციპების გამოყენება.

თუმცა, თუკი ამა თუ იმ სფეროში საერთაშორისო ნორმები არ არსებობს, სანიტარულ/ფიტოსანიტარული ზომის დაწესებამდე ქვეყანა ვალდებულია მისი აუცილებლობა ადამიანთა, ან ცხოველების, ან მცენარეების ჯანმრთელობის რეალური რისკების შეფასების საშუალებით დაასაბუთოს. რისკების შეფასებები კვლავ ზემოთ მითითებული სამი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი მეთოდიკით უნდა შესრულდეს. სამივე ორგანიზაციის მიერ დადგენილი რისკის შეფასების მეთოდიკა მსგავსია იმ საკითხში, რომ დაავადების/მავნებლის რისკის შეფასება წარმოადგენს ყველა არსებული მონაცემებისა თუ ფაქტების ობიექტური განხილვისა და ანალიზის  მეცნიერულ პროცესს. მისი მიზანია დადგინდეს, თუ რა დაავადება არის კავშირში ამა თუ იმ სურსათთან; კონკრეტულად რა არის არის დაავადების მიზეზი/გამომწვევი; რა გზით თუ საშუალებით ვრცელდება იგი, რამდენად იოლად და ფართოდ, რამდენად საშიშია (რა ზიანის მოტანა შეუძლია); რა საშუალებებით არის მისი გავრცელების შეზღუდვა ან აღმოფხვრა შესაძლებელი. არსებითია, რომ ეს შეფასებები გაკეთდეს მიუკერძოებლად, ობიექტურად და შედეგები ყველა დაინტერესებული მხარისათვის (მათ შორის საზოგადოებისთვის) ხელმისაწვდომი იყოს.

შემდგომ, ამ ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების საფუძველზე, ქვეყანა ადგენს თავის სანიტარულ/ფიტოსანიტარულ ზომებს. ამ სტადიას ეწოდება რისკების მართვა. ის ეფუძნება რისკების შეფასებებისას მოპოვებულ ობიექტურ დასკვნებს და რეკომენდაციებს. მაგრამ ამა თუ იმ ზომის შერჩევა და დადგენა მხოლოდ მეცნიერების რჩევებზე ვერ იქნება დამოკიდებული. მართვისას მხედველობაში მიიღება სხვა გარემოებებიც - სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული. მათი გათვალისწინებით შეირჩევა ისეთი ზომა, რომელიც ამ კონკრეტულ ეტაპზე, ამ კონკრეტული ქვეყნისთვის მისაღებია. SPS შეთანხმება ითხოვს, რომ ყველა შემთხვევაში ქვეყნებმა შეარჩიონ ისეთი (ფიტო)სანიტარიული რეგულირების ზომები, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებად იქნება შემაფერხებელი ვაჭრობისთვის. ქვეყნის მიერ განხორციელებული ზომა ჩაითვლება ყველაზე ნაკლებად შემაფერხებლად ვაჭრობისთვის, თუკი არ არსებობს სხვა, ალტერნატიული ზომა, რომელიც ვაჭრობას ნაკლებად ზღუდავს და ამავე დროს, ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც მიუღებელი არ არის. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ იმპორტის ქვეყნის მიერ დაწესებული ამა თუ იმ შეზღუდვის გადასალახად ექსპორტიორ სახელმწიფოს შეუძლია  გამოიყენოს ის ფაქტი, რომ არსებობს სხვა ზომა, რომელიც ნაკლები ზიანის მომტანია ეკონომიკურად ან საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით (და ამიტომ ექსპორტიორი ქვეყნისთვის უფრო მისაღებია), და ამავე დროს, იგი სურსათის უვნებლობის იმავე  დონეს უზრუნველყოფს, რაც იმპორტის ქვეყანას დეკლარირებული აქვს. ამ საფუძვლით შეიძლება ექსპორტიორმა ქვეყანამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავათა განხილვის ორგანოს წინაშე ვაჭრობის შემაფერხებელი ზომის სხვა, ნაკლებად შემაფერხებელი ზომით ჩანაცვლების საკითხი დააყენოს.

თუმცა უფრო ხშირია ქვეყნების მიერ გატარებული განსხვავებული სანიტარული/ფიტოსანიტარული ზომების შედარების აუცილებლობა. ამ პროცედურისთვის SPS შეთანხმება კონკრეტულ მოთხოვნებს ადგენს. კერძოდ, იმპორტიორი ვალდებულია ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნით დაიწყოს შედარების პროცედურა. ის შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის მოთხოვნას, ან სურსათის უვნებლობის ინსპექტორების გაგზავნას ექსპორტიორ ქვეყანაში - ცხადია ამ უკანასკნელმა უნდა უზრუნველყოს ყველა ობიექტის, დოკუმენტის თუ ინფორმაციის სრული ხელმისაწვდომობა იმპორტიორი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის. ზომების შედარების ძირითადი კრიტერიუმი კი, როგორც აღვნიშნეთ, ამ ზომებით მიღწეული შედეგი - ამა თუ იმ დაავადების გავრცელების (რისკის) დონე უნდა იყოს.

აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ქვეყნები განსხვავდებიან თავიანთი მოსახლეობის (აგრეთვე ცხოველების/მცენარეების) ჯანმრთელობის დაცვის დონის მიხედვით. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ვერ დაავალდებულებს მათ რომ ეს დონე შეცვალონ - მეტად ან ნაკლებად იზრუნონ თავიანთი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ეს არჩევანი მთლიანად საკუთრივ ქვეყნისაა და მასში ვერავინ ჩაერევა. თუმცა გასაგებია, რომ რაც ნაკლებად ზრუნავს ხელისუფლება მოსახლეობის (აგრეთვე ცხოველების და მცენარეების) ჯანმრთელობაზე, მით ნაკლებად არის ქვეყანაში სურსათის უვნებლობა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ქვეყანას, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის უფრო მაღალი სტანდარტისკენ ისწრაფვის, სრული საფუძველი ექნება თავის ტერიტორიაზე ასეთი სურსათის იმპორტი შეზღუდოს.

გარდა ამისა,  სოციალური, კულტურული თუ ისტორიული განსხვავებების გამო ერთი და იმავე მიზნის (სურსათის უვნებლობის ერთი და იგივე დონის) მისაღწევად სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სანიტარულ/ფიტოსანიტარულ ზომებს მიმართავენ. როგორ უნდა დამტკიცდეს, რომ ეს ზომები ეკვივალენტურია? რომ მაგალითად ერთი ქვეყნის სახელმწიფო ინსპექტირება მეორეში შემოღებული კერძო სერტიფიცირების სისტემის ტოლფასია? იმისათვის, რომ ფორმალური განსხვავება სანიტარულ/ფიტოსანიტარულ ზომებს შორის არ გახდეს ქვეყნებს შორის ვაჭრობის შემაფერხებელი ფაქტორი, SPS შეთანხმებას შემოაქვს „საერთო მაჩვენებელი“, რომლითაც ეს სხვადასვა ზომები ერთმანეთს უნდა შედარდეს. ეს არის ამ ზომებით მიღწეული შედეგი - სურსათათან დაკავშირებული ამა თუ იმ დაავადების რისკის დონე (უხეშად რომ ვთქვათ - ადამიანის ან ცხოველების ან მცენარეების დაავადებათა/მავნებლების  სიხშირე ან გავრცელებულობა) ქვეყანაში. SPS შეთანხმების ტერმინოლოგიით ამას ეწოდება „სანიტარიული/ფიტოსანიტარიული დაცვის სათანადო დონე[**] (შემდგომში ALOP) - ანუ დაცვის ის დონე, რომელიც სანიტარიული ან ფიტოსანიტარიული ზომების დამწესებელ ქვეყანას მიაჩნია სათანადოდ მის ტერიტორიაზე ადამიანთა, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვით უნდა მოხდეს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სანიტარული/ფიტოსანიტარული ზომების შედარება და თუ იგი ერთნაირი აღმოჩნდა, მაშინ ერთ ქვეყანაში წარმოებულ სურსათს მეორეში შესვლისას დაბრკოლება არ უნდა შეექმნას.

აქ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი რამ: დაავადებების რისკი არასოდეს არის ნული. არ შეიძლება ქვეყანამ განაცხადოს, რომ მისთვის მისაღები სასურსათო რისკები ნულის ტოლია და ამ მიზეზით აკრძალოს სხვა ქვეყნებიდან სურსათის შემოტანა. ქვეყნის მიერ დადგენილი ALOP დონე უნდა იყოს მიღწევადი - ქვეყანას უნდა შეეძლოს იმის დემონსტრირება, რომ მისი საკუთარი სანიტარული/ფიტოსანიტარული ზომები რისკის ამ დაბალ დონეს უზრუნველყოფს.  

გარდა ამისა, ამა თუ იმ საფრთხის თაობაზე მეცნიერული აზრის ერთსულოვნების მიღწევას ხშირად საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. რა ხდება, სანამ ის მიღწეული არ არის? ასეთ შემთხვევებში SPS შეთანხმება აძლევს ქვეყნებს უფლებას, შემოიღოს დროებითი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, იმ პირობით, რომ იგი არ დაიშურებს მცდელობას დამატებითი სამეცნიერო მონაცემების მოსაპოვებლად, რისკის უფრო ზუსტად და ობიექტურად შეფასების მიზნით. ანუ, დროებითი ზომების გამართლებისათვის ქვეყანამ უნდა დაგეგმოს და ახორციელოს კვლევები მათი ადექვატურობის მეცნიერულად შემოწმებისათვის.

ყველა შემთხვევაში ქვეყანა ვალდებულია გამოაქვეყნოს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამდივნოს მიაწოდოს თავისი სანიტარული/ფიტოსანიტარული ზომების აღწერა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ზომები საერთაშორისო სტანდარტებისგან განსხვავებულია, ქვეყანა ვალდებულია WTO-ს წევრებს მის შესახებ ადრეულ სტადიაზე, მის მიღებამდე[***] აცნობოს (WTO-ს სამდივნოს საშუალებით) და მათი დაინტერესების  შემთხვევაში აგრეთვე მიაწოდოს შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი, მისცეს საკმარისი დრო მის განსახილველად, მიიღოს მათგან შენიშვნები, განიხილოს და სათანადოდ გაითვალისწინოს ისინი.

 

[*] ამის პარალელურად ცხადია მოქმედებს ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების აღკვეთის ზოგადი პრინციპები - რომ ერთნაირი მოთხოვნები იყოს წაყენებული ეროვნული და იმპორტირებული საქონლისთვის და არ ჰქონდეს ადგილი რომელიმე უცხო ქვეყნის ნაწარმის დისკრიმინაციას სხვებთან შედარებით.

[**] Appropriate level of sanitary or phytosanitary protection, ხშირად ლიტერატურაში მოიხსენიება მოკლედ -  Appropriate level of protection. იგივეა რაც რისკის მისაღები დონე (Acceptable level of risk).

[***] გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ამ ზომის სასწრაფოდ მიღებაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში დაშვებულია WTO წევრებისათვის შეტყობინების გაგზავნა არა წინასწარ, არამედ ზომის მიღებისთანავე.