2023 წელს დაგეგმილია მცენარეთა ერთი კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ დადგენილი ზომების ამსახველი აქტის გადმოტანა - ეს არის 2004/200/EC გადაწყვეტილება, რომელიც წიწაკის მოზაიკური ვირუსის წინააღმდეგ მიმართული ზომებს ადგენს.
2023 წელს დაგეგმილია ქართულ კანონმდებლობაში იმ დირექტივების ქვენორმატიული აქტების ნაწილის გადმოტანა, რომელიც 2019-2020 წლებში იქნა მიღებული. კერძოდ, ამ აქტებით დადგინდება ხეხილის თესლის მომწოდებელთა ზედამხედველობის წესები და მოთხოვნები ხეხილის ჯიშების სანერგე მასალისადმი (დირექტივები 93/64/EEC და 93/79/EEC), დაკონკრეტდება მოთხოვნები დეკორატიული მცენარეების სანერგე მასალისადმი, მათი ეტიკეტისადმი და ჯიშების ნაირსახეობების შენარჩუნებისადმი (დირექტივები 93/49/EEC, 1999/66/EC და 1999/68/EC), დაწესდება დამატებითი მოთხოვნები და დროებითი წესები ცხოველის საკვები ბალახის და ზეთოვანი და ბოჭკოვანი მცენარეების თესლებისადმი (დირექტივა 2008/124/EC და გადაწყვეტილებები 2009/109/EC და 2012/340/EU), აგრეთვე გამონაკლისი ბუნებრივ გარემოში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები ბალახის თესლების ნარევისთვის (დირექტივა 2010/60/EU).
2023 წელს სრულდება პესტიციდების/შხამქიმიკატების მარეგულირებელი ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. ამ წელს დაგეგმილია ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი აქტის, 1107/2009 რეგულაციის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც ადგენს შხამქიმიკატების ბაზარზე განთავსების ძირითად პრინციპებს და წესებს. ამ რეგულაციის აღმასრულებელი რეგულაციები საქართველოს კანონმდებლობაში მანამდე, 2018-2022 წლებში უნდა იყოს გადმოტანილი. გარდა ამისა, 2017-2018 წლიდან საქართველოში უნდა ხორციელდებოდეს სასურსათო პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენების სახელმწიფო მონიტორინგი (იხ. სურსათის დაბინძურების რეგულირება).