Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0008 466720 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



კონკურენციის დაცვა საქართველოში
 
ბოლო განახლება: 2019-01-01

იხ.: რატომ არის საჭირო კონკურენციის დაცვა

კონკურენციის დაცვის საერთაშორისო ნორმები

კონკურენციის დაცვა ევროკავშირში

კონკურენციის დაცვა, ანუ ბაზარზე სამართლიანი ღია, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის მოწესრიგება ასოცირების შეთანხმების დადების წინაპირობას წარმოადგენდა. ამ მიმართულებით ქართული კანონმდებლობა ევროპულთან შესაბამისობაში ძირითადად 2014 წელს, ასოცირების შეთანხმების დადებამდე მოვიდა. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მთავარი ვალდებულება კი ამ კონკურენციის დაცვის სისტემის ეფექტური ფუნქციონიებაა.

2018 წლის მდგომარეობით, კონკურენციის დაცვის ევროკავშირის კანონმდებლობა საქართველოში ძირითადად გადმოტანილია. აგრეთვე შექმნილია და ფუნქციონირებს კონკურენციის სააგენტოც. თუმცა, საქართველოს კონკურენციის დაცვის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჯერ კიდევ არ არის. კერძოდ, ძირითადი ნაკლოვანებებია:

  1. კონკურენციის სააგენტოს არ აქვს საწარმოთა კონცენტრაციის ეფექტური კონტროლის საშუალება. კერძოდ:

    • კანონით არ არის გათვალისწინებული რაიმე სანქცია კონცენტრაციის წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელების შემთხვევაში, ან სააგენტოს დასკვნის არ-დალოდების, ან სააგენტოს უარყოფითი დასკვნის უგულებელყოფის შემთხვევაში.

    • არ არსებობს პროცედურები კონკურენციის სააგენტოს დასკვნის გარეშე კონცენტრაციის ეფექტური პრევენციისათვის. მართალია საჯარო რეესტრს, მეწარმეთა გაერთიანების რეგისტრაციისას, ევალება სააგენტოს მიერ გამოცემული უარყოფითი დასკვნის გათვალისწინება, თუმცა, დიდი ალბათობით, მას არასოდეს მოუთხოვია კონცენტრაციის მხარეებისათვის სააგენტოს შეფასების წარდგენა.

    • საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ძალიან მცირე ვადა აქვს მისთვის შეტყობინებული კონცენტრაციების შესასწავლად და შესაფასებლად (1 თვე, რომელიც საქმის სირთულიდან გამომდინარე კიდევ 2 კვირით შეიძლება გაგრძელდეს. ამ ვადაში სააგენტოს მხრიდან შეტყობინებულ კონცენტრაციაზე პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ითვლება), რაც საქმის სრულყოფილი ანალიზისათვის საკმარისი დრო არ არის, განსაკუთრებით კი რთული კონცენტრაციების შემთხვევაში.  

  2. კონკურენციის სააგენტოს არასათანადო უფლებამოსილება გააჩნია კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებისათვის. კერძოდ, მას არ აქვს კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლება ეკონომიკური აგენტების სასამართლოს წინასწარი თანხმობით გარეშე შემოწმებისათვის. ასეთი შემოწმებების გარეშე კი კარტელების გამოვლენა შეუძლებელია.

  3. საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებული  ჯარიმების ოდენობა მცირეა ევროკავშირთან შედარებით. კერძოდ:

    • საქართველოში კარტელის შექმნისათვის ან დომინანტური მდგომარეობის  ბოროტად გამოყენებისათვის შეიძლება ეკონომიკურ აგენტებს დაეკისროთ მათი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 5%-მდე ჯარიმა, მაშინ როდესაც ევროკავშირში ჯარიმების ზედა ზღვარი წლიური ბრუნვის 10%-ა.

    • საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, განსხვავებით ევროკავშირის კონკურენციის ორგანოსაგან, არ აქვს უფლება პერიოდული (ყოველდღიური) ჯარიმები დაუწესოს ეკონომიკურ აგენტებს მათი შესაბამისი (დღიური) ბრუნვის 1-5 პროცენტამდე, რათა ისინი აიძულოს დაემორჩილოს კონკურენციის ორგანოს გადაწყვეტილებას.

  4. საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის ხანდაზმულობის ვადები უფრო მცირეა, ვიდრე ევროკავშირში. კერძოდ, საქართველოში ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, რომლის ათვლა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან იწყება. ევროკავშირში კი ხანდაზმულობის ვადა 5 წელია, რომელიც სამართალდარღვევის დასრულების/შეწყვეტის მომენტიდან აითვლება.

წყარო: სოლომონ მენაბდიშვილი, საქართველოს კონკურენციის სამართლის შესაბამისობა ევროკავშირის კონკურენციის  სამართლის ნორმებთან, 2018;

წინაისტორია

საქართველოში ანტიმონოპოლიური რეგულირება ჯერ კიდევ 1992 წელს იქნა შემოღებული. ამავე პერიოდიდან ამოქმედდა ანტიმონოპოლიური სამსახური, ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში. 1996 წელს მიღებულ იქნა კანონი „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“, 1996 - 2002 წლებში კი - მთელი რიგი ამ კანონის ქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც ანტიმონოპოლიური კონტროლის რეალურად განხორციელებას ემსახურებოდა[1]. 1997 წლიდან ანტიმონოპოლური სამსახური ეკონომიკის სამინისტროსგან დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებდა. თუმცა, ვინაიდან „საზოგადოებაში არსებობდა განცდა ... ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობაში  კორუფციის მაღალი რისკის შესახებ“[2], 2005 წელს მოხდა სფეროს ძირეული რეფორმა: მთელი არსებული კანონმდებლობა გაუქმდა[3] და ჩანაცვლდა კანონით „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, რომელიც ეხებოდა კონკურენციის დარღვევის მხოლოდ ერთ ფორმას - სახელმწიფო დახმარებებს. აგრეთვე გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური  და სანაცვლოდ შეიქმნა მცირე (7 კაციანი) “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო”, მკვეთრად შეზღუდული ფუნქციებით. როგორც 2010 წლის კონკურენციის სტრატეგიაშია აღნიშნული, ეს ზომები მიღებული იყო დროებით, გარდამავალი პერიოდისთვის და ხელისუფლებას მისი მალე შეცვლის აუცილებლობა გააზრებული ჰქონდა. თუმცა რეალურად კანონი მხოლოდ 2012 წელს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების ფონზე შეიცვალა.

კონკურენციის დაცვა, ანუ სამართლიანი ღია, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის მოწესრიგება ასოცირების ხელშეკრულების დადების წინაპირობას წარმოადგენდა.

2010 წელს საქართველომ მოამზადა და დაამტკიცა „კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია“, რომელიც 2010-11 წლებში კონკურენციის კანონმდებლობის ცვლილებას და „ევროკავშირის და საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკასთან“ შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა. 2011 წლის განმავლობაში მართლაც მომზადდა ახალი კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ და 2012 წლის 8 მაისს იგი პარლამენტმა მიიღო კიდეც. თუმცა ახალი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ რეგულირების სფერო გაფართოვდა და მოიცავდა არა მხოლოდ სახელმწიფო დახმარებებს, არამედ თავისუფალი კონკურენციის დარღვევის სხვა ფორმებსაც, რეალურ მექანიზმებს მათი რეგულირებისთვის  კვლავ არ შეიცავდა.

2011 წლის დეკემბერში შეიქმნა ახალი სსიპ „კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“ (ფაქტიურად არაქმედუნარიანი ორგანოს - „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს“ და „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ შერწყმის შედეგად). კონკურენციის სფეროში ამ ახალი სააგენტოს ფუნქციონირების ფარგლები უნდა დადგენილიყო მთავრობის მიერ განსაზღვრული  „პრიორიტეტული სფეროებით“. ამ ჩარჩოებს გარეთ რაიმე საკითხის განხილვის უფლება სააგენტოს არ გააჩნდა. თუმცა მთავრობას ეს სფეროები არ დაუდგენია. შესაბამისად, სააგენტო ფაქტობრივად უფუნქციო იყო.

სიტუაცია შეიცვალა 2012 წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შედეგად. ახალმა მთავრობამ თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად კონკურენციის პოლიტიკის გააქტიურება მიიჩნია. სამთავრობო პროგრამის მიხედვით „განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშემწყობი პოლიტიკა“ ამასთან „მნიშვნელოვნად გაიზრდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური გარიგებების კონტროლის არეალი“. აღნიშნული მიზნების მიღწევას პროგრამა გეგმავს რეალურად დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბებით, რომელსაც „მიენიჭება ბაზრის მონიტორინგის ფუნქცია, რაც შესაბამისი კვლევების განხორციელებას გულისხმობს“.

2013 წლის განმავლობაში უპირველეს პრიორიტეტად საქართველოს მთავრობამ არსებული საკანონმდებლო ბაზის რეფორმირება დაასახელა. იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს მიღებული კანონი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, აუცილებელი იყო მისი ცვლილება ისე, რომ კანონი საერთაშორისო სტანდარტების/მოთხოვნებთან დაახლოებულიყო და მისი საშუალებით შესაძლებელი გამხდარიყო „თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე სახელმწიფოს მიერ რეალური, ქმედითი ზედამხედველობის განხორციელება. 2013 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების კანონპროექტი. მისი საჯარო განხილვები რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, კანონის ცვლილებები მიღებული იქნა 2014 წლის 21 მარტს და ამოქმედდა 2014 წლის 31 მარტიდან.

2014 წლის ცვლილებებით საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობაში გადმოტანილი იქნა ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ყველა ძირითადი დებულება (იხ. კანონის საბოლოო, კონსოლიდირებული ვერსია). 2014 წლის 14 აპრილს შეიქმნა კონკურენციის სააგენტოც. 2014 წლის განმავლობაში, შესაბამის ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სააგენტომ მოამზადა და დაამტკიცა მისი ეფექტური მუშაობისთვის საჭირო დებულებები და 2015 წლიდან შეუდგა ბაზრის კვლევას კონკურენციის შესაძლო დარღვევების ფაქტების გამოსავლენად. 2015 წლის განმავლობაში სააგენტომ 12 საქმე გამოიკვლია, მათ შორის ისეთი რეზონანსული, როგორიცაა სავარაუდო კარტელური შეთანხმება საავტომობილო საწვავის მომწოდებლებს შორის. სააგენტოს მიერ განხორციელებული კვლევების შედეგების მოკლე რეზიუმეები გამოქვეყნებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე.

წყარო: ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ზემოქმედება ქართველ მომხმარებლებზე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, 2015 წ.

----------------------------------

[1] ესენია მაგალითად:

  1. ბრძანებულება ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეგულირების თაობაზე;
  2. ეკონომიკური აგენტის მონოპოლიური მდგომარეობის განსაზღვრის მეთოდიკა;
  3. ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელების ინსტრუქცია;
  4. ანტიმონოპოლიური საბჭოს დებულება;
  5. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საბჭოს დებულება;
  6. დებულება მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ.

[2] ციტატა „კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიიდან“. თავი 1, მუხლი 1.1.

[3] გარდა სექტორული კანონმდებლობისა, როგორიცაა ენერგეტიკა, კომუნიკაციები და საფინანსო სექტორი.

[4] მიმწოდებლისთვის ეს არის ბაზარი, რომელზეც იგი ყიდის პროდუქციას, მყიდველისთვის - ბაზარი, რომელზეც იგი ყიდულობს პროდუქციას. ორივე შემთხვევაში იგულისხმება იმ პროდუქტების ბაზარი, რომელიც პროდუქტის შემსყიდველების მიერ ურთიერთჩანაცვლებად საქონლად მიიჩნევა, და იმ გეოგრაფიულ ჩარჩოებში, რომელშიც ხელშეკრულების მხარეები ოპერირებენ (იხ. Commission Notice on the Definition of Relevant Market for the Purposes of Community Competition Law)

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა

პასუხისმგებელი ორგანოები:

სააგენტოს მიერ მომზადებული განმარტებები და სახელმძღვანელოები: